"აბაროტის" ძალა - კრიზისული ბლიცკრიგი - კვირის პალიტრა

"აბაროტის" ძალა - კრიზისული ბლიცკრიგი

გიგი უგულავა: "არც შევცვლით საარჩევნო სისტემას, ისევ ძველი სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთ"

თბილისში ხუმრობენ -უგულავამ მხოლოდ ერთი დღით "იგულავაო. მართლაც, ერთ საღამოს საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც პირის 9 თვეზე მეტხანს წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებდა. სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრ მერაბ ტურავას გარშემო მოვლენები დრამატულად ვითარდებოდა. კერძოდ, მისი თქმით, შეუძლოდ იყო და დრო სჭირდებოდა, რათა საბოლოო გადაწყვეტილებას გასცნობოდა. საბოლოოდ, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რასაც საბოლოოდ, ტურავამ ხელი არ მოაწერა. მოკლედ, იმავე საღამოს უგულავა გათავისუფლდა, თუმცა მეორე დღეს მას რიყისა და "თბილსერვისის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და თბილისის ყოფილი მერი ციხეში შეაბრუნეს (ამავე საქმეზე კეზერაშვილი გაამართლეს). შუალედში "ნაციონალებმა" სასამართლოსთან მიტინგი გამართეს, სადაც უგულავამ განაცხადა:"ისევ ძველი საარჩევნო სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთო. მთავრობის წარმომადგენლები ზომიერ კომენტარებს აკეთებენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მისამართით კითხვები დაგროვდა.

"გიორგი პაპუაშვილი დაინტერესებული მხარეა"

ზაზა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრი:

- სასამართლოს არ უთქვამს, უგულავა უდანაშაულოაო. ვერ წარმომიდგენია, რომ მას ან "ნაცმოძრაობას" მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჰყვეს...

პარადოქსია, რომ "ნაციონალები" იმ ნორმის ანტიკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადებას ზეიმობდნენ, რომელიც მათი ინიცირებული იყო.

ზურაბ ადეიშვილი კურირებდა ამ კანონპროექტს, რომლის ძალითაც გაუსამართლებელი პირები რაც შეიძლება მეტხანს უნდა გამოემწყვდიათ ციხეში.

თანაავტორი კი ოთო კახიძე, ექსჩინოვნიკების ახლანდელი ადვოკატი იყო. ამგვარად, თუკი ჩვენი ხელისუფლების დროს ანტიკონსტიტუციური ნორმა კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოექცა, ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურებაა. რაც შეეხება იმას, რომ ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავდნენ, პატიმრებს აწამებდნენ, დღეს დანაშაული ვერ უმტკიცდებათ, ეს მართლაც პრობლემაა. მე ხელისუფლების შესაცვლელად და სიმართლისთვის ვიბრძოდი და ახლა თავადაც ბევრი კითხვა გამიჩნდა. რატომ უნდა ესროლონ ხელისუფლებას ლაფი იმის გამო, რომ ვიღაც პროკურატურაში საქმეს სათანადოდ ვერ იძიებს, მტკიცებულებებს ვერ დებს, შემდეგ კი სასამართლო არასწორ გადაწყვეტილებას იღებს?! ამაზე თვალს ვერასდროს დავხუჭავ. ამ ყველაფრის ახსნას ველოდები.

- საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულმა პროცესებმა აჟიოტაჟი გამოიწვია.

- ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი, გიორგი პაპუაშვილი დაინტერესებული მხარეა და "ნაციონალებთან" ასოცირდება. შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობით სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნება, თუმცა, ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. სხვათა შორის, საინტერესო იყო, თუ ვინ აწერდა ამ გადაწყვეტილებას ხელს არაკონსტიტუციური მუხლების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევის შესახებ.

მათ შორის არის მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი, კახეთის ოლქის ყოფილი პროკურორი. მკვლელობისთვის ადამიანი გაასამართლა, "მოკლული" კი ცოცხალი აღმოჩნდა. ასეთი საეჭვო რეპუტაციის ადამიანები არ შეიძლება საპასუხისმგებლო პოსტებზე მუშაობდნენ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას.

რაც შეეხება "აბაროტს" - "ნაციონალებს" ვურჩევ, ასეთი ტერმინები ნაკლებად გამოიყენონ და მოსახლეობას ნუ გააღიზიანებენ, თორემ "აბაროტი" შესაძლოა, უკან ძალიან ცუდად შემოუბრუნდეთ.

"უსუსურობა თუ საბოტაჟი"

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:

საქმე "ნაციონალური მოძრაობის" მორიგ ფანდთან გვაქვს. ზოგჯერ ასე მგონია, ზურაბ ადეიშვილი "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობს და ამდენად, პროკურატურას არ შეუძლია სათანადო მტკიცებულებების წარდგენა მაშინ, როცა საქმე ექსჩინოვნიკების დანაშაულებს ეხება. გარდა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ ყველაფრით ძალიან მოგებული დარჩა და უგულავა ლამის წამებულ რაინდად მოევლინა ქვეყანას, ბევრი სხვა დეტალიც დავინახეთ -

ასეთი შოუები იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, როცა ადეიშვილი მართლმსაჯულებას მართავდა... აშკარად ჩანს, რომ კეზერაშვილის გამართლებაც შეგნებული ნაბიჯი იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არავინ არასდროს არ უნდა დაუჯეროს პროკურატურას, როდესაც ის ინტერპოლს დასახმარებლად მიმართავს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს, მიაქციოს ყურადღება პროკურატურას და დაინტერესდეს, რა ხდება: უსურობაა, საბოტაჟი თუ ორივე ერთად. თუ არადა, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი "სიურპრიზი" ელოდება წინ და უგულავას შედი-გადი მხოლოდ ჟურნალია. იმაზე საუბრით კი უკვე დავიღალე – თუ პიარსტრატეგია არ შეიმუშავეს, ყოველთვის თავის მართლების რეჟიმში მოუწევთ ყოფნა და ეს საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს".

"ეს მოსამართლის უპატივცემულობაა"

ყბადაღებულ თემად იქცა ისიც, თუ რატომ არ მოაწერა სასამართლო კოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა (ექსხელისუფლების დროს დევნილმა მოსამართლემ) მერაბ ტურავამ ხელი ანტიკონსტიტუციური ნორმების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევას? "კვირის პალიტრას" მერაბ ტურავა ესაუბრა:

- ჩემი სამოსამართლო საქმიანობიდან გამომდინარე, შეზღუდული ვარ, გამოვხატო საკუთარი შეხედულებები. ძალიან არ მინდა, რომ ვინმემ პოლიტიკურად ანგაჟირებულად ჩამთვალოს, ამიტომ გთხოვთ, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური კონტექსტის გარეშე შეაფასოთ. სამშაბათი იყო, როცა მომხსენებელმა მოსამართლემ გადმომიგზავნა გადაწყვეტილება და ხელმოწერა მთხოვა. ამ დროს კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევისთვის ვიმყოფებოდი. ეს შემთხვევითობა იყო და არა წინასწარ განზრახული ქმედება, რაზეც "რუსთავი 2"-ის პროპაგანდა იყო აწყობილი. ტელეფონზე მივიღე შეტყობინება, რომ მოვიდა ელფოსტაზე წერილი, რომელსაც დანართი თან ახლდა. ამ ტექსტის გახსნისა და წაკითხვის შესაძლებლობაც არ მქონდა. 17:00 საათზე იყო ამ ტექსტის გამოცხადება დანიშნული, შეტყობინება კი დილის 11:00 საათზე მივიღე. შემდეგ როგორც შევიტყვე, ეს გახლდათ 56-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის წასაკითხად და გასაანალიზებლად დრო მჭირდებოდა. ამ დროს კი არავინ მაძლევდა. წაკითხვის შემდეგ ან მოვაწერდი ხელს, ან შენიშვნებს გავაცნობდი კოლეგებს და არ არის გამორიცხული, ვინმე მას კიდეც დასთანხმებოდა.

მე მჭირდებოდა გონივრული დრო გადაწყვეტილების წასაკითხად.

- გიორგი პაპუაშვილმა რატომ მოგინახულათ კლინიკაში?

- მთხოვა, ხელი 17:00 საათამდე მომეწერა. ვერ ვიტყვი, რომ რამე მაიძულა. თუმცა, როცა გეუბნებიან, მოაწერე ხელი ტექსტს, რომელიც წაკითხული არა გაქვსო, უარყოფით ემოციებს იწვევს.

- სხვები როგორ გაეცნენ ასე მოკლე ვადაში 56-გვერდიან დოკუმენტს?

- შესაძლოა, უბრალოდ დაეთანხმნენ შინაარსის საბოლოო ფორმულირებას, რომლის შესახებაც მომხსენებელმა მოსამართლემ ინფორმაცია მიაწოდა და ხელი წაუკითხავად მოაწერეს.

- შეიძლება ჩაითვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად, თუ მას თქვენი ხელმოწერა აკლია?

- კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე მოაწერს მას ხელს.

თუმცა შემდეგი ეტაპები იურისტებმა თავად შეაფასონ. მე კომენტარისგან თავს შევიკავებ.

- დაიწერა, მერაბ ტურავამ თავის კარიერას ამ საქციელით წერტილი დაუსვაო.

- რა ვქნა, ახლაც რომ იმავე არჩევანის წინაშე დამაყენონ, სხვაგვარად არ მოვიქცევი. ჩემთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტის შინაარსი. მოსამართლის უპატივცემულობად მიმაჩნია ისიც, რომ მას გადაწყვეტილების გასაცნობად რამდენიმე დღეს არ აძლევენ.

"აბაროტს" ავიღებთ"

გიგი უგულავა:

"საქართველოს სჭირდება ივანიშვილის ჩამოშორება, რადგან ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არა აქვს. არც შევცვლით საარჩევნო სისტემას, ისევ ძველი სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთ. ტურავასა და ბევრი მოსამართლის საქციელის შემდეგ იყავით მზად გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან, მაგრამ რევანშის არ მეშინია...

ჩვენს უკან ჩვენი შვილები და ქვეყანაა. რა დაბრკოლებაც უნდა შეგვხვდეს, ჩვენი წინსვლის შეჩერება შეუძლებელი იქნება. ივანიშვილმა უნდა დაანებოს თავი ჩემს დევნას და შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რაც ქვეყანას ვნებს, ვნებს ეკონომიკასა და სახელმწიფოს რეპუტაციას.

კი ბატონო, შევეჯიბროთ ერთმანეთს არჩევნებზე, მაგრამ მან იცის, რომ არჩევნებს წააგებს, მას არაფერი გამოუვა, საქართველო ჩრდილოეთი კორეა არასოდეს გახდება...

ღამის პირველ საათზე გადამაყენეს მერობიდან, ახლაც ანალოგიურად იქცევიან. ბრალდებულის უზენაესი უფლებაა, საბოლოო სიტყვა თქვას და ეს ამ ადამიანებმა მიმიფუჩეჩეს. რეპლიკები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეჩქარებოდათ პროკურორებს ჩემი დაკავება და თქვეს, რომ არ ჰქონდათ რეპლიკები. ამ ხალხს ჩემი დაჭერა ეჩქარება და ხელს არ შევუშლი".

ეკა ასათიანი

რუსუდან შელია

TOP.GE