ვნებათაღელვა თბილისის მერის არჩევნების გამო - კვირის პალიტრა

ვნებათაღელვა თბილისის მერის არჩევნების გამო

ვინ იქნება დედაქალაქის მერი? - კარგა ხანია, ეს კითხვა თბილისშიც და მთელ საქართველოშიც ბევრს აფორიაქებს. მით უმეტეს, რომ მმართველი პარტია მერობის საკუთარი კანდიდატის ოფიციალურ წარდგენას არ ჩქარობს. ამ ამბავმა, რბილად რომ ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.

უკვე კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიგი უგულავას საკმაოდ წონიანი მოწინააღმდეგეები ჰყავს ძალოვანი მინისტრების, კერძოდ, მერაბიშვილ-ადეიშვილის გუნდის სახით, აზრთა სხვადასხვაობაა ქართველ ექსპერტებშიც. ასე მაგალითად, ბატონ რამაზ კლიმიაშვილის აზრით, თვით მიხეილ სააკაშვილიც კი ძალიან შეშფოთებულია უგულავას მაღალი რეიტინგით და შესაძლოა მოქმედი მერი უფრო სასურველი კანდიდატით, მაგალითად გია ჭანტურიათი ჩაანაცვლოს. გვიჭირს ბატონ რამაზს დავეთანხმოთ, თუმცა მის პროგნოზს თუ დავუჯერებთ, - "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ წარდგენილი გია ჭანტურია ხელისუფლების სათადარიგო კანდიდატია". სახელისუფლებო გუნდში ამგვარ ვარაუდებს კატეგორიულად უარყოფენ. კრიტიკულად აფასებს მსგავს მოსაზრებებს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილიც:

- ბატონო ზურაბ, როდის უნდა წარადგინოს მმართველმა პარტიამ თავისი კანდიდატი?

- "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს კანონით დადგენილ ვადაში, ოფიციალურ პრეზენტაციაზე.

- ამბობენ, რომ გიგი უგულავას ნაცვლად შეიძლება სულ სხვა კანდიდატი ვიხილოთ.

- თუ ვინმეს სჭირდება მარჩიელობა ჩვენს კანდიდატთან დაკავშირებით, შეუძლია იმარჩიელოს, შეუძლია ქირომანტსაც მიმართოს. ჩვენ კი ოფიციალურად, კანონიერად გავაკეთებთ ყველაფერს. მგონი, არ ღირს ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი, რადგან ჩვენი პოზიცია  სავსებით გასაგებია...

P.შ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბატონმა ზურაბმა საკმაოდ ზუსტად და ლაკონურად აგვიხსნა "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გითხრათ, რომ საარჩევნო კანონის მიხედვით, (თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენები 30 მაისს ჩატარდება) მერობის კანდიდატები უნდა დასახელდეს არა უგვიანეს 30 აპრილისა. მართალია, 30 აპრილამდე საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირს - ბოლოს და ბოლოს, გავარკვევთ, ვინ შეიძლება ვიხილოთ თბილისის მერის ამპლუაში - კვლავ გიგი უგულავა თუ - მისი რომელიმე კონკურენტი.

ხათუნა ჩიგოგიძე