ბარიში აფხაზმა ჩინოვნიკებმა თავი რუს ტურისტებად გაასაღეს - იტალიაში აფხაზური ავანტიურა დასრულებულია - კვირის პალიტრა

ბარიში აფხაზმა ჩინოვნიკებმა თავი რუს ტურისტებად გაასაღეს - იტალიაში აფხაზური ავანტიურა დასრულებულია

18 სექტემბერს, დილით იტალიის ქალაქ ბარიშიFiera del Levante-ს გამოფენაზე საბოლოდ დასრულდა აფხაზური ავანტიურა.

როგორც kvirispalitra.ge რამდენიმე დღის წინ წერდა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ოფიციალურმა დელეგაციამ, თავიანთ კერძო ვიზიტს, მოტყუებით ოფიციალური სახე მისცა და აღნიშნულ გამოფენაზე წარდგა როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

რომში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირებისთანავე, რუსულ პასპორტებს ამოფარებულმა აფხაზეთის თვითმარქვია მთავრობის რამდენიმე ჩინოვნიკმა სტენდის მუშაობა გახსნიდან მესამე დღეს შეაჩერა, ხოლო მეხუთე დღეს სტენდი გამოფენიდან მოიხსნა.

როგორც საქართველოს საელჩოში განგვიცხადეს, ისინი ფაქტის გამომჟღავნებისთანავე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ადგილობრივ თუ ცენტრალურ უწყებებთან.

რთული აღმოჩნდა სტენდის გახსნამდე მისი პრევენცია, ვინაიდან ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა არა აფხაზური დელეგაციის რანგში, არამედ როგორც რუსი ტურისტები, რუსული პასპორტებითა და შენგენის ტურისტული ვიზებით, რომლებიც იტალიის საელჩოს მიერ გაცემული არ ყოფილა. გამოფენის ადმინისტრაციასთანაც ფართის ქირაობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს როგორც კერძო მეწარმეებმა, რაშიც გადაიხადეს 2000 ევრო და სტენდისთვის ნებისმიერი სახელის დარქმევა შეეძლოთ.

საქართველოს საელჩოს და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იტალიის ყველა რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სავაჭრო სამრეწველო პალატების წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ინფორმირებული ჰყავს მსგავსი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, პრევენცია რთულდება, როდესაც კონტრაქტი მოტყუებით ფორმდება. საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, როგორც კი გამოფენის პრეზიდენტი შექმნილი სიტუაციის არსში გაერკვა, მაშინვე შეაჩერა დახლის ფუნქციონირება და მოგვიანებით მისი დემონტაჟიც მოხდა. აფხაზები მიხვდნენ, რომ თვალთმაქცობას აზრი აღარ ჰქონდა და გამოფენა დატოვეს.

ნინო მამუკაძე

სპეციალურად საიტისათვის იტალიიდან