ქართველი გოგონას "ხმა" თურქეთიდან - კვირის პალიტრა

ქართველი გოგონას "ხმა" თურქეთიდან

"იმ თემებზე, რაზეც თურქეთში ვსაუბრობ ახალგაზრდობასთან, საქართველოში არ ვისაუბრებ"

24 წლის მარიამ გაფრინდაშვილი თურქეთის ქართულენოვანი რადიოს ჟურნალისტია, აქვს საავტორო გადაცემა, სწავლობს ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. დღეს იგი ჩვენი რუბრიკის სტუმარია.

- მაგისტრატურის ბოლო კურსზე ვსწავლობ ანკარის უნივერსიტეტში, თანამედროვე თურქული ლიტერატურის განხრით. თავიდან რთული იყო, მაგრამ ახლა აკადემიურ დონეზე ვფლობ ამ ენას. ალბათ, ამიტომ თურქეთის სახელმწიფო tVt რადიოს ქართულენოვანმა განყოფილებამ შემომთავაზა, მქონოდა საავტორო გადაცემა ლიტერატურაზე. რადიოში - "თურქეთის ხმა" - მაქვს საავტორო გადაცემა, სახელწოდებით "ლიტერატურა ჩაის თანხლებით". მისი წამყვანი ჩემი კოლეგა ლელა გაჩეჩილაძეა. გადაცემაში საუბარია თურქი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ვამახვილებთ ისეთ მწერლებზე, რომლებიც რაღაცით იყვნენ დაკავშირებული საქართველოსთან.

"თურქებში ვაჟიშვილის შეძენას დიდი მნიშვნელობა აქვს. თაობებით მოსდგამთ, რომ უცხოელების საშუალებით ჯიში გაილამაზონ"

- რამდენი ქართველი მუშაობთ რადიოში?

- ხუთი. რადიოს მსმენელები თურქეთში მცხოვრები ქართველები და ე.წ. გურჯები არიან, რომლებმაც დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა. მათი უმრავლესობა აჭარულ დიალექტზე საუბრობს.

- როგორც ვიცი, მსურველებისთვის თურქულ სკოლებში ქართული ენის გაკვეთილები ტარდება...

- ეს პროგრამა დამტკიცდა, თუმცა, მის განხორციელებას დრო სჭირდება...

ქალაქ იალოვასთან ახლოს, სოფელ თეშვიქიეში გახლდით, სადაც სულ ქართველები ცხოვრობენ. ყველა ოჯახს უნდოდა, გაგვმასპინძლებოდა. იქაურ ახალგაზრდებსაც სურთ, ქართული ენა კარგად ისწავლონ, მაგრამ მასწავლებელი არ ჰყავთ.

- ალბათ, ძნელი იყო უცხო ქვეყანაში დამკვიდრება...

- თავდაპირველად სტუდქალაქში ვცხოვრობდი, ოთახში 8 გოგო ვიყავით. მოგვიანებით ბინა ვიქირავე. 1 წელი ირანელ დებთან ერთად ვცხოვრობდი. თეირანიდან იყვნენ. ერთი და მუსლიმი იყო, მეორე - მაზდეანი, თითქმის გამქრალი რელიგიის მიმდევარი. ძაAლიან გაუკვირდა, V საუკუნეში ჩვენი შუშანიკ დედოფლის წამების ამბავი რომ ვუამბე.

ახლა რაკი ხელფასიც მაქვს და სტიპენდიაც, მარტო ვცხოვრობ. თავი გამაქვს.

- მუსლიმურ სახელმწიფოში გასათხოვარი ქალის მარტო ცხოვრება პრობლემა არ არის?

- დიდ ქალაქებში - არა. ანკარა ევროპული ქალაქია და აქ ეს პრობლემა არ არის. მყავს თურქი მეგობრებიც. თურქეთში უფრო ნაკითხი ახალგაზრდობა ჰყავთ, ვიდრე ჩვენ. იმ თემებზე, რაზეც თურქეთში ვსაუბრობ ახალგაზრდობასთან, საქართველოში არ ვისაუბრებ, ამის არც გარემოა და არც საჭიროება. ეს კი გულს მტკენს. ანკარაში საჯარო ბიბლიოთეკაში რომ შეაღწიო, 2 საათი მაინც უნდა იდგე რიგში. სხვათა შორის, როგორც უცხოელი, შევედი საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორთან და ვთხოვე, ჩემთვის ისეთი ბარათი მოეცა, რომელშიც ჩემი უცხოელობა იქნებოდა აღნიშნული. ბარათი დამიმზადეს. პატივს მცემენ, რადგან მათ ლიტერატურას ვსწავლობ და ქართველებს ვაცნობ.

ამას წინათ გავიგე, რომ იტალიაში 90 წლის იტალიელი ქართველოლოგი გარდაცვლილა. მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა, მის შესახებ კი თითო-ოროლა ქართველმა თუ იცის. თურქები კი განსაკუთრებულ პატივს სცემენ ყველას, ვინც მათ კულტურას, ლიტერატურას სწავლობს.

ჩვენგან განსხვავებით, თურქებს სტუდქალაქები მოწესრიგებული აქვთ. ანკარაში ოცდაათამდე სტუდქალაქია. 5-მილიონიან ქალაქში ბინის ქირის გადასახადი ძვირია და ბუნებრივია, სტუდქალაქები ყოველთვის გადაჭედილია. ქალაქი დიდია, ამიტომ სულ საცობებია, მეტრო კი მოსახერხებელი, თან იაფი ტრანსპორტია, თუმცა, ხანდახან პიკის საათებში იქ ჩასვლაც ჭირს.

- როგორი თაყვანისმცემლები არიან თურქი მამაკაცები?

- ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა თურქეთში სხვანაირია. მაგალითად, თუ გოგოსა და ბიჭს უყვართ ერთმანეთი, ისინი ეკუთვნიან ერთმანეთს და მხოლოდ ბიჭის ნებართვით შეუძლია გოგოს, სადმე წავიდეს და პირიქით.

ასე მათი ურთიერთობა დიდხანს ვერ გრძელდება. ვისაც ევროპული განათლება აქვს, უპირატესობას უფრო თავისუფალ ურთიერთობას ანიჭებს.

მეჩვენება, რომ ისე მოჰბეზრდათ თურქ ბიჭებს თურქი გოგონების ეჭვიანი დამოკიდებულება, რომ ურჩევნიათ ჰყავდეთ უცხოელი ცოლები და მათთან უფრო თავისუფლად იცხოვრონ. თურქებში ვაჟიშვილის შეძენას დიდი მნიშვნელობა აქვს. თაობებით მოსდგამთ, რომ უცხოელების საშუალებით ჯიში გაილამაზონ. ამიტომ მათი გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა, თან - უკეთესობისკენ.

მართალია, ეს ანთროპოლოგების გასარჩევი საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ჩემს ემოციებსა და შთაბეჭდილებას გიზიარებთ. ბევრი თურქი დღესაც გეტყვით, რომ მისი ბებია ან ბებიის ბებია იყო იუგოსლავიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, ბევრი იტყვის, ქართველი წინაპარი მყავდაო. ამ ტრადიციას დღემდე ერთგულობენ.

- წელს მაგისტრატურას ამთავრებთ. მერე რა გეგმები გაქვთ?

- მთავაზობენ, რომ დოქტორის ხარისხზეც ამ უნივერსიტეტში ვიზრუნო.

ეკა სალაღაია