"მედუზა" ხომ სამშობლოში შევქმენი?!" - 23 წლის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევარსაც "სოთბის" სახლში გამოფენენ - კვირის პალიტრა

"მედუზა" ხომ სამშობლოში შევქმენი?!" - 23 წლის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევარსაც "სოთბის" სახლში გამოფენენ

"ფაქტი ჯიუტია, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნელოვანი იდეები და პოტენციალი ისევ ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეალიზდება ხოლმე; ჩვენი შესაძლებლობები, მეტწილად, სამშობლოსგან მოშორებით ისხამს ფრთებს. რატომ? - საკუთარ თავს ვკითხოთ და ადვილად გავცემთ პასუხს... დიდი ხანია დროა, მის გამოსასწორებლად ვიზრუნოთ!"

"საქართველო შეძლებს მეგალითებისა და კიჩების მსხვრევას და არა, ლეგენდებით, კულინარიითა და ისტორიული ოქროს ხანით, არამედ თანამედროვე რეალობით დანარჩენ მსოფლიოსთან გაბედულ ურთიერთობას; ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია".

ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ 23 წლის ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნამუშევრით მსოფლიოს წამყვანი "სოთბის" ხელოვნების სააუქციონო სახლი დაინტერესდა. უამრავი სახელგანთქმული არტისტიდან, სწორედ 23 წლის ქართველი ხელოვანი აარჩიეს და მისი ნამუშევარი, სახელწოდებით "მედუზა", ნიუ-იორკის "სოთბის" სახლში 15 ოქტომბერს გამოიფინება. (იხილეთ ლევან სონღულაშვილის ნამუშევრების ფოტოგალერეა)

მხატვარმა "მედუზა" ჯერ კიდევ 22 წლისამ, საქართველოში ყოფნისას შექმნა. ლევანის ნამუშევრები უკვე ევროპის, ამერიკისა და აზიის არაერთი კოლექციონერის კერძო კოლექციებშია დაცული. ის 2014 წელს წარმატებით ჩაირიცხა ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ ვიზუალური ხელოვნების სამაგისტრო სასწავლებელში, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, რომლის ისტორიაშიც ის პირველი ქართველი სტუდენტია. არის "განათლების საერთაშორისო ცენტრის" სტიპენდიანტი. საინტერესოა, რომ ლევანს თვით ლეგენდარულმა არტისტმა ჯეფ კუნსმა შესთავაზა სამსახური თავის მანჰეტენის კომპანიაში.სასიხარულოა, რომ უამრავი აპლიკანტის პორტფოლიოს გაცნობის შემდგომ, კურნსის სამიზნე სწორედ ლევან სონღულაშვილი გახდა. ქართველი ხელოვანი ახლო მომავალში კონცეპტუალური გამოფენის გამართვასაც გეგმავს...

"მედუზა"

ლევანთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ის არა მხოლოდ ნიჭიერი ადამიანია, სამშობლოს ბედზეც ბევრს ფიქრობს. აქვს თავისი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, რათა თანამედროვე მსოფლიოში თავისი ადგილი დაიმკვიდროს:

- უკლებლივ ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოლოცვისთვის! სასიამოვნოა, როდესაც საზღვარგარეთ წასული ადამიანი სამშობლოდან თანამოქალაქეების მხარდაჭერას გრძნობს. მისასალმებელია, თუ ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, ხელოვნების როლს ცნობიერების ამაღლებისა თუ ქვეყნის კულტურული ადგილის პოვნის და თანამედროვე მსოფლიოსთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით, გრძნობს და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს მის ხელშესაწყობად და საჭირო ინფრასტურქტურის შექმნა-განვითარებისთვის...

დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი ჩვენი ყოფიერების შეუქცევადი პროცესია; ის, თუ როგორ ვეპყრობით დროსა და სივრცეს, ჩვენზეა დამოკიდებული. იგივე ითქმის სახელმწიფოზე, რომელსაც ადგილი ვერ უპოვია თანამედროვე მსოფლიოსთან, მითებსა თუ ისტორიას თავშეფარებული, აწმყოს გაურბის, რითაც უკეთესი მომავლის შექმნის პერსპექტივა ქრება.

საკუთარი მისიის აღმოსაჩენად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ბავშვობაში ჩაისახა ის, რასაც სამომავლო საზრისი გააჩნდა და შემდგომი განვითარება ჰპოვა. მოკლედ, ჩემი მისია ვიზუალური ხელოვნებით სამყაროსთან ურთიერთობის საშუალებაა, რაშიც ბევრი რამ იგულისხმება. პირველ რიგში, თანამედროვე სახვითი ხელოვნება ჩვენი ცნობიერების ამაღლებას და ახალი სააზროვნო სივრცის გახსნას უნდა ემსახუროს, რაც იმავდროულად, საზოგადოების მხრიდან ვიზუალური მეტყველების აღქმა-გაგებას მოითხოვს, რასაც საგანმანათლებლო სისტემამ უნდა შეუწყოს ხელი.

დასავლურ თუ აღმოსავლურ სამყაროსთან კულტურული იდეების გაცვლა და დიალოგი აუცილებელია, ხელოვნება კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდი. სახელოვნებო სასწავლებლებში საგანმანათლებლო სისტემის გახორციელების პროცესი თავად სისტემას კი არა, სტუდენტისგან შემოქმედ, მოაზროვნე, ეჭვებითა და შეკითხვებით დატვირთულ სუბიექტად ქცევის ჩამოყალიბებას უნდა ემსახუროს, რათა ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი ნაწილი გახდეს და მიმდინარე საერთაშორისო სახელოვნებო პროცესების პოსტსაბჭოთა საქართველოში გახორციელების გზით, ახალი სუნთქვა შემოიტანოს, რათა მოქალაქეობრივი თვითშეგნება, აქტიურ კულტურულ ცხოვრების წესთან ერთად, ამაღლდეს და მომავალი თაობისთვის გაცილებით ორგანული გახდეს.

მთავარი ის კი არაა სად, არამედ რას სწავლობ, რამდენად თავისუფლდები ცოდნაში, როგორ უწყობ ნაბიჯს ნატურალურ, ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ რიტმს და რამდენად ხილული ხდება უხილავი.

საგანმანათლებლო ინსტიტუციებს რომ თავი დავანებოთ, ახალ ცოდნა-გამოცდილებას გარემო, კულტურული არეალის ცვლილება, თავისთავად იძლევა, თუ მისი დანახვისა და მიღების უნარი შეგვწევს. სწორედ ამიტომ, გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები სწავლამოწყურებული ახალგაზრდებისთვის აუცილებელია.

სამწუხაროდ, ფაქტი ჯიუტია, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნელოვანი იდეები და პოტენციალი ისევ ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეალიზდება ხოლმე; ჩვენი შესაძლებლობები, მეტწილად, სამშობლოსგან მოშორებით ისხამს ფრთებს. რატომ? - საკუთარ თავს ვკითხოთ და ადვილად გავცემთ პასუხს... დიდი ხანია დროა, მის გამოსასწორებლად ვიზრუნოთ! მჯერა, რომ სხვადასხვა ინტერესების, განსხვავებული სპეციალობის პროფესიონალი სუბიეტები, თუ საერთო იდეისთვის გავერთიანდებით, რომლებიც არა პირად კომფორტზე, არამედ, საერთო მომავალზე, ქვეყნის კურსზე ვიფიქრებთ და კარგად გააზრებულად ვიმოქმედებთ, საქართველო შეძლებს მეგალითებისა და კიჩების მსხვრევას და არა, ლეგენდებით, კულინარიითა და ისტორიული ოქროს ხანით, არამედ თანამედროვე რეალობით დანარჩენ მსოფლიოსთან გაბედულ ურთიერთობას; ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია.

წინ არაერთი მნიშვნელოვანი გეგმა მაქვს, რაც არა მხოლოდ პირად, ქვეყნის ინტერესებსაც ემსახურება. მხატვრობამ, დღეს, უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა, როგორც ვიზუალურმა ხელოვნებამ, ვიდრე ტრადიციული გაგებით. მისი ფუნქცია საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. დასახული გეგმის ნაწილი სწორედ საქართველოში საერთაშორისო სახელოვნებო პროექტების გახორციელებას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და თანატოლ-თანამემამულეებთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად, კულტურული ურთიერთობების აქტიური მიმოცვლით, სუფთა ჰაერის შემოჭრის მიზანს ემსახურება, რაც ქვეყანას, გარკვეულწილად, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში დაეხმარება.

სახელმწიფოში მიმდინარე კულტურულ გარდატეხებს ყოველთვის ცალკეული ინდივიდები, ხალხთა ვიწრო ჯგუფი ქმნიდა... დღესაც, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მეგულება საზოგადოების წევრები, რომელთაც პროგრესის შექმნის დიდი პერსპექტივა აქვთ... ამისათვის აუცილებელია მათი დროული შემჩნევა და ხელშეწყობა!

წარმატება ფეიერვერკს ჰგავს ღამით; წამით ყველას მონუსხავს, საერთო აღტაცებაში მოიყვანს და ბოლოს, კვლავ მთვარით განათებული ვარსკვლავებით მოჭედილი ცის წინაშე აღმოვჩნდებით, მზერას მოვწყვეტთ და ზურგს შევაქცევთ მას, რაც გაცილებით შთამბეჭდავი, ფანტასტიური და რეალურია... რაც ასე ახლობელი და შორეულია... რაც ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო. ვსეირნობ ცენტრალ პარკში და თავს ვარიდებ მონიტორებით აჭრელებულ "Time Square"-ს, სადენების გარსში მოქცეულ, "სელფებისთვის" მომზადებულ ხალხის მასას, რომლის მიღმაც სული შეუმჩნევლად დაძრწის. გვესმის, რისი გაგებაც გვსურს, ვხედავთ, რისი დანახვაც გვინდა, მაგრამ დაბადებიდან ონტოლოგიური მარტოობისთვის განწირულ არსებას დიალოგი სჭირდება...

ნუ დავუცდით სხვას, ვეცადოთ, საკუთარი პოზიცია გაგვაჩნდეს და ერთმანეთი არა - სტატუსებით, არამედ პიროვნების რეალური შესაძლებლობებით შევაფასოთ ხოლმე. "მედუზა" ხომ სამშობლოში შევქმენი?!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

(ფოტოგალერეა)