"შეიძლება მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს"
"ეს ძალიან სახიფათო ძალაა, რომელმაც შესაძლოა რუსეთზე ტერორისტული შეტევის მოწყობა განიზრახოს და ტრანზიტად ჩვენი ტერიტორიის გამოყენება სცადოს"
"ვფიქრობ, საბოლოოდ დასავლეთი მაინც გადაწყვეტს სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას, რადგან "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის სხვა ალტერნატივა არ ჩანს"
მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო, ახლო აღმოსავლეთში ისედაც უკიდურესად ჩახლართული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. კრემლი ამტკიცებს, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" უტევს, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად მის ოპოზიციას უფრო ხშირად ბომბავს, ვიდრე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს. დასავლეთი, ტრადიციულად, შეშფოთებულია, ობამას ადმინისტრაციას კი უკვე არა მხოლოდ ოპონენტები, მხარდამჭერებიც აკრიტიკებენ იმ გაუბედავი და არასწორი პოლიტიკისთვის, რასაც ბოლო წლებში აშშ ახლო აღმოსავლეთში ახორციელებდა."ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ურთულეს ვითარებასა და მის გავლენაზე ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაზე, ექსპერტი ბადრი ნაჭყებია გვესაუბრება:
- უპირველესად ყურადსაღებია ის დრო და ვითარება, როდესაც რუსეთმა ამ ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია დასავლელი ლიდერები, განსაკუთრებით კი ობამას ადმინისტრაცია, განიხილავდნენ სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ სირიის ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადებულიყო, თუმცა გადაწყვეტილება ვერა და ვერ მიიღეს. რა სავარაუდო მიზეზებით იყო ეს განპირობებული, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ამჯერად კი ვიტყვი, რომ რუსეთმა დასავლეთის გაჭიანურებულ გადაწყვეტილებას დაასწრო და სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო. პუტინმა ამ ოპერაციაში ჩართვით მნიშვნელოვნად ჩაშალა დასავლეთის გეგმები.
მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში დასავლეთის მთავარი მოთხოვნა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა იყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც მისი სამხედრო მხარდაჭერა უკვე აშკარად გადაწყვიტა. თვალნათლივ ჩანს, რომ მიმდინარეობს მზადება სირიის რამდენიმე დე ფაქტო ნაწილად გასაყოფად, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს რუსეთის მომხრე სახელისუფლებო ზონის გაფართოება, ანუ ბაშარ ასადის მომხრეებისა და იმ უმცირესობის, რომელსაც ალავიტები ჰქვია, პოზიციების გამაგრება და გაფართოება. ტრადიციულად, ალავიტებს ეკავათ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ტარტუსი, ლატაკია და, ფაქტობრივად, მთელი ზღვისპირეთი. სწორედ ამ ზონის სრულად დაკავებასა და გაკონტროლებას აპირებს რუსეთი, ეს არის მისი მოკლევადიანი მიზანი. ამის გარდა, ის შეეცდება შექმნას კორიდორი ქურთებთან ჩრდილოეთისკენ, რომელიც პირდაპირ გავა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, იქვე კი ირანის საზღვარია, რომელიც რუსეთის პირდაპირი მოკავშირეა. მოკლედ, რუსეთი, ფაქტობრივად, მთელი ამ ზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაკონტროლებას გეგმავს.
- ცხადია, რომ რუსეთის მიზანი ახლო აღმოსავლეთზე დაკარგული გავლენის დაბრუნებაა. დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი ობამას ადმინისტრაციას ადანაშაულებს შექმნილ ვითარებაში და იმაში, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაციის წამოწყება გაბედა. როგორც ფიქრობთ, რა შეცდომები დაუშვეს აშშ-მა და დასავლეთმა?
- მოდი, რამდენიმე წლის წინანდელ ამბებს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ ობამას ის წინასაარჩევნო პოლიტიკა, როდესაც მას პირველი ვადით ირჩევდნენ. მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორს განსაზღვრავდა თეზა, რომ აშშ უნდა გამოსულიყო ერაყიდან და ავღანეთიდან, რასაც აპროტესტებდა ამერიკის ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი და აკრიტიკებდა ობამას, თუმცა გადაწყვეტილება ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს და აშშ-ის ჯარი ერაყიდან მართლაც გამოვიდა. ეს იყო პირველი დიდი შეცდომა, რასაც დღეს უკვე აშშ-ის ადმინისტრაციაც აღიარებს. ობამამ ერაყში დატოვა მარიონეტული, კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენდა შიიტურ ჯგუფს. მათ არ გაითვალისწინეს სუნიტი უმრავლესობის აზრი, გაყარეს ისინი ხელისუფლების ყველა შტოდან, მათ შორის - არმიიდან, შედეგად უმაღლესი დონის სამხედრო სპეციალისტები აღმოჩნდნენ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და, ფაქტობრივად, ამ წარმონაქმნის მმართველებად იქცნენ. დღეს მათ უკვე აქვთ დიდი ფული, სამხედრო ტექნიკა და ფლობენ ვეებერთელა ტერიტორიას როგორც ერაყში, ასევე სირიაში. ობამას მეორე დიდი შეცდომა ის იყო, რომ არ გაითვალისწინა ბაშარ ასადისა და მისი მხარდამჭერების ფაქტორი.
ასადის სრული იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. ბაშარ ასადს, ალავიტების გარდა, ქრისტიანი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერაც ჰქონდა. მას არც სირიაში მცხოვრები ქურთები აღიქვამდნენ მოწინააღმდეგედ. ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლად მის ჩამოგდებაზე ფიქრი შეცდომა იყო. როგორც ჩანს, ამ საკითხზე აშშ-ისა და ევროპის პოზიცია იმთავითვე განსხვავდებოდა, რაც ახლახან გამჟღავნდა. ამ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბაშარ ასადის ფაქტორი მოლაპარაკებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ეს ყველაფერი უფრო ადრე უნდა გაეთვალისწინებინათ, რაც არ მოხდა. ეს კი ობამას ადმინისტრაციის დიდი შეცდომაა, რასაც მოჰყვა გადაწყვეტილებების მიღების გაჯანჯლება.
- სახმელეთო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას გულისხმობთ?
- სახმელეთო ოპერაცია მარტივი ოპერაცია ნამდვილად არ არის, ჩაბმა ადვილია, მაგრამ მისგან თავის დახსნა ძნელი. გვახსოვს აშშ-ის რამდენიმე კრახით დასრულებული სახმელეთო ოპერაცია, მათ შორის - სომალიში. სირიაში უმძიმესი ვითარებაა იმის გათვალისწინებითაც, რომ იქ ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესებიც ეჯახება ერთმანეთს.
ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ირანში ვეებერთელა ნავთობის საბადოებია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ ირანის საბადოზე დასავლეთს გარკვეული კონტროლი თურქეთის მეშვეობით კიდევ ჰქონდა, სირიის საბადო ხელმიუწვდომელი იყო და, ბუნებრივია, ისიც არის გარკვეული ინტერესების სამიზნე.G როგორც ჩანს, სახმელეთო ოპერაციის დაწყება აშშ-მა ერაყში არცთუ წარმატებული მისიის შიშითაც ვერ დაიწყო, უფრო სწორად, ობამას სახმელეთო ოპერაციის ჩატარება სურდა ევროპის კოალიციასთან ერთად. ჩემი შეფასებით, ევროპამ ამ საკითხში აშშ-ს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია. არ ვიცი, შესაძლოა, ვიღაცამ ამას შეთქმულების თეორია დაარქვას, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ მიიღო ევროპამ ჰუმანიტარული კრიზისი ლტოლვილების სახით.
მიაქციეთ ყურადღება: უმდიდრესი არაბული ქვეყნები, მაგალითად, საუდის არაბეთი, რომელიც გერმანიაზე ბევრად მდიდარია, ომანთან, კატართან, ქუვეითთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინთან ერთად, სირიიდან დევნილ ერთმორწმუნე მოსახლეობას თავიანთ ქვეყნებში ფეხს არ ადგმევინებენ. არანაირი პროგრამა, თუნდაც ლტოლვილების მცირე ნაკადის მისაღებად, ამ ქვეყნებში არ არსებობს. არადა, სირიიდან საუდის არაბეთამდე ავტობუსით რამდენიმე საათში შეიძლება ჩასვლა. რითი ეხმარებიან ეს მდიდარი არაბული ქვეყნები სირიელ ლტოლვილებს? - ერთადერთი, რაც საუდის არაბეთმა თქვა, ის არის, დაგეხმარებით იმით, რომ ევროპაში თქვენთვის 200 მეჩეთს ავაშენებთო. განა ეს დახმარებაა?! ჩემი აზრით, ეს არის თანამიმდევრული პოლიტიკის ნაწილი, რომლის მიზანიც ევროპაში კრიზისი და არეულობაა.
ვფიქრობ, საბოლოოდ დასავლეთი მაინც გადაწყვეტს სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას, რადგან "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის სხვა ალტერნატივა არ ჩანს.
- რუსეთის მტკიცებით, სამხედრო ოპერაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ დაიწყეს, თუმცა ფაქტია, რომ რუსული ბომბების დიდი ნაწილი ასადის ოპოზიციისკენაა მიმართული. დასავლეთი შეშფოთებულია, ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ ასადის ოპოზიციის მხარდაჭერას განაგრძობს. აშკარაა, რომ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება მნიშვნელოვან ფაზაში შედის.
- ვფიქრობ, აშშ-მა შეცდომა დაუშვა ასადის დაქსაქსული და არაორგანიზებული ოპოზიციური ძალების მხარდაჭერით. კარგად ვიცით, რომ ამერიკული ფულით გაწვრთნილი ძალიან ბევრი მებრძოლი "ისლამურ სახელმწიფოში" აღმოჩნდა. ფაქტია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მთლიანად განადგურება ძალიან გაჭირდება, მაგრამ შეეცდებიან მისი კონტროლის არეალი მაქსიმალურად შემცირდეს.
ალბათ, მოხდება ზონების გაყოფა. აშშ-სა და მის მოკავშირეებს ხშირად აკრიტიკებენ, რომ მათმა საჰაერო იერიშებმა თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში არსებითი შედეგი ვერ მოიტანა. საჰაერო ოპერაცია შედეგიანი ვერაფრით იქნება, ეს რუსეთმაც კარგად იცის. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს კოალიციებს შორის ზონების გაყოფა, რაც თავისთავად ცხადია, რთული პროცესი იქნება. ალბათ, რუსეთი, ირანი, თვითონ ბაშარ ასადი ჩაატარებენ გარკვეულ ზონაში სახმელეთო ოპერაციას, რასაც აუცილებლად მოჰყვება დასავლეთის რეაქცია. თავის მხრივ, ისიც გადავა შეტევაზე, მერე, სავარაუდოდ, დაიწყება მოლაპარაკება და შეთანხმებულად გაიყოფენ ამ ტერიტორიას. ერთ ზონას გააკონტროლებენ ირანი, რუსეთი და ბაშარ ასადი, დანარჩენს - აშშ. ამგვარი სცენარით პროცესების განვითარების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ქურთების პრობლემა. თურქეთის გენერალური შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქურთების სახელმწიფოს ჩამოყალიბება რეალობასთან ძალიან ახლოსაა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთი. შესაძლოა, ამ კრიზისმა მართლაც მოიტანოს ქურთების სახელმწიფოს დაარსების საკითხის გადაჭრა, თუმცა რის ფასად, ვერ გეტყვით, რადგან თურქეთის ფაქტორი ამაში უმნიშვნელოვანესი იქნება. თუ არ მოხერხდა მოლაპარაკება, არსებობს მსოფლიო უმწვავესი კონფლიქტის გაჩაღების საშიშროება, ისეთი კრიზისის წარმოშობის საფრთხე, როგორიც 1962 წელს კუბის კრიზისი იყო, როდესაც მსოფლიოში კინაღამ ბირთვული ომი დაიწყო. მოკლედ, არ გამოვრიცხავ, მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდეს.
- ბარაქ ობამას განცხადებით, რუსებმა სირიაში ოპერაციის დაწყებით ჭაობში შეაბიჯეს. ექსპერტთა ნაწილის თქმით, რუსეთი რაც დიდი მასშტაბით შევა სირიაში, მით მეტი ფინანსები დასჭირდება, რისი საშუალებაც დღეს არა აქვს.
- მიაქციეთ ყურადღება, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში მარტო არ ჩართულა. შექმნილ ვითარებაში მასზე მეტი ინტერესი აქვს ირანს, რომელიც უმდიდრესი სახელმწიფოა, ვეებერთელა სამხედრო და ადამიანური რესურსის პოტენციალით. მეტად გავლენიანი ჯგუფია მთელ მსოფლიოში ალავიტებიც, რომელთაც დიდი ფინანსური წყაროები აქვთ. ბუნებრივია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთის მხარდაჭერა შეინარჩუნონ. საბოლოოდ, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთი ჩამოაყალიბებს არა ისეთ პატარა სამხედრო ბაზას, როგორიც ტარტუსში აქვს, არამედ სერიოზულ, ანგარიშგასაწევ ბაზას, რითაც ხაზს გაუსვამს თავისი გავლენის აღდგენას ახლო აღმოსავლეთში. ეს მომავალზე ორიენტირებული, კარგად გათვლილი გეგმაა. ახლა წყდება, იქნება მსოფლიო ერთპოლუსიანი თუ არა. ჯერჯერობით, ჩინეთი პოლიტიკურ ამბიციებს არ აჩენს, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს მომავალში...
- თურქეთი ახსენეთ და შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ საშინელ ტერაქტს, რომელიც ანკარის რკინიგზის სადგურში მოხდა.
- საშინელება დატრიალდა.
- ერთ-ერთი ვერსიით, ტერაქტი "ისლამურმა სახელმწიფომ" მოაწყო...
- მომხდარი ერთხელ კიდევ ცხადყოფს რეგიონში არსებულ ურთულეს ვითარებას და იმას, რომ კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაციით არაერთი ძალაა დაინტერესებული.
შესაძლოა, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს ქურთებსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების ინსპირირებას. თუ ამ ტერაქტის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას, მაშინ ეს საგანგაშოა. გამოდის, რომ "ისლამური სახელმწიფო" კავკასიის საზღვრებს უახლოვდება. შესაძლოა ეს ტერაქტი განახორციელეს იმ ძალებმა, რომელთაც სურთ მაქსიმალურად სწრაფად ჩაითრიონ თურქეთი სამხედრო ოპერაციაში რეგიონსა და სირიის ტერიტორიაზე.
(იხილეთ ფოტოგალერეა)
- შექმნილი ვითარება რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?
- რაც მეტად შეავიწროებენ ისლამისტებს, მით მეტი შეეცდება იქიდან წამოსვლას. არსებობს საფრთხე იმისა, რომ კავკასიიდან წასული ათასობით ისლამისტი უკან დაბრუნდეს, მათ შორის საქართველოდან წასულებიც. ეს ძალიან სახიფათო ძალაა, რომელმაც შესაძლოა რუსეთზე ტერორისტული შეტევის მოწყობა განიზრახოს და ტრანზიტად ჩვენი ტერიტორიის გამოყენება სცადოს. ეს არაფრით არ უნდა დავუშვათ. ჩვენ იმის ალტერნატივა არა გვაქვს, რომ ამ საკითხზე არ ვითანამშრომლოთ რუსეთის სპეცსამსახურებთან. ქართულმა სპეცსამსახურებმა მკაცრ კონტროლზე უნდა აიყვანონ ყველა ის ადამიანი, რომელთაც შესაძლოა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" რაიმე კავშირი ჰქონდეს.
ასევე ავტონომიურ და საკმაოდ ძლიერ ძალად ჩამოყალიბდა კადიროვის ხელისუფლება, რომელსაც ჩრდილოეთ კავკასიაში სიტყვა ეთქმის. ვფიქრობ, ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, ჩეჩნეთის ხელისუფლებასთანაც მოგვიწევს თანამშრომლობა.
- საინტერესოა, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ჭრილში რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ?
- ჩემი აზრით, თუ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ, როგორც ჩვენი ხელისუფლება იტყოდა, პრაგმატული და ნეიტრალური პოზიცია, პრობლემები ნაკლებად გვექნება. როდესაც საქმე ტერორიზმთან ბრძოლაზე მიდგება, ორივე მხარეს უნდა დავუჭიროთ მხარი.
ამ არეულ მსოფლიოში ფრთხილად და გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ. რაც მთავარია, ახლა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა, მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა. ვინც აქ არეულობის მოწყობას შეეცდება, ის ქვეყნის მტერია!
ნათია დოლიძე