"ვეჭვობ, "ნაციონალებს" სერიოზული კომპრომატები აქვთ, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს აშანტაჟებენ"
"დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი პაპუაშვილს ასეთ გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა" ავალებს"
საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა შეაჩერა
გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება მიიღო - შეაჩერა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა. შეგახსენებთ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სექტემბერში შეიტანეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო.
საფინანსო ზედამხედველობის მუშაობა შეჩერდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მანამდე კი საზედამხედველო ფუნქციებს კვლავ ეროვნული ბანკი შეასრულებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობა უარყოფითად აფასებს. იგივე პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი და საკანონმდებლო ცვლილების ავტორი, თამაზ მეჭიაური.
- ეს ნამდვილად პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი პაპუაშვილს ასეთ გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა" ავალებს. მას შეიძლება წარმოებაში მიეღო საქმე, მაგრამ იმის არანაირი აუცილელობა არ იყო, რომ ახლადშექმნილი ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა შეეჩერებინა, მითუმეტეს მაშინ, როცა, ფაქტობრივად, სააგენტოს საქმიანობა დაწყებული არც ჰქონდა.
თუმცა სააგენტოს საქმიანობის შეჩერების სასარგებლოდ ხმები 5 - 4-ზე რომ გაიყო, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლიანობის ნიშნებიც გაჩნდა და ყველა სააკაშვილის დავალების პირდაპირი შემსრულებელი აღარ არის.
- რას გულისხმობთ, საკონსტიტუციო სასამართლოში არიან ადამიანები, ვინც ყოფილი პრეზიდენტისგან დავალებას იღებენ?
- კი, კიდევ არიან. როცა უზარზმარ ქონებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ იღებენ ბინების სახით და იქ ცხოვრობენ, როცა ეროვნულ ბანკში პროკურორებს, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა ბანკებს ავიწროებდნენ, საბჭოს წევრებად ნიშნავენ და სააკაშვილი წასვლის წინ, 6500 ლარიან დანამატებს უნიშნავს, თან მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტან უკვე იყო არჩეული იყო, რა თქმა უნდა, არიან. არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალებს" სერიოზული კომპრომატები აქვთ, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს აშანტაჟებენ.
- ამბობთ, რომ "ნაცმოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აშანტაჟებს?
- დანამდვილებით არ ვიცი აშანტაჟებს, თუ - არა, მაგრამ, ვეჭვობ და ისედაც კარგად ჩანს, რომ ისინი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებენ.
თაკო ესებუა (სპეციალურად საიტისთვის)