"წარმატებები, მგლებო!" - ავღანეთში მებრძოლი ქართველი სამხედროების წერილი "ბორჯღალოსნებს" - კვირის პალიტრა

"წარმატებები, მგლებო!" - ავღანეთში მებრძოლი ქართველი სამხედროების წერილი "ბორჯღალოსნებს"

"ჩვენ აქ ცხელ წერტილში იარაღით ხელში ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სახელით, თქვენ კი მანდ ბურთით იბრძვით"

საქართველოს რაგბის კავშირმა ავღანეთში მყოფი  ქართველი სამხედროებისგან წერილი მიიღო. გუშინ ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის თანამებრძოლებმა შეძლეს ძალების მოკრეფა და  "ბორჯღალოსნების" მხადასაჭერად წერილი მოიწერეს.

"ამ წერილს შორეული ავღანეთიდან გწერთ მიუხედავად იმისა, რომ დღეს არავის სურს რაგბზე და საერთოდ რაიმე სასიხარულოზე საუბარი აქ, რადგან ჩვენ კიდე ერთი გმირი დავკარგეთ გუშინ, მაინც გვინდა ყველა ქართველი ჯარისკაცის ხმა მივაწვდინოდ ჩვენს "მგლებს" ინგლისში. 19 სექტემბერს მათ მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული სიხარულით დღემდე ამაყები ვართ!..

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა დაფიქრებული დადის, აქა-იქ მაინც ისმის მომავალი თამაშის შესახებ დისკუსიები, ყველა მოუთმენლად ველით არგენტინასტან მატჩს და ვფიქრობ, რომ წარმატებით დასრულებული თამაშის შემდეგ ცოტა ხნით მაინც შეუმსუბუქდებათ ბიჭებს ეს მძიმე ტვირთი, რაც ამ ბოლო პერიოდში აწევთ მხრებზე თანამებრძოლის დაკარგვით.

ბორჯღალოსნებს გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ აქ ცხელ წერტილში იარაღით ხელში ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სახელით, თქვენ კი მანდ ბურთით იბრძვით. წარმატებები, მგლებო!"

"გუშინ ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა.