ორხელისუფლებიანობა
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და გიგი უგულავას გათავისუფლებამ სახელმწიფოში, მიღწევებთან ერთად, სისტემური პრობლემებიც გამოკვეთა:
1. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ქართული რეალობისთვის მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დაადასტურა, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ქვეყნის დემოკრატიულობის შედარებით მაღალი ხარისხი.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ორლესული მახვილის ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ის ადასტურებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას კანონის დარღვევით 9 თვეზე მეტხანს პირი ჰყავდა წინასწარ პატიმრობაში, ხოლო მეორე მხრივ, გვაჩვენებს, ვინ იყო კონსტიტუციის შეუსაბამო ამ მუხლის ავტორი. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობა".
3. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. სასამართლო ხელისუფლებაზე თითქმის ვერ ახდენს გავლენას "ქართული ოცნება", რომელიც სრულად აკონტროლებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს, თუმცა, სასამართლო ხელისუფლების სრულ დამოუკიდებლობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან თვალსაჩინოა კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის - "ნაციონალური მოძრაობის" - გავლენა მის ვერტიკალზე.
4. ხელისუფლება წინასაარჩევნო წელს უმძიმესი სტარტით შეუდგა. მედიის თავისუფლებაში ხელისუფლების ჩარევის თაობაზე გაჩენილი კითხვები; წელში გაწყვეტილი ლარი; ელექტროენერგიის მომატებული ტარიფი; კახელი გლეხების ჯანყი; საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიგი უგულავას გათავისუფლების ვალდებულება და არაპოპულარული სახეები როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო გუნდში - ძნელი წარმოსადგენია, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ასეთი"მონაგარით როგორ უნდა შეძლოს ხელისუფლებამ სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალება.
5. ამას ემატება საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცრუება დღევანდელი მმართველი გუნდით, რასაც უგულავას გათავისუფლების შემდეგ შიშის ფაქტორიც დაერთო. ამომრჩეველს, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მისცა ხმა, აღარ აქვს იმედი, რომ 2016 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება" მათ ნაციონალური რევანშისგან დაიცავს. და დღევანდელი მმართველებისთვის ეს ყველაზე ცუდია, რადგან ამომრჩევლის ეს ნაწილი გვერდით აღარ დაუდგება ხელისუფლებას "ნაციონალებთან" საბრძოლველად - ბევრი სახლში დარჩება, მედროვეები კი ან კვლავ "ნაციონალთა" გუნდში გადახტებიან, ანაც სხვა პარტიას დაუწყებენ ძებნას. არადა, "ქართულ ოცნებას" საზოგადოების ამ ნაწილის წინაშე ვალდებულება აკისრია.
6. 2016 წლის არჩევნები და უშუალოდ ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესი ურთულესი გამოცდა იქნება ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. სასამართლოების მიერ ამ დღეებში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, ერთი წლით წინ თუ გავიხედავთ, არ გაგვიჭირდება იმის გამოცნობა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სასამართლოები. ხომ უეჭველია, რომ საფუძვლიან თუ უსაფუძვლო საჩივრებს არ მოაკლებენ ამ ხელისუფლებას, მით უფრო, მმართველი გუნდისთვის უკვე ტრადიციად ქცეული სიბეცეების ფონზე. ჰოდა, არჩევნები გველოდება, დემოკრატიით გაოცება მერე იკითხეთ! არ არის გამორიცხული, 2003 წლის სცენარი ვიხილოთ გარკვეული კორექტივებით: ანუ სასამართლოებში შესული საჩივრების ფონზე ბევრ ოლქში, შესაძლოა, სასამართლოებმა არჩევნების შედეგები ბათილად ცნონ და მოითხოვონ განმეორებითი არჩევნების ჩატარება, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგები - ლეგიტიმურად და არჩევნები ჩატარებულად აღიარონ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში "ნაციონალების" გამარჯვებაზე საუბარი არ იქნება, მაგრამ ხელისუფლებას მოუწევს დათმობებზე წასვლა იმ ძალებთან, რომელთაც მხარს საერთაშორისო ორგანიზაციები დაუჭერენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი არჩევნების ბედს გადაწყვეტს არა მხოლოდ ამომრჩეველი, არამედ სასამართლო, რომლის იმედიც ექნება ოპოზიციას. არჩევნებში "ნაციონალები" მონაწილეობას მიიღებენ არა იმდენად ამომრჩევლის, რამდენადაც სასამართლოს იმედად.
7. შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალის გამოსვლა, რომელსაც მიეკედლება ამომრჩევლის ის სოლიდური ნაწილიც, რომელსაც "ნაციონალური რევანშის ეშინია, მაგრამ ამ ხელისუფლების დაცვის იმედი აღარ აქვს. სწორი ეკონომიკური პროგრამის, სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ხედვისა და საინტერესო სახეების შემთხვევაში ასეთ ძალას არჩევნებში წარმატების მიღწევის შანსი ექნება. მით უმეტეს, თუ ის მისაღები იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იმდენად, რომ მათ აღარ დასჭირდეთ მხოლოდ ძველ პოლიტიკურ პარტნიორებზე, თუნდაც "ნაციონალურ მოძრაობაზე", ფსონის დადება. არჩევნების შემდეგ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ეს უდავოდ წაადგება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ ასეთი ძალა არ ჩანს. თუ არჩევნებამდე ვითარება არ შეიცვალა, ამომრჩეველს ასარჩევი ბევრი არავინ ეყოლება, რაც არჩევნებისადმი მოსახლეობის ინტერესს და პარლამენტის ლეგიტიმაციის დონეს უფრო შეამცირებს.
ისიც უცნობია, აქვს თუ არა ხელისუფლებას ცვლილებების რესურსი, ამიტომ მისთვისაც და ქვეყნისთვისაც მომავალი წელი საკმაოდ მძიმე გამოცდა იქნება.