არეულობა პარლამენტში და პარლამენტთან - კვირის პალიტრა

არეულობა პარლამენტში და პარლამენტთან

"დეპუტატს აქციის მონაწილეებმა რუპორი ესროლეს და პიჯაკი შემოახიეს"

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ,,თავისუფალი ზონისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ "რუსთავი-2"-ს მხარდასაჭერად მოწყობილი აქციას მიმდინარეობისას, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ითხოვენ და ამობობენ, რომ ხელისუფლებამ თავისუფალ მედიაზე ზეწოლას თავი უნდა დაანებოს.

პარლამენტარ დავით ლორთქიფანიძეს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ და მათი გაშველება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებს მოუხდათ. დეპუტატს აქციის მონაწილეებმა რუპორი ესროლეს და პიჯაკი შემოახიეს. ლორთქიფანიძეს შეხლა-შემოხლა მხოლოდ აქციის მონაწილეებთან არ შემოიფარგლა. პარლამენტში, პლენარული სხდომის გახსნამდე, დეპუტატები ლორთქიფანიძე და უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია გახდა. აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს დებუტატ ლუკა კურტანიძესაც, რომელიც ვითარების განეიტრალებას შეეცადა: - "შენ ჭიდავი თუ გინდოდა, ვერ დარჩი ჭიდაობაში?!" - უყვიროდნენ პროტსტანტები კურტანიძეს.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელში ჩაიგდოს "რუსთავი-2" და თავისუფალი მედია, თუმცა ამას უბრალო მოქალაქეები არ დაუშვებენ.

ფიზიკური დაპირისპირების გარდა, საინტერესოა, რომ პარლამენტის ბიურომ "ნაციონალური მოძრაობის" წინადადება, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ მოვლენებზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მსჯელობის გამართვის თაობაზე, არ გაითვალისწინა. ბიუროს უარის მიზეზი რეგლამენტით დადგენილი პროცედურის დაცვა გახდა.

სხდომის წამყვანის ზვიად ძიძიგურის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" წინადადება, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მსჯელობის გამართვის თაობაზე პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა და შესაბამისი საკითხი, სხდომის დღის წესრიგში ჩასმის თაობაზე, ბიუროს არ წარდგენია. შესაბამისად, უმრავლესობამ არ გაითვალისწინება უმცირესობის წინადადება - "რუსთავი 2"-ის თემაზე დღეს პარლამენტში მსჯელობის გამართვის თაობაზე და კენჭი უყარა იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართვას, რეგლამენტით დადგენილი პროცედურის მიხედვით განიხილავენ.

საბოლოოდ პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა საერთოდ ჩაიშალა, უფროს სწორედ, კვორუმის უქონლობის გამო სხდომა ვერ გაიხსნა. როგორც სხდომის წამყვანმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, პარლამენტის პლენარული სხდომა შემდგომ კვირას გაიმართება.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით მოამზადა ეკა გადახაბაძემ