სოსო ჯაჭვლიანი: "შე დალოცვილო პროკურატურავ, ხალხს რატომ აგიჟებ და აცოფებ?! რას ქვია უგულავას გამოსვლა და შებრუნება?!"
"პრკურატურაში ძალიან დიდი ლუფტია"
"ვნატრობ, საქართველოში ისეთი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელსაც არ შეეშინდება საკუთარი შეცდომის აღიარება"
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გაათავისუფლეს (ფოტოგალერეა). ამ ფაქტის შეფასება "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს ვთხოვეთ:
- ნებისმიერი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა გიგი იქნება, პეტრე თუ პავლე, ყველა უნდა დაისაჯოს თუ დამნაშავეა, ხოლო თუ უდანაშაულოა აუცილებლად გარეთ უნდა გამოვიდეს. უგულავა იყო ეჭვმიტანილი და 9 თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, თუ ამდენი ხნის განმავლობაში იმ ჩამონათვალიდან, რასაც ედავებოდნენ (ლაპარაკია საკმაოდ მძიმე ბრალდებებეზე), ვერ უმტკიცებენ, გამოდის, რომ პრკურატურაში ძალიან დიდი ლუფტია. როგორც ჩანს, პროკურატურა ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა
ისე, რადგან ახლა გამოვიდა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და შეიძლება ისევ შებრუნდეს. შე დალოცვილო პროკურატურავ, ასე რატომ აკეთებ? ხალხს რატომ აგიჟებ და აცოფებ?! რას ქვია გამოსვლა და შებრუნება?! 9 თვე გქონდათ ადამიანის ბრალის დასამტკიცებლად და ვერაფერი გააკეთეთ და ახლა ამ ერთი დღის გამო აგიჟებთ ადამიანებს?! არ შეიძლება ასეთ რყევაში და აურზაურში ამყოფო საზოგადოება და თან ამ განცხადებებით ცეცხლზე ნავთი დაასხა. ვიმეორებ, უდანაშაულო ყველა უნდა გათავისუფლდეს, ხოლო დამნაშავე აუცილებად დაისაჯოს. ჩემი შვილი რომ იყოს დამნაშავე, ხოლო მე ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე ვიჯდე, პირველს იმას დავსჯიდი, რადგან სხვანაირად ჩემი ნდობა არავის ექნება, ხოლო მერე მიხვდებიან და იტყვიან, აი, რა სამართლიანია, საკუთარი შვილიც კი დაიჭირაო. ასეთ დროს ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, ეკონომიურ კრიზისსაც კი, მთავარია შენში სიმართლე დაინახონ.
ისე, აჯობებს მოვლენებს ნუ გავსუწრებთ. მე იურისპუნდენციაში დილეტანტი ვარ და ის, რასაც ვამბობ, მხოლოდ ლოგიკური ჯაჭვია. ძველად სვანეთში როცა საქმე ირჩეოდა, იმ გარჩევას ბევრი საერთო აქვს დღევანდელ სასამართლოსთან, უბრალოდ მაშინ მორალზე იყო ბევრი რამე დაფუძნებული და დღეს - კანონზეა. თუ ხედავ, რომ 9 თვის განმავლობაში ვერ ახერხებ იმ ბრალდების დადასტურებას, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგე საკითხს, თუ ვერ აკეთებ ესე იგი სუსტი ხარ და უნდა გეყოს ვაჟკაცობა ამის აღიარების და ისეთს უნდა დაუთმო ადგილი, ვინც ამას შეძლებს.
- საზოგადოების ერთ-ერთი დაკვეთა 2012 წლის არჩევნებზე ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა იყო, რაც რეალურად ვერ შესრულდა. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია ამის ფონზე რა შანსი აქვს "ქართულ ოცნებას" 2016 წლის არჩევნებზე?
- ეკონომიკურ კრიზისს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. უამრავი გარე ფაქტორი მოქმედებს, რაც ამ შედეგს იწვევს. ამით თავს კი არ ვიმართლებს, უბრალოდ რეალობას ვამბობ. ვფიქრობ, რომ შესაბამისი ადამიანები უნდა გამოვიდნენ და ეს ნიუანსი ახსნან, რათა ხალხმა გაიგოს თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება. გულწრფელად რომ გითხრათ, ვნატრობ, საქართველოში ისეთი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელსაც არ შეეშინდება საკუთარი შეცდომის აღიარება, არ მოერიდება იმის თქმა - იცი, ეს რასაც დაგპირდი ვერ შევასრულე და მოდი, ახლა სხვამ სცადოსო, თუ ის სხვა პოპულისტი აღმოჩნდება და ვერაფერს ვერ შეასრულებს, მერე უფრო იოლად აგირჩევს ხალხი.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)