"ქართლის დედა" საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა" - ჭიაბერაშვილს მიმდევარი გამოუჩნდა
"ახლა ამ ქანდაკებაზე რამე ცუდი რომ თქვა, ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ქართველი თავ-ყბას გაგიერთიანებს. არადა, ეს საშუალო სტატისტიკური ქართველი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია".
"ქართლის დედის" გინება დღეს მოდაშია, თუმცა რა გასაკვირია ეს მაშინ, როცა ქართველი კაცი ერთადერთია მსოფლიოში, ვინც საკუთარ დედას აგინებს.
"თუ ჩემ ოჯახს საფრთხე დაემუქრება ჩემ ცოლს წინ არ გავაგდებ ხმლით ხელში და არც ჩემი სტუმრების მასპინძლობისას ჩავკეტავ ცოლს სამზარეულოში და მე არ წამოვგორდები იმის მოლოდინში, ჩემი შვილების დედა რას მოგვიმზადებს მუცლების ამოსაყორად. როდესაც მოვა დღე და ამ ძეგლს მაგ კვარცხლბეკიდან ჩამოაგდებენ და ეს იქნება არა ერთეული ხმა, არამედ უმრავლესობის ნება, მაშინ მივხვდები, რომ საქართველოში საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს საბჭოთა კავშირი და მართლაც ახალი, თავისუფალი თაობა გაჩნდა, ნამდვილი ქართველები!" - ეს არის ამონარიდი ჩანაწერიდან, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ, მწერალმა ტორესა მოსმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ელგუჯა ამაშუკელის ძეგლის "ქართლის დედის" თაობაზე გამოაქვეყნა.
ტორესა მოსი:
- მოდით, დავანებოთ თავი იმას, რომ საკმაოდ მახინჯია, იმასაც რომ ხმალი შესაძლოა იყოს ფალოსის, ხოლო ფიალა ვაგინის სიმბოლო, თავად შინაარსში არსებულ ცთომილებას დავაკვირდეთ. რასთან ასოცირდება პირველ რიგში დედობა? სიყვარულთან თუ მეზობლებთან ჩხუბთან? ან სახლში მოსული სტუმრებისთვის სუფრის გაშლასთან? ჩემთვის დედა არც ჩხუბია და არც სტუმრებისთვის გაშლილი სუფრა.
ეს რომ მართლაც ვინმეს ან რამის დედა იყოს, ხელში პირველ რიგში ბავშვი ეჭირებოდა. ახლა ამ ქანდაკებაზე რამე ცუდი რომ თქვა, ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ქართველი თავ-ყბას გაგიერთიანებს. არადა, ეს საშუალო სტატისტიკური ქართველი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქრისტიანობაში საყოველთაო დედის სახე და სიმბოლო, დედობის იდეალი, ღვთისმშობელია. როგორ არის გამოსახული ქრისტიანობაში ღვთისმშობელი? თქვენ ვერსად ნახავთ ღვთისმშობელს ხმლით ხელში, ვერც სუფრის გამშლელად ვერ დაინახავთ. რა თქმა უნდა, ეს ორი ხატება, ღვთისმშობლის, როგორც დედის იდეალისა და "ქართლის დედის", როგორც საბჭოთა საქართველოს დედის იდეალი, ერთმანეთს ვერ შეეთანხმება ვერასოდეს.
ქართლის დედის ხსენებული ქანდაკება, სხვა არაფერია თუ არა საქართველოს, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. სადაც კაცი იგულისხმება რომ მუქთახორაა, სადღაც წამოგორებულა გასიებული ღიპით და ბავშვიც დედამ უნდა დაიცვას და სუფრაც სტუმარს დედამ უნდა გაუშალოს. საშუალო სტატისტიკური ქართველი, მართლაც რომ ქცეულიყო საბჭოთა ქართველიდან მართლმადიდებელ ქრისტიანად, პირველ რიგში ქვეყანას შესძრავდა და ამ ძეგლს საკუთარი ქვეყნის მთავარ ქალაქში, არ მოითმენდა. რადგან ეს ძეგლი თავისი არსით შეურაცხყოფს დედობას და უპირელესად ჩვენს ეროვნულ ღირსებას.
მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი
- კარგად მახსოვს, როდესაც ამჟამად პოლიტიკოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქართლის დედაზე განსხვავებული აზრი გამოთქვა, ეს საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო...
- ვფიქრობ, რომ გარკვეული დროის გასვლის მერე საზოგადოება რაღაცეები გადაფასებას ახდენს ხოლმე და ამაში ჩემმა "ფეისბუკპოსტმაც" დამარწმუნა, რომელსაც საკმაოდ ჯანსაღი რეაქცია მოჰყვა. არ ვთვლი, რომ ეს ძეგლი უნდა ავიღოთ, პირიქით ეს ძეგლი უნდა იდგეს როგორც ნიმუში იმისა, თუ როგორ აღიქვამდა საქართველოს იდეას საბჭოთა კავშირი, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლო და მითუმეტეს საქართველოს მომავლის. სხვათა შორის, პირდად მე ისიც შეცდომად მიმაჩანია, რომ ეროვნული მოძრაობის დროს ქართლის დედა ეროვნულობის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიქმეოდა.
ზოგადად ასეთი ძეგლები ნიშნავს ქვეყნის ცხოვრებიდან მამაკაცის როლის გამორიცხვას. რუსეთისთვის ქართველ კაცს ფუნქცია არ ჰქონდა, რუსები მიიჩნევდნენ, რომ ამ ფუნქციის მატარებლები თვითონ იყვნენ და ამბობდნენ კიდეც - მე რუსი გიცავ შენ ყველაფრისაგან. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათ არ სჭირდებოდათ კაცი, მათ სჭირდებოდათ ქალი რომელიც არის მეურნე. ეს იდეა ტარდებოდა ყველგან და ამის ნიშანია ისიც, რომ ასეთი ძეგლები დგას ერევანში, კიევში და სხვ.
- ქართლის დედა, არის ქალი რომელიც შვილს ქვეყნისთვის თავდადებისთვის ამზადებს...
- ქალს ჩვენს ისტორიაში დიდი როლი ჰქონდა, თუმცა ამ როლში არ შედიოდა ხმალი. ქალზე იდგა ქართული ოჯახი, ეკონომიკა ამით ქალის და მამაკაცის თანასწორობასაც ესმეოდა ხაზი, ეს კონცეფცია ამ ძეგლში არაა. ბუნებრივია, ქალიც იცავს ქვეყანას, ისევე როგორც კაცი და შვილსაც ორივე ზრდის, ეს კი ამ ძეგლში არაა გამოხატული. ამ ძეგლის მიხედვით მამის როლი შვილის აღზრდაში, ფაქტობრივად, ნულია.
რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს საბჭოთა ხელოვნების მიმართ, რადგან მივიჩნევ, რომ შეუძლებელია ხელოვნება არსებობდეს ისეთ სივრცეში როგორიცაა საბჭოთა კავშირი იყო. მითუმეტეს ხელოვნების ისეთი რთული ფორმა როგორიცაა ქანდაკება, რომლის ტრადიციაც ქართველებს არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით ბარელიეფებსა და ჩუქურთმებს.
ჩვენ ძეგლის ავტორის ელგუჯა ამაშუკელის მეუღლეს, პოეტ ლია სტურუას დავუკავშირდით:
- "ქართლის დედის" დადგმას უამრავი პრობლემა უძღოდა წინ, არ გვაძლევდნენ ძეგლის დადგმის უფლებას, რადგან ეს ის ქართველი დედის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. უკვე აღარც მიკვირს, როდესაც ამ ქანდაკბაზე ასეთ შეფასებებს ვისმენ, როდესაც დღეს ქართველი კაცი დედასთან ინცესტზე წერს ლექსებს და ნაწარმოებებს (მე არ ვგულისხმობ ტორესა მოსს) და ამ ყველაფრის დაწერის მერე თვალებს კი არ ითხრის, არამედ, ჰგონია, რომ კარგი გააკეთა, ამის შემდეგ რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?! საბჭოთა პერიოდში ოთარ ჭილაძე და გალაკტიონი წერდნენ, ვინ გვყავს დღეს მათზე დიდი?! "ქართლის დედის" ძეგლი რით გამოხატავს საბჭოთა იდეოლოგიას, პლასტიკით, შესრულებით თუ იმით ხელში ნამგალი და ურო რომ არ უჭირავს?! "ქართლის დედის" გინება დღეს მოდაშია, თუმცა რა გასაკვირია ეს მაშინ, როცა ქართველი კაცი ერთადერთია მსოფლიოში, ვინც საკუთარ დედას აგინებს. ამ ძეგლთან ბრძოლა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყეს, ბევრს აღიზიანებდა. ნახეს ფოტოგრაფი, რომელმაც მოძებნა ისეთი რაკურსი, საიდანაც „ქართლის დედის“ ხმალი ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე მდგარ ლენინის ძეგლზე იდო. მერე ეს ფოტო ჟურნალ - გაზეთებში იბეჭდებოდა და წერდნენ, რომ ამ ქანდაკებით სურდათ ლენინზე თავის მოჭრაო. ამის გამო ელგუჯა დაიბარეს ცენტრალურ კომიტეტში და ძეგლის გადატანა მოსთხოვეს, რაზეც ჩემმა მეუღლემ უთხრა - ის ვისაც ეს ძეგლი აღიზიანებს, ყველგან გააღიზაინებს, სადაც არ უნდა წავიღოთო. როგორც ჩანს, მიხვდენენ, რომ მართალს ამბობდა და დატოვეს ზეგლი ძველ ადგილას.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)