სირია - ვინ ვის ებრძვის ?
ყველას ომი ყველას წინააღმდეგ
ირანი "ისლამურ სახელმწიფოს" სირიაში ძირითადად "ჰესბოლას" ხელით ებრძვის, თუმცა ერაყში არც თავისი საარმიო დანაყოფების გაგზავნას ერიდება "ისლამური სახელმწიფოს" რაზმების გასანადგურებლად. სირია, ირანი და რუსეთი ამ ომში სტრატეგიული პარტნიორები გამოდიან.
რუსეთი ნოვოროსიისკის პორტიდან შავი ზღვის, ბოსფორის სრუტისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით სირიის პორტ ტარტუსში დიდი სადესანტო ხომალდებით შეიარაღებას ეზიდება. ტარტუსში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა ფუნქციონირებს. ქ. ლატაკიის სიახლოვეს რუსეთი სამხედრო-საჰაერო ბაზას იმზადებს. ამ ორივე ბაზის გამოყენებით მოსკოვი, სავარაუდოდ, გეგმავს საბრძოლო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით დაეხმაროს პრეზიდენტ ასადს რეჟიმის შენარჩუნებაში.
თუკი დასავლეთმა რუსეთს ჩაუკეტა როგორც საჰაერო, ისე ბოსფორის სრუტეზე გამავალი საზღვაო გზა სირიის პრეზიდენტის შეიარაღებით მოსამარაგებლად, არ არის გამორიცხული, მოსკოვმა სცადოს სახმელეთო დერეფნის გაჭრა საქართველო-სომხეთის, ირანისა და ერაყის გავლით სირიამდე.
სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ 2014 წლის ზაფხულიდან საერთაშორისო კოალიციამ საჰაერო დარტყმები დაიწყო, რომელშიც აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ავსტრალია, დანია, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, იორდანია და საუდის არაბეთი შედიან. წელს მათ რიგს თურქეთიც შეემატა.
შავად აღნიშნულია: "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორია
"ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგული არმია, ზომიერი შეიარაღებული ოპოზიცია, ქურთების საბრძოლო რაზმები, მის პოზიციებს ჰაერიდან საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები ბომბავენ.
მწვანედ აღნიშნულია: ზომიერი შეიარაღებული ოპოზიცია პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების ჩამოსაგდებად 2011 წლიდან იბრძვის და მას ამ ბრძოლაში აშშ-ის მეთაურობით საერთაშორისო კოალიციაც ეხმარება.
ყვითლად აღნიშნულია: ქურთების საბრძოლო რაზმები ძირითადად სირიის ჩრდილოეთ ნაწილს თურქეთის საზღვართან აკონტროლებენ. ქურთებს ბრძოლები აქვთ როგორც "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებებთან, ისე თურქეთის არმიასთან.
წითლად აღნიშნულია: პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგული არმია დღეს ქვეყნის ტერიტორიის ნახევარსაც ვეღარ აკონტროლებს. მას ერთდროულად ორ ფრონტზე, "ისლამური სახელმწიფოს" და ზომიერი შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერთა უმეტესი ნაწილი დაინტერესებულია პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის სასწრაფო დამხობით.