C ჰეპატიტი არ კლავს - ხშირად ეს შენელებული თვითმკვლელობაა! - კვირის პალიტრა

C ჰეპატიტი არ კლავს - ხშირად ეს შენელებული თვითმკვლელობაა!

"სრულიად მოულოდნელად, ოპერაციის წინ, სისხლის ანალიზში C ჰეპატიტის ვირუსი აღმომაჩნდა. ეს იყო უდიდესი შოკი, რომელმაც ოპერაციის 16-წლიანი შიშიც კი გადაფარა. ჩემს ცნობიერებაში სტერეოტიპულად ეს დაავადება ნარკომანიასთან, ლოთობასა და მსგავს უარყოფით ცხოვრების წესთან იყო დაკავშირებული. პირველად ის ვიკითხე, მე - საიდან-მეთქი?! ამ კითხვას მაშინაც და მას შემდეგაც კონტრკითხვით ვპასუხობ: ხომ დადიხარ სილამაზის სალონში და სტომატოლოგთან?"

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მართლაც უნიკალური პროგრამა გრძელდება და პაციენტები გულშემატკივრებთან ერთად მოუთმენლად ელიან ვირუსის საბოლოოდ დამარცხებას. მთავარია, თითოეულმა მათგანმა სწორად დაიცვას ექიმის მითითება და ცხოვრების წესიც მკურნალობას შეუსაბამოს. სახელმწიფო პროგრამის პარალელურად, უფასო ტრენინგებს განაგრძობს C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება, რომელსაც ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი ხელმძღვანელობს.

ბრიტანული სკოლის ქართული ანალოგი - პაციენტთა სკოლა C ჰეპატიტის მქონე ადამიანებსა და მათ ახლობლებს ბევრ ინფორმაციას აწვდის კონკრეტულ ვირუსზე და მასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს. ასევე, უფასოდ ურიგებს ბრიტანელ კოლეგებთან ერთად შემუშავებულ და საქართველოს მოსახლეობაზე ადაპტირებულ კვების სახელმძღვანელოს. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა ვერ აჯანმრთელებს ღვიძლს; რომ უვირუსოდ, ჭარბი ალკოჰოლითაც იოლად შეიძლება ღვიძლის განადგურება! ღვიძლს ზედმეტად ცხიმიანი საკვებიც საკმაოდ აზიანებს, ამიტომ პაციენტებმა მკურნალობამდეც და მკურნალობის შემდეგაც დიეტის ელემენტარული ნორმები, კვების რეჟიმი უნდა დაიცვან, ახლობლების თანადგომით ცხოვრების სწორი სტილი შეიმუშაონ, რომ ისინი ზედმეტი გულმოდგინებით ან მეტისმეტი დაუდევრობით ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თვითმკვლელობამდე არ მივიდნენ.

ამჯერად ორ პაციენტთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ და მათი ამბით მიხვდებით, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ნებით ან უნებლიეთ მივიდეს თვითმკვლელობამდე ან რადიკალურად სასიკეთოდ შემოაბრუნოს საკუთარი ცხოვრება.

მერაბ დ. 38 წლის:

- წლების განმავლობაში, მონაცვლეობით ხან ნარკოტოკს ვიღებდი, ხან ალკოჰოლურ სასმელს. უმძიმესი დღეებიც მქონია, ჭაობში რომ იძირები და ამასაც ვეღარ ხვდები. C ჰეპატიტზე ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ღვიძლის საკმაოდ მძიმე დაავადება იყო. ისიც ვიცოდი, რომ ჩემი მეგობრების 98 %-ს ჰქონდა და სავარაუდოდ, მეც მექნებოდა. 27 წლის ვიყავი, ნარკოტიკის თავის დანებება რომ გადავწყვიტე და ექიმთან მივედი. სასწრაფოდ ჰეპატიტებზე შემამოწმეს. ნამდვილად არ გამკვირვებია, ვირუსი რომ აღმომაჩნდა, არც შოკში ჩავვარდნილვარ, არც შემშინებია. გამაფრთხილეს, არ დამელია, მაგრამ ტყუილად - ზუსტად ისე განვაგრძე ცხოვრება, როგორც მანამდე ვცხოვრობდი ანუ არაჯანსაღად. ნებისყოფა არ მეყო...

- C ჰეპატიტის მკურნალობაზე არასდროს გიფიქრია?

- მაშინ ვერც ვიოცნებებდი, რადგან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როდესაც გამოჩნდა მკურნალობის გზა - C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროექტი, გადავწყვიტე, გამერკვია, რა მდგომარეობაში მქონდა ღვიძლი - მე ხომ ისიც არ ვიცოდი, ვირუსის რა რაოდენობა მქონდა სისხლში და რა მასშტაბით იყო ღვიძლი დაზიანებული?! ახლა ოჯახი მყავს და ალბათ ამანაც მიბიძგა. მიუხედავად ოჯახის წევრებისა და ახლობლების საყვედურებისა, შიგადაშიგ გამოკვლევების პერიოდშიც ვსვამდი ლუდს. მეჩხუბებოდნენ, რას არ მეუბნებოდნენ, მაგრამ ვპირდებოდი, მკურნალობას რომ დავიწყებ, მერე წვეთს არ დავლევ-მეთქი. ძალიან კი გავოცდი, მაგრამ გამოკვლევამ მიჩვენა, რომ ღვიძლის დაზიანების ხარისხი საკმაოდ დაბალი მაქვს და ჯერჯერობით ვერც პროგრამაში ჩამსვამენ. სხვათა შორის, ახლობლის დაჟინებით C ჰეპატიტის პაციენტთა სკოლის ტრენინგსაც დავესწარი. რა თქმა უნდა, ბევრი ახალი რამ გავიგე, ისიც, რომ ალკოჰოლი ძალიან აზიანებს ღვიძლს, მაგრამ...

- მაგრამ სმას მაინც განაგრძობთ?

- იმის შემდეგ ერთი თვე გავიდა და არ დამილევია, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ იშვიათად არ დავლევ. სიგარეტს კი თავი დავანებე, ისიც - ფილტვების გამო... მაწუხებს.

- რაკი ღვიძლი არ გაწუხებთ, დალევაზე ამიტომ არ ამბობთ უარს?

- არ ვიცი... ხომ გეუბნებით, ერთი თვეა, არ დამილევია, იქნებ, აღარც დავლიო...

მაკა ზ. 48 წლის:

- სრულიად მოულოდნელად, ოპერაციის წინ, სისხლის ანალიზში C ჰეპატიტის ვირუსი აღმომაჩნდა. ეს იყო უდიდესი შოკი, რომელმაც ოპერაციის 16-წლიანი შიშიც კი გადაფარა. ჩემს ცნობიერებაში სტერეოტიპულად ეს დაავადება ნარკომანიასთან, ლოთობასა და მსგავს უარყოფით ცხოვრების წესთან იყო დაკავშირებული. პირველად ის ვიკითხე, მე - საიდან-მეთქი?! ამ კითხვას მაშინაც და მას შემდეგაც კონტრკითხვით ვპასუხობ: ხომ დადიხარ სილამაზის სალონში და სტომატოლოგთან?

ფაქტია, რომ დავდიოდი. აქედან დავიწყე გაცნობიერება, რომ როგორი ცხოვრების წესითაც უნდა ცხოვრობდე, ამ დაავადებისაგან თავს ვერავინ დაიცავს!

შოკის მიუხედავად, ამ ფაქტის დამალვა არც მიფიქრია. პირიქით, ვინც მოსალოდნელ ოპერაციაზე შემეკითხებოდა, მაშინვე ამ თავზარდამცემ ინფორმაციაზე ვუწყებდი საუბარს. მოგვიანებით დედაჩემის გავლენის ქვეშ მოვექეცი, რადგან ერთად ვცხოვრობთ და მედიცინის მუშაკიცაა. უმკაცრეს დიეტაზე გადამიყვანა და ამან, გარკვეულწილად, დამაკომპლექსა კიდეც. დაავადებაზე საუბარი შევწყვიტე და სხვასაც რომ ეთქვა, C ჰეპატიტი მაქვსო, საკუთარ დაავადებას არაფრით ვამხელდი.

C ჰეპატიტზე კი მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვერაგი დაავადება და ღვიძლის ციროზის წინაპირობაა, უკურნებელი სენი, რომელიც შეზღუდულ კვებას საჭიროებდა.

დედაჩემის ზედამხედველობით მკაცრ დიეტაზე ვიყავი, თანაც სისხლში შაქრის შემცველობაც მერყეობდა. ყველაფრის შედეგად 7 კილოგრამი დავიკელი. სამოსი არ მერგებდა, გარეგნობა შემეცვალა და ძალიან დეპრესიული გავხდი. სტუმრადაც კი არსად დავდიოდი... ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ შვილიშვილებთან ჩახუტებასაც ვერიდებოდი. ამან საერთოდ გამაგიჟა და სუიციდისკენაც მიბიძგა... მაგრამ დედაჩემმა მომისწრო, ხელი შემიშალა...

- ფაქტობრივად, მკაცრმა ცხოვრების წესმა მიგიყვანა თვითმკვლელობამდე...

- როცა ცხოვრებაში თავს უსარგებლოდ და უფუნქციოდ გრძნობ, ცხოვრებას ფასი ეკარგება... მაგრამ რაკი ცოცხალი გადავრჩი, მიზნად დავისახე, უფრო კარგად გამეცნო ჩემი "მტერი" - დაავადება, რომელმაც აქამდე მიმიყვანა. სწორედ იმ პერიოდში ტელევიზიით გავიდა გადაცემა ირაკლი იმნაიშვილის მონაწილეობით. მოგვიანებით კი შევიტყვე, რომ ამ დაავადებასთან დაკავშირებით ტრენინგებიც ტარდებოდა. თითქოს გამოწერილივით,საპატრიარქოს ტელევიზიით მოძღვრის საუბარიც მოვისმინე თვითმკვლელობაზე და გამიხარდა,რომ ეს საშინელება ვერ განვახორციელე... ტრენინგზეც წავედი და იმდენი რამ გავიგე - როგორ შეიძლება ვიკვებო, როგორ ავიცილო ზედმეტი დატვირთვა და რაც მთავარია, გავიგე რომ C ჰეპატიტით ცხოვრება არ მთავრდება. თუ მოინდომებ, განიკურნები კიდეც, მით უმეტეს, რომ ჩემი დაავადება შორს წასული ფორმით არ ხასიათდება. ახლა მთავარია, დავადგინო გენოტიპი და მჭირდება თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა. პარალელურად, ღვიძლის მდგომარეობაც უნდა ვაკონტროლო და რაც მთავარია, იმედი არ დავკარგო. ჩემი სიცოცხლე ჯერ კიდევ ძვირფასია ჩემი ოჯახისათვის და... ჩემთვისაც.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. "თუ დაინახავთ, რომ ადამიანი ხიდიდან ან სახლის სახურავიდან აპირებს გადმოხტომას, რა თქმა უნდა, ყველა მის გადარჩენას ეცდებით. მაგრამ როდესაც იცით, რომ მავანს C ჰეპატიტი აქვს და ხელში ღვინით სავსე განსხვავებული სასმისი უკავია, არავინ წარმოიდგეთ, რომ იგი იმ წუთას 9-სართულიანი სახლის სახურავიდან ხტება. ეს შენელებული თვითმკვლელობაა, სადაც მთელი გარემოცვა თანამონაწილეა! ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ "360 გრადუსით" - ე. წ. ფრონტის ხაზი ყველგან გადის - თითოეულ პაციენტთან, მის მეგობრებთან, გარემოცვასთან..." - ირაკლი იმნაიშვილი

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)