რუსეთს ქართული საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ტვირთი გადააქვს?!
ვინმე ჰკითხავს კი ქართულ მხარეს?!
რუსეთს შეუძლია, ქართული საჰაერო სივრცის გავლით ისე გადაიტანოს სამხედრო ტვირთი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვერაფერი გაიგოს...
სირიაში რუსეთი სატრანსპორტო თვითმფრინავებით საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველს გზავნის. აშშ-მა NATO-ს წევრ საბერძნეთსა და ბულგარეთს სთხოვა, თავიანთი საჰაერო სივრცის გავლით სირიისკენ არ გაატარონ რუსული თვითმფრინავები, რომელთაც სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადააქვთ.
მოსკოვისთვის ეს მიმართულებები ჩაიკეტა, მაგრამ სირიამდე დარჩა საჰაერო დერეფანი კასპიის ზღვის, ირანისა და ერაყის გავლით. დღეს თეთრი სახლი ერაყის მთავრობასაც სთხოვს, არ გაატაროს რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავები სირიისკენ (რა ხდება დღეს სირიის ტერიტორიაზე და ვინ ვის ებრძვის, შეგიძლიათ იხილოთ "კვირის პალიტრის" ამავე ნომრის მე-17 გვერდზე გამოქვეყნებულ ინფოგრაფიკაში).
ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, რუსეთი სირიას საქართველოს საჰაერო სივრცის გავლითაც (რაც უფრო მოკლე მარშრუტია, ვიდრე გადაფრენა კასპიის ზღვაზე) აწვდიდეს იარაღს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთს საქართველოსთვის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების სახმელეთო ან საჰაერო გზით გატარების თაობაზე აღარ მოუმართავს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში გამოჩენილ თვითმფრინავებში რუსული იარაღი არ იქნება.
ვინმე დაფიქრებულა, როგორ ფუნქციონირებს სომხეთში გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა? ვინ და რა გზით ამარაგებს შეიარაღებით, საბრძოლო ტექნიკითა და ტყვია-წამლით ამ ხუთიათასკაციან ბაზას, წელიწადში ორჯერ რუსეთიდან როგორ ჩაჰყავთ ასობით ახალწვეული გიუმრიში, ან დემობილიზებულ სამხედროებს სამშობლოში როგორ აბრუნებენ?
2013 წლის 2 დეკემბერს სომხეთში, გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის მონახულებისას, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სხვადასხვა შეიარაღების ნიმუშებთან ერთად წარუდგინეს "სმერჩი" და "ბუკიც", რომლებიც მანამდე ამ ბაზის შეიარაღებაში არ იყო და სავარაუდოდ, აგვისტოს ომის შემდეგ, სატრანსპორტო თვითმფრინავებით რუსეთიდან სომხეთში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მალულად ჩაიტანეს
რა თქმა უნდა, ამ გადაადგილების შესახებ რუსეთს ქართული მხარისთვის არასოდეს არაფერი უცნობებია, მაგრამ ბავშვიც კი მიხვდება, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანის გავლით - ვერც საჰაერო და მით უმეტეს, ვერც სახმელეთო გზით - ვერ ჩავლენ.
რჩება საზღვაო-სახმელეთო დერეფანი კასპიის ზღვისა და ირანის ტერიტორიის გავლით. რუსულ სატრანსპორტო თვითმფრინავებს შეუძლიათ, კასპიის ზღვის თავზე და ირანის საჰაერო სივრცის გავლით მოხვდნენ სომხეთში, მაგრამ ეს სატრანზიტო დერეფანი უფრო გრძელია და ცხადია, ძვირიც, ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებით, ირანის ტერიტორიაზე შეტევითი დანიშნულების საბრძოლო ტექნიკის შეტანა აკრძალულია.
2007 წლის შეთანხმებით, რომელიც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას ეხებოდა, ქართულმა მხარემ აიღო ვალდებულება, მოსკოვისთვის დაეთმო სახმელეთო და საჰაერო დერეფნები გიუმრის რუსული სამხედრო ბაზისა და რუსი მესაზღვრეების მოსამარაგებლად.
2008 წლის ომამდე რუსეთმა რამდენჯერმე გამოიყენა ეს შესაძლებლობა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სახმელეთო დერეფანი დაიხურა. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით საჰაერო დერეფანზე, რადგან დღემდე რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთი სწორედ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით იგზავნება.
მოსკოვი, რა თქმა უნდა, არ იყენებს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რათა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა თვალში საცემი არ იყოს. რუსეთიდან სომხეთის ზვარტნოცის, ერებუნისა და გიუმრის აეროდრომებზე საბრძოლო ტექნიკა კერძო კომპანიების (და არა მარტო რუსული) სატრანსპორტო თვითმფრინავებს ჩააქვს, ხოლო როტაციის დროს რუსი სამხედროები სამგზავრო ლაინერებით გადაჰყავთ.
საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საჰაერო ხომალდების ეკიპაჟები, რასაკვირველია, "საქაერონავიგაციისგან" ნებართვას იღებენ, მაგრამ რა იციან თბილისში, ერევნისკენ მიმავალ სატრანსპორტო "ილში" მართლაც სატვირთო "ურალია", თუ "ურალის" ბაზაზე დამონტაჟებული "გრადი"?!
აგვისტოს ომის შემდეგ სომხეთში საქართველოს სამხედრო ატაშემ ზვარტნოცის აეროპორტში რამდენჯერმე შეამოწმა რუსეთიდან ჩატანილი საბრძოლო ტექნიკა (მათ შორის - C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები), მაგრამ სომეხი სამხედროების განცხადებით, ეს შეიარაღება რუსეთში შეიძინეს და სომხეთის არმიის საკუთრება იყო. ვინ იცის, შვიდი წლის განმავლობაში რამდენი ასეთი რეისი შესრულდა ქართული ცის გავლით და რამდენი საბრძოლო ტექნიკა ჩაიტანეს სომხეთში, გიუმრის რუსული ბაზისთვის?
სხვაგვარად როგორ ავხსნათ გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე ისეთი თანამედროვე შეიარაღების (მაგალითად, შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების - "სმერჩების" და საზენიტო-სარაკეტო "ბუკების") გამოჩენა, რომელიც 2008 წლამდე იქ არ იყო?
ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენეთ, რომ არსებობს ეჭვი რუსეთის მიერ საქართველო-სომხეთი-ირანი-ერაყი-სირიის საჰაერო დერეფნის შესაძლო გამოყენების თაობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კი ისევ დარწმუნებული არიან - თუ მოსკოვმა ოფიციალურად არ გვთხოვა ნებართვა სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გადასაზიდად საჰაერო დერეფნის გამოყოფის თაობაზე, ჩვენს საჰაერო სივრცეს არ გამოიყენებს...