"2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ - თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება"
"დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა"
"უამრავ კომპანიასთან გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, რადგან დამნაშავეები ჩვენ ვართ"
მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, თუმცა ამბობს, რომ ძირითადად მემკვიდრეობით მიღებული სიტუაციის გამოსწორება უწევს. დაინტერესდება თუ არა დარღვევებით შედგენილი ხელშეკრულებებით პროკურატურა და რა ცვლილებები გატარდება მომავალი წლიდან, "კვირის პალიტრასთან" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საუბრობს:
- ამ ეტაპზე უამრავ მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის, ავტობანის, წყლისა და კანალიზაციის მოწესრიგებისთვის. ზუგდიდის წყალმომარაგებაზე ტენდერი, პრაქტიკულად, დასრულდა, ფოთში კი ანალოგიური ტენდერი ამ დღეებში გაიხსნება. თავდაპირველად წყალმომარაგებაში 28 სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და საბოლოოდ 22 პროექტი დამტკიცდა. ეს 22 პროექტიც დღეს პრობლემების წინაშე დგას, რადგან მისი დაგეგმვისას დონორის მოთხოვნები არ შესრულებულა - უნდა გაკეთებულიყო ევროპული სტანდარტის პროექტი, თუმცა ის საბჭოთა სნიპებით (სამშენებლო ნორმები) შესრულდა. ასეთი პროექტი კი, ბუნებრივია, არც ერთმა დონორმა არ დააფინანსა. ამის გამო პროექტების გადაკეთება დაიწყეს, თუმცა ისევ სნიპებით. მთელი წელი ამ ხარვეზების გამოსწორებას მოვანდომეთ. იმედია, წლის ბოლომდე პროექტირება დასრულდება.
- რა პერიოდში შეიქმნა 28 პროექტი ხარვეზებით?
- 28 პროექტის შესრულება 3 წლის წინ დაიგეგმა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში პროექტები არასწორად კეთდებოდა. ხარვეზები გამოვასწორეთ და საერთაშორისო დონორებმაც დამატებითი ფინანსები გამოგვიყვეს. როდესაც არასრულყოფილი პროექტების გზადაგზა შესწორება გიწევს, კომპანიას ობიექტის დროულად ჩაბარებასა და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს ვერ მოსთხოვ.
უამრავ კომპანიასთან გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, რადგან დამნაშავეები ჩვენ ვართ.
სხვა მიმართულებითაც ვაწყდებით პრობლემებს. მაგალითად, პროექტის ჩაბარების შემდეგ საპროექტო ორგანიზაციებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ ეკისრებათ. ახალ კონტრაქტებში ეს მიდგომა შეიცვლება - ჩემი მოთხოვნაა, პროექტის დასრულებამდე მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებელი პროექტანტი იყოს. რაც მთავარია,
წლების განმავლობაში გვეგონა, რომ სერიოზულ პროექტებს უცხოური კომპანიები ახორციელებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ უცხოურ აბრებს ქართველები არიან შეფარებული და პროექტებსაც ისინი გვაძლევენ.
ქართველების შრომასა და უნარს არ ვაკნინებ, უბრალოდ, პასუხისმგებლობის არარსებობის გამო უცხოური კომპანიები ქართველებს აბრებს მარტივად აძლევენ. ახალ კონტრაქტებში რეპუტაციური რისკიც ჩაიწერება და უცხოური კომპანიები ე.წ. ქართულ ფილიალებს უპასუხისმგებლობის შესაძლებლობასაც აღარ მისცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვილი უცხოური კომპანიები მთელ მსოფლიოში "გაშავდებიან".
- არ ფიქრობთ, რომ დამატებითი პირობების ხელშეკრულებაში ჩადება პროექტების შესრულებას კიდევ უფრო შეაფერხებს, თანაც შესრულებულ სამუშაოებს დამატებითი ექსპერტიზაც ხომ უტარდება?
- უწესრიგობიდან წესრიგზე გადასვლა ყოველთვის შემაფერხებელია, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია. ახლა საერთაშორისო პრაქტიკაზე ვსაუბრობ და არა ნოდარ ჯავახიშვილის ახირებაზე. რაც შეეხება ექსპერტიზას, უმრავლეს შემთხვევაში ექსპერტიზის პასუხი არაფერს ნიშნავს. კიდევ ერთი პარადოქსი: გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებშიც სამინისტრო და გზების დეპარტამენტი აპრიორი პირობის დამრღვევებად არიან წარმოჩენილი. ყველა კონტრაქტში, რომელშიც პირადად ჩავიხედე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ კომპანიას მთლიან სამუშაო ფართობზე მისცემს 100-პროცენტიან წვდომას. ანუ მთელ იმ რადიუსზე, სადაც სამუშაოები აქვს კომპანიას ჩასატარებელი, სამუშაო მოედანს გაუთავისუფლებს. არც ერთ პროექტში ეს პირობა შესრულებული არ არის.
გამოდის, რომ ხელშეკრულების მოქმედების დაწყებისთანავე დამნაშავეები ვართ, რადგან კონტრაქტის პირობას არ ვასრულებთ. ვეჭვობ, ეს შეგნებულად კეთდებოდა, რადგან ჩვენი მხრიდან კონტრაქტის ხელმომწერმა ყველა პირმა იცოდა, რომ სამშენებლო მოედანი მთლიან ფართობზე რეალურად ვერ გათავისუფლდებოდა.
- მიანიშნებთ, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნები კომპანიებთან იყვნენ გარიგებული?
- ფაქტია, სამინისტრო და სტრუქტურული ქვედანაყოფები მსგავს ხელშეკრულებებს ხელს აწერდნენ, რაც მუშაობაში სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა.
ამ შემთხვევაში პროკურატურას არ წარმოვადგენ, ვცდილობ, არასწორი მიდგომები გამოვასწორო.
- ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობთ. მიაწოდეთ მასალები შესაბამის უწყებებს?
- თუ აქ დანაშაული იკვეთება, ამ მასალას წაიკითხავენ და ზომებსაც მიიღებენ.
- ტენდერები სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლია...
- ბოლო პერიოდში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა:
სამინისტროში უსაფუძვლო საჩივრების რაოდენობა გაიზარდა. გამიჩნდა ეჭვი, რომ აქ საბოტაჟის ელემენტებია. რატომ უნდა გაასაჩივროს ტენდერის შედეგები კომპანიამ, რომელმაც კარგად იცის, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო? გასაჩივრების შემთხვევაში ხომ პროცედურების დასრულებამდე საქმის დაწყება ფერხდება?
რასაკვირველია, საბოტაჟიც დანაშაულია, მაგრამ ეჭვის საფუძველზე საქმეს ვერავინ აღძრავს. ჩივილის უფლება ყველა კომპანიას აქვს და ამის გამო ვერავის დავიჭერთ.
- რეგიონებში მოსახლეობა ჩივის, რომ მიწის სანაცვლოდ არაადეკვატურ ფასს სთავაზობთ.
- სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილი ცდილობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების ხარჯზე ხელი მოითბოს, თუმცა ამ მხრივ ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკა შევიმუშავეთ: ვინც სახელმწიფოს საქმის კეთებაში ხელს უშლის, ის კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
დემაგოგიით შედეგს ვერავინ მიაღწევს. ავტობანის არსებობის შესახებ საზოგადოებამ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, როდესაც ბატონმა სააკაშვილმა კომპანია "მილენიუმ ტრანსი" საგანგებოდ შექმნა და გურიისა და ქობულეთის ტერიტორიაზე, სადაც ავტობანი უნდა გასულიყო, მიწები წინასწარ შეიძინა. ეს პირდაპირი დანაშაულია, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული თანხები ჩაიჯიბეს. თუ მომჩივანებიდან რომელიმე ფულის გაყოფას სააკაშვილთან აპირებს, იდგეს და იჩივლოს. ჩვენ არა მხოლოდ მიწის, მასზე არსებული ნარგავებისა თუ ნაგებობების ღირებულებას ვიხდით. ამ ადამიანებს თანხას დანარჩენი საქართველოს ხარჯზე ვუხდი, ამიტომ იქნებ ვკითხოთ მოსახლეობას, უნდა თუ არა, რომ ადგილობრივებს 20 ლარი გადავუხადო, როცა მისი რეალური ფასი 30 თეთრია? გვქონდა შემთხვევა, როდესაც სამტრედიის შემოვლითი გზის გასაყვანად ადგილობრივ მოსახლეობას 3 ლარი გადავუხადეთ და პრეტენზია არავის გამოუთქვამს. მხოლოდ ერთი ოჯახი ამბობდა, რომ ხუთი დოლარი უნდა გადაგვეხადა, თუმცა ვერ გვიხსნიდნენ, რატომ. დავრდომილი მამა გამოიყვანა და გზა გადაკეტეს, თუმცა პოზიცია არ დაგვითმია და კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ. გერგეთშიც პრობლემები გვაქვს, მიწის შეფასება ჩამოგვიტანეს, კვადრატული მეტრი 34 ლარი ღირსო, არადა, ამდენი ნიცაშიც კი არ ღირს მიწა.
- დღევანდელი მდგომარეობით, წლის ბოლომდე ბიუჯეტის შესრულებას თუ მოახერხებთ?
- წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება, რადგან ავანსებით გეგმის შესრულებას არ ვაპირებ. ადრე 20-30%-მდე ავანსები გაიცემოდა, რაც ბიუჯეტის სახსრების ათვისებად ითვლებოდა. როდესაც მიზეზი ვიკითხე, პასუხი ვერავინ გამცა. ავანსის გაცემის ახალი ფორმულა ასეთი იქნება: 10%+10% (დასაბუთების შემთხვევაში კომპანია ავანსად 10%-ს მიიღებს შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ასევე დასაბუთებულად 10%-ის ჩარიცხვაა შესაძლებელი), თუმცა კომპანიებმა დასაბუთებულად უნდა წარმოადგინონ, რისთვის სჭირდებათ ავანსი. თუ დეკემბერსა და იანვარში სამუშაოები შესრულებული არ იქნება, თანხას არ გავცემთ.
- გასულ კვირას ერთი დოლარის ღირებულებამ 2,54 ლარს მიაღწია. არადა, მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის კანონზე ვეტოს მოხსნის შემდეგ ვითარება გამოსწორდებოდა. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე?
- სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად,
დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა,მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2.54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64% დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყიდოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება.
- სოციალურ აფეთქებას გულისხმობთ?
- საზოგადოების ფსიქიკა ბოლო წლებში ისე შეიცვალა, რომ შედეგებზე საუბარი ძნელია. არც ისე დიდი ხნის წინ გავიგეთ, რომ თურმე მოსახლეობის ნაწილი წარმოუდგენელ შეურაცხყოფას ითმენდა. საზოგადოდ კი, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არა მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს.
- რამდენად სწორია ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა?
- ვფიქრობ, ეს არასწორი ნაბიჯია, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილებაა.
- ანუ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა?
- ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს, პოლიტიკურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ქადაგიძის წინააღმდეგ არის მიმართული. ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ჯობია, ეროვნულ ბანკს ბანკებზე ზემოქმედების ეს იარაღი არ ჰქონდეს და ფულად-საკრედიტო პოლიტიკით დაკავდეს. ჩემი აზრით კი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება პრობლემა იქნება, თუ ეროვნული ბანკი ბანკთა ბანკი არ იქნება.
ეროვნული ბანკი ბანკების მამინაცვალი კი არა, მამა უნდა იყოს, მაგრამ ეს ჩემი აზრია და არ ნიშნავს, რომ აპრიორი სწორს ვამბობ.
რუსუდან შელია