"ბავშვური ოცნებებით გაჟღენთილი ტექსტები გამგებლებს უნდა დაურიგდეთ..."
"ნოდარ დუმბაძის მუზეუმში ასვლა ზოგს იმიტომ მოსწონს, რომ იქ თურმე "მაგარი პლანი იჩითება"
ჩოხატაურის რაიონში, ნოდარ დუმბაძის მშობლიურ სოფელ ხიდისთავში, მოზარდებთან შეხვედრის შემდეგ სამუდამოდ გაცამტვერდა ერთი ძველი ფილმის პერსონაჟის მოსაზრება - რევოლუციამდელი ბავშვი იმიტომ იყო გონებაჩლუნგი, რომ სათამაშო არ ჰქონდა... ხიდისთავში ვერ ნახავთ გასართობებით მოწყობილ პარკებს, სკვერიც კი არ არის. საუკუნოვანხეებიანი ბაღი გაპარტახებულია, თუმცა ბავშვები გონებაჩლუნგები კი არა, ისეთი გონიერები არიან, უფროსებზე უკეთ აზროვნებენ... აქ ასფალტიანი გზა მხოლოდ დუმბაძის სახლ-მუზეუმისკენ შეგხვდებათ. ყველაზე ბევრ ხალხს კი იმ შენობის წინ წავაწყდი, გამგეობა, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ცენტრი, ბანკის ფილიალი და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ერთად რომ შეუფარებია...
ათი წლის მამუკა ბროლაძე:
- ინტერნეტი რომ არ ჩართულიყო და ბიბლიოთეკა არ მოეწყოთ, რა უნდა მეკეთებინა? ინგლისურის გაკვეთილზე რაიმეს თუ ვერ გავიგებ, "გუგლი" მასწავლის სიტყვების მნიშვნელობას. წიგნი თუ მჭირდება, ბიბლიოთეკაში ვზივარ. შენობის კედელიც მოგვიხატეს, ბებია, ილიკო, ილარიონა და ზურიკელა მოგვჩერებია...
რამდენიმე დღის წინ ხიდისთავის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა. 9-იდან 18 წლამდე მოზარდები ცდილობდნენ დაეწერათ, როგორ წარმოუდგენიათ ხიდისთავი ათი წლის შემდეგ. ბავშვები იმაზე კი არ წერენ, როგორი უნდა იყოს მათი სოფელი ათი წლის შემდეგ, არამედ როგორი არ უნდა იყოს ხიდისთავი და სრულიად საქართველო დღეს. ამიტომაც, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, ქეთი დუმბაძემ, განაცხადა, რომ მან წაიკითხა არა ბავშვური ოცნებებით გაჟღენთილი ტექსტები, არამედ სამუშაო გეგმა, რომელიც სოფლების გამგებლებს უნდა დაურიგდეთ.
ამონარიდები ნაწერებიდან:
"ათი წლის შემდეგ ჩემს სოფელს ვხედავ უფრო სუფთას და არა დღევანდელივით დანაგვიანებულს. მრცხვენია, როდესაც მდინარესთან გავივლი. გუბაზოული საამაყო მეფის, გუბაზ მეორის სახელს ატარებს და მოწმეა იმ ღირსეული საქციელისა, რისთვისაც მოკლეს, ახლა კი აქაურობა ნაგავს მიაქვს. ზაფხულში ცხოვრება ჭირს, წყალი კვირაობით არ მოდის. ზამთარში კი უგზოობა გვიღებს ბოლოს, ბავშვები სკოლაშიც კი ვერ მიდიან".
"ერთი პატარა საწარმო უნდა აქაურობას და დასაქმდებოდა ხალხი. გპირდებით, რომ გავიზრდები, ჩემს სოფელს მხარში დავუდგები, რადგან ძალიან მიყვარს"...
"არავინ ფიქრობს ხალხის სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე, როცა ჩვენი ლოთი ბიჭები ერთმანეთს თავზე ალეწავენ მორებს. არავინ სთხოვს პასუხს ბრაკონიერებს, ხიდის ქვეშ რომ ბადით თევზაობენ მაშინ, როდესაც ეს აკრძალულია, აღარაფერს ვამბობ დენით"მოთევზავეებზე. არადა, ისინი, ვისთვისაც თევზაობა საარსებო წყაროა, ორიოდე გადარჩენილ ღორჯოს ძლივს იჭერენ..."
"ხიდისთავში ყველას სურს, რომ ანა კალანდაძის მუზეუმი გვქონდეს, მაგრამ მოთავე არავინ არის. ნოდარ დუმბაძის მუზეუმში ასვლაც იმიტომ მოსწონთ, რომ იქ თურმე "მაგარი პლანი იჩითება"."ჰე, ავიდეთ დუმბაძეზე,"დავლიოთ", - მესმის ყველა მხრიდან... მინდა, ვისაც ეხება, გაითვალისწინოს ეს და სოფელი ათი წლის შემდეგ არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა.
"სოფელში საჭიროა გაკეთდეს ტურისტული ცენტრი, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას. აუცილებლად უნდა დასუფთავდეს და დაიდგას ურნები. უნდა იყოს მეტი მოქმედი შენობა, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებას და ხალხი აღარ წავა თურქეთში სამუშაოდ".
"მინდა გაკეთდეს "მზის სახლი", სადაც მისვლა შეეძლებათ იმ ადამიანებს, ვისაც თავშესაფარი და საკვები არ აქვთ. ჩვენს სოფელში ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც სჭირდება დახმარება..."
P.S. რადგან ჩემს ბავშვობაში სწავლა ყოველთვის პირველ სექტემბერს იწყებოდა, აგვისტოს მიწურულს, ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს, სოფლად ყოფნის ბედნიერი დრო მთავრდებოდა. ამიტომაც არ მიყვარდა 30 აგვისტო. სოფელში მოწყენას ვერ იგრძნობდი. იყო ბიბლიოთეკა, სოფლის კლუბი, სადაც ფილმებს უჩვენებდნენ, კონცერტები და სპექტაკლებიც იმართებოდა. ახლა არა მხოლოდ გურიაში, თითქმის ყველა რეგიონში გაპარტახებულია ის შენობები, სადაც ოდესღაც კულტურა მეფობდა და ჩვენი ბავშვობა ბედნიერად მიედინებოდა...
პატარა გიგანტი
16 სექტემბერს ოზურგეთის სამშობიაროში გიგანტი ბავშვი დაიბადა. ელენე ჩხარტიშვილი საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა. პატარა 5. 500 კილოგრამს იწონის. როგორც მეან-გინეკოლოგმა დავით მდინარაძემ აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ სამშობიაროში გიგანტი ახალშობილი გაჩნდა.
დავით მდინარაძე, ექიმი: - ნაყოფი დიდი დაიბადა, სამედიცინო ენაზე მას გიგანტ ნაყოფს ვუწოდებთ და დიაგნოზშიც ასე იწერება. ჩვენს სამშობიაროში ყოფილა შემთხვევა, როცა ახალშობილი 5 200 კილოგრამს იწონიდა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა... ბიჭი რომ ყოფილიყო, გაცილებით დიდი იქნებოდა."
ნათია შავაძე, 24 წლის, ახალშობილის დედა: - ბავშვმა ბოლო ორ თვეში მოიმატა. ექიმმა საკეისრო კვეთაზე გადაწყვეტილება ბოლოს მიიღო, მანამდე ფიქრობდნენ, რომ ბუნებრივი გზით მემშობიარა. როგორც დედისგან ვიცი, მეც დიდი დავბადებულვარ - 4. 500 კილოგრამი..."
"კვირის პალიტრა" ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს უსურვებს პატარა გიგანტს...