რატომ აშფოთებს რუსული პროპაგანდის გაძლიერება დიასპორის მინისტრს - კვირის პალიტრა

რატომ აშფოთებს რუსული პროპაგანდის გაძლიერება დიასპორის მინისტრს

"ოპონენტების მიმართ ზედმეტად ლმობიერები ვართ"

რატომ გაიზარდა ქვეყანაში რუსული პროპაგანდა და არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდი, "კვირის პალიტრის" კითხვებს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე უპასუხებს:

- ქვეყანაში რუსული პროპაგანდის ზრდა აშკარად შეინიშნება. მართალია, ეს მიანიშნებს, რომ ჩვენი მთავრობა ლოიალური და დემოკრატიულია, მაგრამ პირადად მე, როგორც ეროვნული მოძრაობის წევრი და ადამიანი, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებასა და პროგრესს მიუძღვნა, ამ პროცესებს სიფრთხილით ვაკვირდები.

- ვინ აფინანსებს მომრავლებულ პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაუგებარ აქციებს?

- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუსულ სკოლაში ბავშვებს დაურიგეს სახელმძღვანელოები, სადაც საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ერთეულებადაა დატანილი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან დიდი ალბათობით, სახელმძღვანელოები სწორედ თბილისში დაიბეჭდა.

ფაქტია, ქვეყანაში გაჩნდა ჯგუფი, რომელსაც სურვილი აქვს, მოსახლეობის მენტალიტეტი შეცვალოს და საკუთარი ინტერესები დაამკვიდროს. ასეთ დროს მეტი სიფხიზლეა საჭირო! არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ოკუპირებული აქვს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა მოხდა, თუ რამდენიმე წიგნი დაიბეჭდა კერძო სკოლისთვისო, მაგრამ, არა, სწორედაც, მოხდა! პატარა დეტალებით იქმნება საშიში სიტუაციები. კარგად მახსოვს, როდესაც მინისტრთა კაბინეტი ხელახლა დაამტკიცეს და ქუთაისიდან თბილისში ვბრუნდებოდი, წითელი დროშების ფრიალით ორმოცამდე მიკროავტობუსმა ჩაგვიარა, 9 მაისი იყო და გორისკენ მიდიოდნენ. მეტიც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიმიწვიეს ფილმის ჩვენებაზე. გვითხრეს, მეორე მსოფლიო ომში საქართველოს დანაკარგს ეძღვნებაო. სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დაგვხვდა - ფილმი საბჭოურ ცხოვრებაზე ნოსტალგიითა და საბჭოური პატრიოტული სიმღერებით იყო გაჟღენთილი და დაუფარავ გზავნილებსაც უხვად შეიცავდა. კადრში სტალინისა და კრემლის გამოჩენისას დარბაზის ნაწილმა (ძირითადად ომის ვეტერანებმა, რომელთა დამსახურებასაც არავინ უარყოფს) მხურვალე ტაში დასცხეს. მაგრამ, როდესაც ამას ახალგაზრდები უყურებენ და ტაშს იზიარებენ, ეს ჯანსაღი ტენდენცია არ არის.

რუსეთთან ფრთხილი და გონიერი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპები და ღირსეული სახე ერთი გოჯით მაინც დავთმოთ. თვითონ რუსეთსაც მეტი პატივისცემა ექნება ღირსეული ოპონენტის მიმართ.

- თქვენ ხელისუფლებას წარმოადგენთ და ახლა მიანიშნებთ, რომ საქართველომ ღირსეული სახე დაკარგა, ამის გამო კოლეგებს საყვედურობთ?

- ჩვენი სახელმწიფო თანამიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, მე მხოლოდ მოწოდებას ვახმოვანებ როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების მიმართ. ვისურვებდი, ხელისუფლებასა და საზოგადოებაში მეტი სიფხიზლე იყოს.

- ხელისუფლება ფრთხილად არ არის, თუ ეს მმართველი გუნდის პოლიტიკის ნაწილია?

- ჩვენმა ხელისუფლებამ თავისუფალი სახელმწიფოს შესაქმნელად ბაზა, თავისუფალი ეკონომიკისა და სიტყვის თავისუფლების სახით, უკვე შექმნა და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ თავს ხშირად ვსაყვედურობ, რომ ოპონენტების, როგორც შინა, ასევე გარე, მიმართ ზედმეტად ლმობიერები ვართ. ვიცნობ რუსულ მენტალიტეტს, ვიცი, როგორ ფიქრობენ ისინი, ამიტომ მინდა, ჩვენი პოლიტიკა მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მე მინახავს არაერთი ხელისუფალი, რომლებიც ხიბლმა და ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა შეცდომებამდე მიიყვანა. ეს არ უნდა გავიმეოროთ.

- ფიქრობთ, რომ თქვენი ხელისუფლებაც წინამორბედის შეცდომებს იმეორებს?

- წინა ხელისუფლების მაგალითზე ვისაუბრე... საქართველოში დღეს ყველა წინა პირობაა საიმისოდ, რომ განვითარება წარმატებით გაგრძელდეს, უბრალოდ, ყველაფერს დრო სჭირდება. მათ შორის, გუნდის ჩამოყალიბებას, ერთიან სამოქმედო სტრატეგიას...

ირაკლი ღარიბაშვილი პროგრესული და ვაჟკაცი ადამიანია, ამიტომ ქვეყნის ინტერესების დათმობაზე საუბარიც ზედმეტია. საჭიროა ყველა გამოწვევაზე მკვეთრი, დროული პოზიციების დაფიქსირება. სხვა რესურსი და ფუფუნება საქართველოს არ გააჩნია.

- რას უპირისპირებთ მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდას, ან ვინმე თუ აკონტროლებს საქართველოში რუსულ ფინანსებს?

- სათანადო სამსახურები ყველაფერს აკონტროლებენ, პარალელურად ისინი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს იცავენ. საინფორმაციო ველზე რუსული პროპაგანდის გაძლიერებას მეც ვგრძნობ. არ მინდა ჩემი კოლეგების კომპეტენციაში შეჭრა, მაგრამ სახელმწიფომ საზოგადოებასა და თუნდაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააზრებული პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს. ამბობენ, რომ რეგიონებში ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურობენ და მათ გასაგონად მინდა განვაცხადო: ევრაზიულ კავშირში გაწევრება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

- ეს საფრთხე რეალურია?

- ხალხის ნდობით აღჭურვილმა ხელისუფლებამ ქვეყანა სწორი გზით უნდა ატაროს. დღეს რუსეთში მენტალურ პრობლემებთან ერთად, ხელფასებისა და პენსიების გაცემის პრობლემაც აქვთ. რუსეთი თავისი ამბიციების გამო ბევრ პარტნიორს დაუპირისპირდა. საბჭოთა კავშირის ცხოვრების წესმა ქართულ მენტალიტეტს დიდი ზიანი მიაყენა - ვიღაცებს ერჩივნათ მათი პრობლემები სხვას გადაეწყვიტა, გარანტირებული 120 მანეთი ჰქონოდათ და ამის ხარჯზე მორჩილი ყოფილიყვნენ. ევროპული ცხოვრების წესი კი განათლებასა და ბევრ მუშაობას მოითხოვს. ევროპისკენ სწრაფვა არ არის გაიგივებული სიზარმაცესთან. საზოგადოების ნაწილს ურჩევნია სხვის ხარჯზე იცხოვროს, ვიდრე თავად იმუშაოს სტაბილური და ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს გადარჩენაა. მთავარია, ხელისუფლება, მოსახლეობა და ახალგაზრდობა გაერთიანდეს.

ქართველმა კაცმა თქვა, მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო. ჩემი განცხადებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სიმართლის თქმის არ უნდა გვეშინოდეს.

ჩვენი ხელისუფლება პატიოსანი და საქმიანია, მაგრამ დამნდობი და ზედმეტად ჰუმანური.

რუსუდან შელია

TOP.GE