"რა იქნება ჩემი ენა ვიცოდე, ვლაპარაკობდე, ვკითხულობდე ქართულად" - ტაოელი ქართველების ნატვრა და თხოვნა - კვირის პალიტრა

"რა იქნება ჩემი ენა ვიცოდე, ვლაპარაკობდე, ვკითხულობდე ქართულად" - ტაოელი ქართველების ნატვრა და თხოვნა

"ისე გამიხარდა, რომ მითხარით, საქართველოდან გირეკავთო... რაღაცნაირად დამიარა გულში თბილმა ტალღამ. ლამაზად ვერ ვლაპარაკობ ქართულად, მაგრამ გულით ვამბობს, რასაც ვამბობ და იმედია, მიმიხვდებით და გამიგებთ - მინდა, ჩემი ენა არ დაიკარგოს და ჩემმა შვილებმაც შეძლონ ქართულად წერა-კითხვა".

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც იუსუფელის (ტაო) რაიონის, სოფელ ტაოს ქართველი მოსახლე საქართველოს მიმართავს და ქართული ენის სწავლაში დახმარებას ითხოვს... "კვირის პალიტრა" იხსან ოზურეკს, რომელიც ტაოში, სოფელი ქობაიში (ქობაქში) ცხოვრობს, თურქეთში დაუკავშირდა.

- ახლა მე ართვინში ვარ, სოფელში. ისე გამიხარდა, რომ მითხარით, საქართველოდან გირეკავთო... რაღაცნაირად დამიარა გულში თბილმა ტალღამ. ლამაზად ვერ ვლაპარაკობ ქართულად, მაგრამ გულით ვამბობს, რასაც ვამბობ და იმედია, მიმიხვდებით და გამიგებთ - მინდა ჩემი ენა არ დაიკარგოს და ჩემმა შვილებმაც შეძლონ ქართულად წერა-კითხვა. აქამდე ისე მოვედით, რომ რაღაც დონეზე მაინც შევინარჩუნეთ ქართული, მოსაუბრე აზრს გაჭირვებით გამოიტანს და რახან აქამდე ასე მოვედით, გვინდა, სკოლებში ქართული ისწავლებოდეს. ჩვენი დედაენა ძალიან გვიყვარს. მახსოვს, ჩემი წინაპრების მიერ ქართულად შესრულებული სიმღერები და ზღაპრები.

- ხომ იყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც თურქეთის სკოლებში ქართული ენის გაკვეთილების უნდა დაწყებულიყო?

- იყო, მაგრამ ალბათ ქაღალდზე, ან სულაც თითო-ოროლა სკოლაში შეიტანეს. ჩვენამდე არ მოუღწევია... არადა, აქ რომ ქართველები ჩამოდიან, ტურისტები, ან სხვანი, თუნდაც ბიზნესმენები, თვალებს ცრემლი მოსდის, ისე მინდა ჩემიანებს ჩავეხუტო და მოვეფერო, მინდა ვიუთხრა, რომ მათ ჩემს და-ძმებად ვთვლი. ზოგი იგებს ჩემს განწყობას და იგივე სითბოთი მპასუხობს, ზოგი - ვერა. ვერც მე ვიგებ, რას მეუბნებიან ჩემებური ქართველები. ბევრი უბრალოდ მიღმის და თავს მიქნევს, რადგან ჩემს არეულ-დარეულ ლაპარაკს ვერ იგებს. სახლში შევდივარ და ვფიქრობ, რა იქნება ჩემი ენა ვიცოდე, ვლაპარაკობდე, ვწერდე, ვკითხულობდე ქართულად... მინდა, ჩემი შვილები მაინც ესაუბრებოდნენ აქ ჩამოსულ ქართველებს გამართულად. აქ გარშემო არავინ იცის სალაპარაკო ქართული. საშუალება რომ იყოს, მეც ვისწავლი, ჩემი ცოლიც. შვილებზე ხომ ლაპარაკიც არ არის. ჩვენც ხომ ქართველები ვართ... თქვენთვისაც კარგი არ იქნება აქ რომ ჩამოხვალთ, ჩვენებურად დაგელაპარაკოთ? იქნებ ,მოგვაქციონ ყურადღება და გულთან ახლოს მიიტანოს ვინმემ ჩემი სურვილი. ჩემს აზრზეა გარშემო ყველა, რადგან სულ ქართველები ვართ - ჩვენამდე წინაპარმა შეინარჩუნა და მოიტანა ენა. ის ქართული კერძებიც კი კეთდება ჩემს სახლში, რასაც ჩემი დიდი ბებია აკეთებდა, არ გვინდა მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს. ახლა თქვენც დაგვეხმარეთ, რომ ჩვენი შვილებმა მშობლიურ ენაზე დაიწყონ ლაპარაკი და ფესვებს დაუბრუნდნენ.

- რამდენი შვილი გყავთ?

- ხუთი, ისეთი კარგი ბიჭები მყავს, ერთი ფეხბურთელია. ჯერ პატარაა, მაგრამ მაინც იცის, რომ ქართველია... აქ ჩვენ ყველაფერი გვაქვს, სამსახურიც, ნორმალური შემოსავალიც, ცხოვრების პირობებიც. მადლობელი ვართ თურქეთის ხელისუფლების, ყველაფერის გვაქვს, დედაენის შესწავლის საშუალების გარდა, მშობლიური ენა კი, ყველაფერზე ტკბილი და მნიშვნელოვანია.

ამ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ქართულიენის სწავლების პროგრამა, რომელიც მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, V, VI, VII და VIII კლასებში სწავლის 244 საათს ითვალისწინებდა. მაშინ, პროექტის ორგანიზატორი, ელიზბარ ცივნარიძე გვიყვებოდა, რომ ეს პროექტი თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის იყო და ალბათ ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა.

ელიზბარ ცივნარიძე:

- "ქართული კულტურის სახლის" ინიციატივითა და თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მათთან თანამშრომლობის საფუძველზე, მომზადდა "ქართული ენის სასწავლო პროგრამა" (ნუსხა), როგორც არჩევითი საგანი თურქეთის სკოლების მოსწავლეებისთვის. შემდეგ ეტაპზე, ჩვენი სურვილია, მთელი თურქეთის მასშტაბით, საშუალო სკოლებისა და რელიგიური სკოლების V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებმა მას მიანიჭონ უპირატესობა, როგორც არჩევით საგანს. მთავარია, ინფორმაცია სწორად და დროულად მიაწოდონ ქართული წარმოშობის მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართულია. უკვე ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ყველას, ვისაც ქართული ენის შესწავლა აინტერესებს, მოვუწოდებთ, უპირატესობა ქართულ ენას მიანიჭონ. არსებული რეგულაციის თანახმად, სკოლის ხელმძღვანელობას სპეციალური კლასის გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ამის სურვილს 10 მოსწავლე მაინც გამოთქვამს. აქამდე არსებულ მსგავს სასწავლო პროგრამებს შორის, ქართული ენა პირველია, რომელიც თურქეთის საგანმანათლებლო სისტემაში საკუთარი ანბანით შემოდის. გარდა ამისა, ქართული აღიარებულია, როგორც საერთაშორისო, ისე - ადგილობრივ, ცოცხალ ენად...

ლალი პაპასკირი (სპეცილურად საიტისთვის)