"უგულავას კარგა ხნით ჩააყუდებენ... იმედია, ამ სატანა "ნაციონალებს" ბოლოს და ბოლოს მოვიშორებთ!"
"ქართველს ოღონდაც ასვი, აჭამე და აქეიფე"
"სახტად დავრჩი, როდესაც დავინახე სასამართლოდან დროებით გამოშვეულ უგულავას რამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა. ვინ არიან, რა ჯურის ხალხია, გამაგებინეთ, ნუთუ უკვე დაავიწყდათ სააკაშვილი რამდენ ბოროტებას სჩადიოდა?"
"კარგის იმედი იმიტომ მაქვს, რომ ქართველი ხალხი გადამწყვეტ მომენტში მაინც სწორ გადაწყვეტილებას იღებს და მომავალ არჩევნებსაც იმედიანად ვუყურებ. იმედია, ამ სატანა "ნაციონალებს" ბოლოს და ბოლოს მოვიშორებთ!" - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ცნობილი რეჟიოსრი გიორგი შენგელაია გვესაუბრება.
- ბატონო გიორგი, როგორ შეფასებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას?
- რასაკვირველია, არ მომწონს ქვეყანაში რაც დღეს ხდება. მართალია ყველას მობეზრდა უკვე სააკაშვილის ლანძღვა, მაგრამ ყველაფერში ისევ წინა ხელისუფლებაა დამნაშავე. მე საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, რომელიც ვითხოვ მათ მიმართ მკაცრი ზომების გატარებას... იმ ხალხის მიმართაც მაქვს მოთხოვნა, რომელიც დღეს ასე უტუფრად იქცევა და ისევ "ნაციონალებს" უჭერს მხარს. ეს იმის ბრალია, რომ ახალ თაობას მხოლოდ კომპიუტერს და ათას სისულელეს ასწავლიან. არ იციან რა არის საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიტიკური აზროვნება, საერთოდ რას ნიშნავს არჩევნები, ვის უნდა მისცე ხმა, ვინ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას და ვინ - არა.
ბოლო დღეებში ხალხის დამოკიდებულება განსაკუთრებულად გამოჩნდა. სახტად დავრჩი, როდესაც დავინახე სასამართლოდან დროებით გამოშვეულ უგულავას რამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა. ვინ არიან, რა ჯურის ხალხია, გამაგებინეთ, ნუთუ უკვე დაავიწყდათ სააკაშვილი რამდენ ბოროტებას სჩადიოდა? ქართველს ოღონდაც ასვი, აჭამე და აქეიფე. ილიას აქვს ნათქვამი, რომელიც მეც გამოვიყენე ფილმში, - "ქართველს ვეკითხები რა გინდაო და მპასუხობს – სიცოცხლე, გავიარ-გამოვიარო და მზეს და მთვარეს შევხედოო". ასეთებად დარჩენ დღესაც ქართველები!
არადა, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს რა უნივერსიტეტი გვქონდა, ივანე ჯავახიშვილი, კოტე ბაქრაძე და სხვა ასეთი კორიფეები... სად არის ახლა ასეთი ხალხი? - მასიური კულტურის ეპოქაში გადავხტით, სადაც ყველაფერი აიფონებშია, რაც ბავშვებსაც ხელში უჭირავთ. ჩემი ასაკის კაცს ძალიან დიდი სინანული ეუფლება, როცა ირგვლივ ასეთ სურათს ხედავს. საზოგადოება ხომ უტიფარია, მაგრამ ვერ ვხედავ კარგი ახალგაზრდობა მოდიოდეს. ამ სატანა სააკაშვილმა სულ მოშალა საგანმანათლებლო სისტემა, დიღომში ვცხოვრობ კაცი, ფაქტობრივად, სოფელში და ბავშვებს მშობლიური ლიტერატურა არ აქვთ წაკითხული. გოგებაშვილიც კი არ იციან, აი, ასეთ შავ დღეში ვართ!
- მართლა ასე უიმედოდაა საქმე?
- რა ვქნა, ოპტიმისტი ვარ და მაინც კარგის იმედი მაქვს. ბევრი რამ და მათ შორის ლარის გაუფასურებაც გარეშე მიზეზებით ხდება, ცხოვრება თაფლი და კარაქი არ არის, ზოგჯერ გაჭირვებაცაა. ევროპის კარგ ქვეყნებშიც გვგონია, რომ სულ თაფლი და კარაქია, მაგრამ არც იქ არის ეგრე... კარგის იმედი იმიტომ მაქვს, რომ ქართველი ხალხი გადამწყვეტ მომენტში მაინც სწორ გადაწყვეტილებას იღებს და მომავალ არჩევნებსაც იმედიანად ვუყურებ. იმედია, ამ სატანა "ნაციოანლებს" ბოლოს და ბოლოს მოვიშორებთ. გიგი უგულავას კი იმდენი დანაშაული აქვს, კარგა ხნით ჩააყუდებენ!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)