"ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა" - კვირის პალიტრა

"ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა"

24 სექტემბერს 300 არაგველის ხსოვნის დღე აღინიშნება

წელს 300 არაგველის ღვაწლის კიდევ ერთხელ აღსანიშნავად კრწანისში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დააბრძანებენ 300 არაგველის სახელობის ხატს, სადაც დილით 9 საათიდან დაიწყება წირვა. წირვის შემდეგ, 12 საათიდან 16 საათამდე კრწნისის ველზე, 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

1795 წლის სექტემბერი იდგა…

საქართველოში უკვე ხვდებოდნენ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა არ გაამართლა! მსოფლიოში სახელგანთქმულ მეომარ მეფეს - ერეკლე მეორეს, ჩრდილოელმა მოკავშირემ დაპირებული სიმშვიდისა და აყვავების ნაცვლად ქართლ-კახეთში შფოთი და არეულობა მოუტანა. ყველაზე მეტად კი ქვეყანას შინააშლილობა, ქიშპი და გაუტანლობა აუძლურებდა. უპირველესად თავად სამეფო ოჯახში იყო დიდი განხეთქილება. მის თითოეულ წევრს თავისი აზრი მიაჩნდა ჭეშმარიტებად, საკუთარი თავი კი - ტახტის მემკვიდრედ. ასე დაქსაქსული, დანაწევრებული და დაუძლურებული შეხვდა ქვეყანა 1795 წლის სექტემბერს... საქართველოსკენ ყაჯარი საჭურისი აღა-მაჰმად-ხანი მოემართებოდა...

(იხილეთ სტატია: "შერცხვენილი იყოს ის, ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს!..")

იმ ათას მთიელ მეომარს შორის, რომლებიც ტფილისში ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის მეთაურობით ჩამოვიდნენ, არაგველებიც იყვნენ. არაგვი ოთხია (ზოგი წყაროთი ექვსი): მთიულეთისა (თეთრი), გუდამაყრის (შავი), სოფელ ქისტაურთან ფშავის არაგვი და ხევსურეთის არაგვი ერთდებიან. მთიულეთის, ანუ ძირითად მდინარეს ფშავის არაგვი ჟინვალთან უერთდებოდა. ყველა ამ მდინარეთა ხეობებში მცხოვრებთ, რა თქმა უნდა, უფლება ჰქონდათ არაგველებად წოდებულიყვნენ, მაგრამ 1795 წლისათვის ისტორიული წყაროების მიხედვით, არაგველებად მხოლოდ მთიულეთისა და გუდამაყრის არაგვის ხეობის მცხოვრებნი სახელდებიან. ესე იგი, ვახტანგ ბატონიშვილის რაზმი შედგებოდა თუშ-ფშავ-ხევსურთა და არაგველთაგან. თავად არაგველები კი იყვნენ: მთიულები, გუდამაყრელები, ხანდოელები, ჭართლის თემის მცხოვრებნი და მცირედი მოხევეები (ვ. ითონიშვილი), რიცხვით სამასნი.

იაკობ გოგებაშვილი მათ "სამას გლეხს" უწოდებს, ალბათ, საქართველოს ისტორიაში დაბალი ფენების როლის წარმოსაჩენად. თუ ძირისძირობამდე ჩავყვებით, ამ ტენდენციის სიმართლესაც დავინახავთ. ფეოდალური საქართველოს არისტოკრატია ხომ გლეხობის ბალავარზე იდგა. გარდა იმისა, რომ წვრილი ერი შრომის ერთობ მძიმე ჭაპანს ეწეოდა, ომებში მონაწილეობაც ევალებოდა და მონაწილეობდა კიდეც. გამორიცხული არ არის, სამას არაგველში გლეხებიც ერივნენ და აზნაურებიც, მაგრამ ჩვენი აზრით, მათი უმრავლესობა მაინც "კაი ყმა" უნდა ყოფილიყო (ეს ცნება არა მარტო ქართველ მთიელებს შორის, არამედ საზოგადოდ, კავკასიელ მთიელთა შორის იყო გავრცელებული).

სისხლისმღვრელი ომის პირველ ბრძოლაში გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს. გადმოცემით, დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში და... კრწანისის ბრძოლაც ღალატითა და დამარცხებით დასრულდა.

კრწანისის ველზე მტრის სისხლით შეღებილი იწვნენ მამაცი არტილერისტები: გიორგი გურამიშვილი, გაბრიელ მაიორი, აღალუა, მსახიობი და მუტრიბი მაჩაბელა თავისი დასით, მთლიანად სამი ათასი გმირი ქართველი: თუში, ფშაველი, ხევსური, მთიული, მოხევე, ქართლელი, კახელი, იმერელი (იმერეთი იმ დროს მთელ დასავლეთ საქართველოს ეწოდებოდა) - საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მცხოვრები რჩეული ვაჟკაცი. მათ შორის 300 ფიცგაუტეხელი არაგველი. ისინი ავანგარდში იდგნენ მთელი ომის განმავლობაში. იბრძოდნენ კრწანისის მისადგომებთან; სხვებთან ერთად მათაც გამოსტაცეს შაჰს საბრძოლო ბაირაღები; იბრძოდნენ ყარყუთასთან; კრწანისის ველის ყველა ხანდაკთან; უკან დახევისას მკერდით აეფარნენ მეფეს. ბოლოს კი, როცა ერეკლე სამშვიდობოს დაიგულეს, ქალაქში გააგრძელეს ბრძოლა, თითომ ათისა და ოცის წინააღმდეგ. ასე თანდათან შეთხელდა მათი რიგები, თანდათან დაილივნენ. ასე ნელ-ნელა გათავდა 300 არაგველი. "ყველამ მტკიცედ, სავსებით და ვაჟკაცურად დაიცვა ფიცი. ყველამ ბრძოლის ველზე დალია თავისი გმირული სული, ყველამ თავის სამშობლოს შესწირა სიცოცხლე" (ი. გოგებაშვილი).

24 სექტემბერს, საქართველოში, წმინდანად შერაცხული 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნება. წელს 300 არაგველის ღვაწლის აღსანიშნავად კრწანისში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დააბრძანებენ 300 არაგველის სახელობის ხატს, სადაც დილით 9 საათიდან დაიწყება წირვა. წირვის შემდეგ, 12 საათიდან 16 საათამდე კრწნისის ველზე, 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის ორგანიზებით, გაიმართება 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ლექსად და სიმღერად გაცოცხლდება 300 არაგველის გმირობა. ქართული წესის შესაბამისად, სამასი დანთებული სანთლით და წითელი ღვინით სავსე ფიალით, დამსწრე საზოგადეობა პატივს მიაგებს გმირების ხსოვნას.