რა ბედი ეწევა "ლაილაშის ბიბლიას"
ბუბა კუდავა: "არ არსებობს კონვენცია, არც რაიმე ნორმატივი, რომელიც აიძულებს სიძველეთა საცავს, ნივთი
პატრონს დაუბრუნოს"
თითქმის წელიწადია, მეცნიერულ წრეებში არ წყდება მითქმა-მოთქმა "ლაილაშის ბიბლიის" თაობაზე. საზოგადოებამ ამის შესახებ მაისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში დატრიალებული მოვლენების დროს შეიტყო. მთავრობის დანაპირების შემდეგ - "ლაილაშის ბიბლია" ხელნაწერთა ინსტიტუტში დარჩებაო, თითქოს აჟიოტაჟიც მიწყნარდა, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს შემდეგ შეიძლება სწორედ "ლაილაშის ბიბლია" იქცეს უთანხმოების საბაბად საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის...
ლელა წიწუაშვილი, იუდაიკის (ებრაული კულტურის) მკვლევარი, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი:
"ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი დევნის გამო ბევრი ძველი ებრაული ხელნაწერი არ შემორჩენილა. შემონახულთაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსეს ხუთწიგნეული, ძველი აღთქმა, რომელიც სულ რამდენიმეა მსოფლიოში და ერთ-ერთი სწორედ "ლაილაშის ბიბლიაა". ის დიდი ზომის წიგნია და დაახლოებით 10 კილოგრამს იწონის. მას რამდენიმე ავტორი ჰყავს და რამდენიმე ქალაქში დაიწერა. "ლაილაშის ბიბლიის" უნიკალურობას ისიც განაპირობებს, რომ მეცნიერულად შესწავლილი არ არის...
ტექსტი შესრულებულია დეკორში. ფურცლები აკლდა, სავარაუდოდ, ამოხიეს და როგორც სიწმინდეებს, ისე ინახავდნენ. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს იპოვეს რამდენიმე მათგანი და "ლაილაშის ბიბლია" შეივსო.
ებრაელთათვის ეს მნიშვნელოვანი სიწმინდე 1951 წლამდე გერცელ ბააზოვის სახელობის ებრაულ მუზეუმში ინახებოდა. როცა მუზეუმი დახურეს სემიტიზმის კერის საბაბით, ექსპონატები სხვადასხვა მუზეუმში გადაანაწილეს. "ლაილაშის ბიბლია" ბრეთის ბიბლიასთან (1506 წ.) ერთად ინახებოდა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. 1958 წელს, ხელნაწერთა ინსტიტუტის შექმნის შემდეგ, ის ამ ინსტიტუტშია დაცული".
ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი:
"ჩვენთან სტუმრად მყოფი ებრაელები ხშირად გვთხოვდნენ, გვეჩვენებინა "ლაილაშის ბიბლია". მახსოვს, ისრაელიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვიდა და ტრადიციულად "ლაილაშის ბიბლიის", როგორც თავიანთი სიწმინდის სანახავად მოვიდნენ. სუნთქვაშეკრულები იდგნენ, ერთმა უცებ ნახევრად ხუმრობით წამოიძახა, "თქვენი ფასი!" ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო და მეც გაუაზრებლად ვუპასუხე: "ჯვრის მონასტერი იერუსალიმში"...
90-იან წლებში "ლაილაშის ბიბლიის" მოპარვა სცადეს. ჩვენს მცველს 50.000 დოლარი შესთავაზეს მხოლოდ იმისთვის, რომ წიგნი გაეტანა ინსტიტუტიდან. იმხანად, თანამშრომელთა ხელფასი ლამის ერთ დოლარს შეადგენდა და ცდუნება დიდი იყო, თუმცა სიძველეთა მცველები თავიანთი საქმის ერთგული არიან და გარიგება არ შედგა. ფულის შემთავაზებელი დააკავეს, მაგრამ როგორ დასრულდა ამბავი, უცნობია".
"ლაილაშის ბიბლიის" შესახებ კრიმინალურ სამყაროში ჯერ კიდევ 70-იან წლებში იცოდნენ. განსაკუთრებით სლავი "კანონიერი ქურდები" იყვნენ დაინტერესებული. მისი მოპარვა 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს იყო დაგეგმილი. საქმეში ერთი თბილისელი ებრაელი ბიზნესმენი ყოფილა ჩართული. იმხანად მუზეუმებიდან ძვირად ღირებული ექსპონატების მოპარვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ამ საქმეებზე ერთი ნახევრად გასამხედროებული კრიმინალური დაჯგუფება მუშაობდა. საქმე იმიტომ ჩავარდნილა, რომ მოულოდნელად ის ებრაელი ბიზნესმენი გაიტაცეს და მის ძმას ისრაელში ნახევარ მილიონამდე დოლარი მოსთხოვეს.
2015 წლის გაზაფხულზე "ლაილაშის ბიბლია" საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ცნობილი გახდა, რომ ებრაული მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაზეც სახელმწიფომ იზრუნა, ხელნაწერთა ინსტიტუტისგან ჯიუტად ითხოვდა წიგნის დაბრუნებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც სამეცნიერო კოლექტივთან ერთად უარს ამბობდა ბიბლიის გადაცემაზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ბუბა კუდავა:
"რამდენიმე წერილი მივიღეთ ებრაული მუზეუმის დირექტორ გივი ღამბაშიძისგან. ის მუზეუმისთვის ებრაული ხელნაწერების დაბრუნებას ითხოვდა, პირველ რიგში, ლაილაშისა და ბრეთის ბიბლიების... ებრაული მუზეუმი იშველიებდა პრეზიდენტის ბრძანებას და შემდგომ პრემიერ-მინისტრის დადგენილებას, რის თანახმადაც, გერცელ ბააზოვის სახელობის ებრაულ მუზეუმს კოლექცია უნდა დაჰბრუნებოდა... სხვათა შორის, არ მოიძებნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ებრაული მუზეუმის დახურვის შემდეგ, რა ექსპონატები გადაეცა სხვადასხვა მუზეუმს. მეტიც, დოკუმენტურად არ დასტურდებოდა რომ "ლაილაშის ბიბლია" ებრაულ მუზეუმში ინახებოდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს უნიკალური ნივთი ლაილაშის სინაგოგიდან პირდაპირ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მოხვდა, ხოლო 1958 წელს ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცეს. ხელნაწერთა ინსტიტუტის, ისევე როგორც მუზეუმების კოლექციები, სხვადასხვა გზით ივსებოდა. ეს ხშირად არაკანონიერი გზით ხდებოდა, მაგრამ სწორედ ასეა შექმნილი მსოფლიოს უდიდესი სიძველეთა საცავები. ახლა რომ დაიწყონ გამორკვევა, თითოეული ექსპონატი რამდენად კანონიერად მოხვდა მუზეუმებში და მისი პატრონისთვის დაბრუნება მოითხოვონ, ეს დაპირისპირებას გამოიწვევს არა მარტო სამეცნიერო წრეებში, არამედ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის.
ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით მე ებრაულ მუზეუმს ასეთი რამ შევთავაზე: თუ სურდათ, საზეიმო ღონისძიებებზე მუზეუმის კოლექციები შთამბეჭდავი ყოფილიყო, მზად ვიყავით, განსაზღვრული ხნით მათთვის გვეთხოვებინა არა მარტო ამა თუ იმ ექსპონატის ასლები, არამედ ორიგინალებიც. მართლაც, გახსნის დღეს "ლაილაშის ბიბლიის" რამდენიმე ორიგინალი ფურცელი გამოვფინეთ. როგორც ამბობდნენ, მან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ებრაელი სტუმრები მის წინ მეტანიებსაც კი ასრულებდნენო. მიუხედავად ებრაული მუზეუმის რეაბილიტაციისა, არ ჰქონდათ შესაბამისი კლიმატკონტროლი და ვიტრაჟებში საჭირო ტემპერატურა. ამიტომაც ფურცლები რომ არ დაზიანებულიყო, ინსტიტუტში დავაბრუნეთ, ხოლო იქ "ლაილაშის ბიბლიის" ფაქსიმილური ასლი გამოვფინეთ (ისიც ერთადერთი ეგზემპლარია).
ჩვენი მცდელობა, გვეთანამშრომლა მუზეუმთან, ამაო გამოდგა - ებრაული მუზეუმი უპირობოდ ითხოვდა ბიბლიის დაბრუნებას. ცხადი იყო, საკითხი დავის გარეშე არ გადაწყდებოდა და გადავწყვიტეთ, პრობლემის საბოლოო გადაჭრამდე ხელნაწერთა ინსტიტუტში ბიბლიის ფაქსიმილური ასლი დაგვებრუნებინა, მაგრამ... ამის შემდეგ არ წყდებოდა ზარები განათლების სამინისტროდან: ხან მინისტრის მოადგილე რეკავდა, ხან მინისტრი. იყო ზეწოლა, გვავალებდნენ, სახელმწიფოებრივად(?!) გვეაზროვნა. როცა გავიგეთ, რომ ეს საკითხი კომისიას უნდა გადაეწყვიტა, ცხადი გახდა, ჩვენი აზრი, რომ ინსტიტუტი "ლაილაშის ბიბლიას" დაკარგავდა, აღარავის აინტერესებდა. განათლების სამინისტრო, რომელსაც, წესით, ჩვენი ინტერესები უნდა დაეცვა, მხარედ იქცა. ბატონი ღამბაშიძე აცხადებდა, რომ "ლაილაშის ბიბლიის" ფაქსიმილე მუზეუმში დარჩებოდა მანამ, სანამ ორიგინალის საკითხი დადებითად არ გადაწყდებოდა და ასახელებდა ყოფილი პრემიერის და პრემიერ-მინისტრის გვარებს, რომლებთანაც ყველაფერი უკვე შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო. ამის შემდეგ დამირეკა განათლების მინისტრის მოადგილემ და ნახევარი საათი მარწმუნებდა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც ღამბაშიძე ითხოვდა. ეჭვი აღარ იყო, ამ საკითხით სახელმწიფო იყო დაინტერესებული. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სახელმწიფო გადადგამდა უპრეცედენტო ნაბიჯს და "ლაილაშის ბიბლიას" საჩუქრად გადასცემდა ებრაულ თემს. გვრჩებოდა ერთი გზა - პრობლემა უნდა გაგვესაჯაროებინა, რაც გავაკეთეთ კიდეც. თუმცა მოვლენები როგორც განვითარდა, ყველამ იცის...
ათონის ივერთა მონასტერში დაცულია 90-მდე უნიკალური ხელნაწერი. საინტერესოა, ათენში რომ დაარსდეს ქართული კულტურის მუზეუმი, თუნდაც ბერძნული მენეჯმენტით, როგორ ფიქრობთ, ათონის მონასტერი მას ერთ ფურცელს მაინც გადასცემს იმიტომ, რომ ის სახელმწიფო მუზეუმია? გსმენიათ ოდესმე, რომ საქართველოს თუნდაც ერთი მცირე მნიშვნელოვანი სიძველე დაჰბრუნებია კეთილი ნებით?!
არ უარვყოფთ, რომ "ლაილაშის ბიბლია" ებრაული მემკვიდრეობაა და არც ვაკნინებთ მის მნიშვნელობას, მაგრამ არ არსებობს კონვენცია, არც რაიმე ნორმატივი, რომელიც აიძულებს სიძველეთა საცავს, ნივთი პატრონს დაუბრუნოს".
ნინო ბურჭულაძე
X-XI საუკუნეების ებრაული ხელნაწერი
"ლაილაშის ბიბლია" (თორა) X-XI საუკუნეების ებრაული ხელნაწერი, სოფელ ლაილაშის სინაგოგაში ინახებოდა. არავინ იცის, როგორ მოხვდა იქ. ებრაულ თემში გავრცელებული ვერსიით, ანგელოზებმა ფრთებით მოიტანეს. მკვლევრების აზრით კი, ის საქართველოში შესაძლოა XVI საუკუნეში ესპანეთიდან სეფარდების (ებრაელთა სუბეთნიკური ჯგუფი) მიგრაციის დროს მოხვდა, სეფარდებმა ოსმალეთის იმპერიას შეაფარეს თავი, რამდენიმე ოჯახი მოგვიანებით ახალციხეში დასახლებულა. როგორც ამბობენ, "ლაილაშის ბიბლია" საუკუნეთა მანძილზე ოჯახიდან ოჯახში გადადიოდა და მას თაყვანს არა მარტო ებრაელები, ქრისტიანებიც სცემდნენ სასწაულმოქმედი ძალის გამო (ის უამრავ დაავადებას კურნავდა, დახმარებას სთხოვდნენ გვალვის დროსა და ომიანობის პერიოდშიც).