ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ჩვილს ქეთევანს დაარქმევენ - კვირის პალიტრა

ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ჩვილს ქეთევანს დაარქმევენ

18 სექტემბერს ვარკეთილში ნაგავსაყრელთან პატრულის თანამშრომლებმა ახალშობილი იპოვეს და სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

"ჩვილს გალურჯებული სხეული დაფარული ჰქონდა ტალახით, ბალახით, მზესუმზირას ნაჭუჭებით. ჭიპლარის ტაკვი არ იყო გადაჭრილი, სავარაუდოდ, ვიღაცამ გაგლიჯა და სისხლი სდიოდა. ამიტომ მაშველებმა მომჭერი დაადეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა" - განმარტა ექიმმა.

ახალშობილი გოგონა 2 კილოგრამსა და 860 გრამს იწონის. ჯერჯერობით, უცნობია მშობლების ვინაობა და ისიც, თუ რატომ გაიმეტეს შვილი...

მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავები დამნაშავის ვინაობის დადგენას ცდილობენ. საქმეში ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების ცენტრიც. სწორედ ისინი იზრუნებენ, რომ პატარამ უსაფრთხო გარემოში იცხოვროს.

ნატო ჩაფიძე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი:

- პატრულმა შეგვატყობინა, რომ ახალშობილი იპოვეს. გოგონა საავადმყოფოში რომ შეიყვანეს, უკვე გადაცივებული იყო. ექიმების ძალისხმევით ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა გამოკვლევის დასრულების შემდეგ მიმღებ ოჯახში გადავიყვანთ. თუ ვერ დაადგენენ მშობლების ვინაობას, მივმართავთ რეესტრს და მშობლების გარეშე დავარეგისტრირებთ ბავშვს და დაბადების მოწმობას ავუღებთ. შემდეგ ბავშვს მიტოვებულად ვაღიარებთ და დაიწყება გაშვილების პროცედურები. ჩვილი მიმღებ ოჯახში დარჩება მანამ, სანამ არ გაირკვევა სამართლებრივი სტატუსი. სავარაუდოდ, პატარა იმ დღის დაბადებული იყო, როცა იპოვეს...

- მიმღები ოჯახი შერჩეული გყავთ?

- ჩვენ გვყავს გადაუდებელი მიმღები ოჯახები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან. უკვე ვიცით, სად გადავიყვანთ პატარას...

- სახელსა და გვარს თქვენ შეურჩევთ?

- დიახ. ვცდილობთ, ეკლესიური სახელი შევურჩიოთ. როგორც შევიტყვეთ, ჩვილის საავადმყოფოში შეყვანის დღეს მისი მკურნალი ექიმის დაბადების დღე ყოფილა და გადავწყვიტეთ მისი სახელი - ქეთევანი დავარქვათ, გვარსაც შევურჩევთ. ყოფილა შემთხვევა, როცა სოცმუშაკს თავისი გვარი მიუცია პატარისთვის.

- ბოლო დროს მსგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ?

- ერთი თვის წინ ახალშობილი ბიჭუნა მიაგდო დედამ. ჭიპლარი დამუშავებული ჰქონდა, სავარაუდოდ, დედამ სამშობიაროში გააჩინა. ჩვილი სადარბაზოში იპოვეს. საბედნიეროდ, ისიც გადარჩა და ახლა მიმღებ ოჯახში იზრდება. გაბრიელი დავარქვით და მალე დაიწყება გაშვილების პროცედურები. პოლიცია ცდილობს დნმ-ის ანალიზით მიაგნოს ჩვილის დედას - ყველა სამშობიარო უნდა შემოწმდეს.

სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები ისევ ხდება. არადა, დედას სამშობიაროშივე შეუძლია უარი თქვას შვილზე, შეავსოს შესაბამისი ბლანკი და ამის შემდეგ თავისუფალია, მაგრამ პატარას მაინც ქუჩაში აგდებენ... ალბათ, იდენტიფიცირებას ერიდებიან. ვიღაც გაიგებს და ამას გაურბიან, ამიტომ სასიკვდილოდ იმეტებენ შვილებს. ეს საგანგაშოა!

თეა ხურცილავა