გუსტავ გრესელი: "რუსეთის სამხედრო ძალა ბევრად მოდერნიზებულია და დასავლეთის გარეშე მეზობელ ქვეყნებს თავისუფლად "გადაუვლის" - კვირის პალიტრა

გუსტავ გრესელი: "რუსეთის სამხედრო ძალა ბევრად მოდერნიზებულია და დასავლეთის გარეშე მეზობელ ქვეყნებს თავისუფლად "გადაუვლის"

"მას შემდეგ რაც 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრამ სერიოზული პრობლემები გამოავლინა რუსულ თავდაცვაში, მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმები გატარდა"

"სირია რუსეთისთვის "საფლავი" და მეორე ავღანეთი გახდება"

საქართველოსა და უკრაინის შემდეგ რუსეთის საგარეო სამხედრო ოპერაციების მომდევნო პუნქტი სირია აღმოჩნდა. ვაშინგტონმა მოსკოვისგან საჰაერო დაბომბვების დაწყებიდან მხოლოდ ერთი საათით ადრე მიიღო ოფიციალური შეტყობინება. სირიაში რუსეთის შესვლა გარდამტეხი მოვლენაა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი პირველად გასცდა პოსტსაბჭოთა სივრცეს.

რუსეთის ე.წ. "ანტიტერორისტული" ოპერაციის მთავარი მიზანი ასადის რეჟიმის შენარჩუნებაა. ამ შემთხვევაში რუსეთს ექნება საყრდენი პუნქტი ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელად. რუსეთს ასადის რეჟიმზე დიდი ფსონი აქვს დადებული და ნებისმიერ ფასად აპირებს მის დაცვას.

(იხილეთ ფოტოგალერეა)

პენტაგონის ბოლო განცხადებების მიხედვით, რუსეთი სამხედრო ბაზას ქმნის ლატაკიაში, სირიის დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქში ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელით. ხდება რუსული ტექნიკის, საჰაერო ბაზების და სამხედრობის მასობრივი გადაყვანა ლატაკიაში - აცხადებს პენტაგონი. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძალთა ბალანსს ამერიკის და მისი მოკავშირეების საწინააღმდეგოდ ცვლის რეგიონში. No-fly ზონების შექმნა, რისკენაც ობამას ამერიკაში მოუწოდებენ, ამჟამად უკვე დაგვიანებული ჩანს, რადგან ეს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას ნიშნავს.

გუსტავ გრესელი

ორკვირიანმა საჰაერო შეტევებმა დასავლეთს დაანახა, რომ რუსეთის შეიარაღებამ სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა. რუსეთმა დაამტკიცა, რომ შეუძლია მისი საზღვრებიდან მოშორებით ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები აწარმოოს. ავსტრიის ყოფილი სამხედრო ოფიცერი და ამჟამად საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი გუსტავ გრესელის ანგარიშის მიხედვით: "მას შემდეგ რაც 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრამ სერიოზული პრობლემები გამოავლინა რუსულ თავდაცვაში, მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმები გატარდა და დღეს რუსეთის სამხედრო ძალა ბევრად მოდერნიზებულია და დასავლეთის გარეშე რუსეთი მის მეზობელ ქვეყნებს თავისუფლად "გადაუვლის".

პუტინმა ვლადიმერ სოვოლოვთან ინტერვიუში რუსეთის მოდერნიზებულ შეიარაღებაზე ღიად ისაუბრა. "ერთია როდესაც ექსპერტებმა იციან, რომ რუსეთი სავარაუდოდ ფლობს ამ იარაღს, და მეორეა, როდესაც ისინი პირველად ხედავენ რომ ის მართლაც არსებობს, რომ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია ქმნის მათ, რომ ეს მაღალხარისხიანი პროდუქციაა და ჩვენ გვყავს კარგად მომზადებული ხალხი, ვისაც ამ იარაღის ეფექტიანად გამოყენება შეუძლია. ახლა ისინი ხედავენ, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს იარაღი თუ ეს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებშია" - განაცხადა პუტინმა ინტერვიუში. როგორც ჩანს, რუსეთი სირიაში ძალების დემონსტრირებასაც ახდენს.

რუსეთის საჰაერო დარტყმების პარალელურად მუსლიმურ სამყაროში ძალთა ახალი გადანაცვლება ხდება. "ისლამური სახელმწიფო", ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდა" და ახლო აღმოსავლეთის სუნიტი მეამბოხეები რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან. საუდის არაბეთის 52 სასულიერო პირმა ღიად დაგმო რუსეთის ინტერვენცია სირიაში და მომხრეებს რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადისკენ მოუწოდა. ერთ-ერთი მათგანი აბდულა ალ-მუჰაიასინი აცხადებს, რომ "სირია რუსეთისთვის "საფლავი" და მეორე ავღანეთი გახდება".

(იხილეთ ასევე: "რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ აბდურაჰმან ალ შიშანთან)

სამხედრო ოპერაცია, რომელსაც რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ "წმინდა ომი" უწოდა, სუნიტებისთვის მუსლიმების წინააღმდეგ "ჯვაროსნულ ლაშქრობად" აღიქმება. რუსეთს დაემუქრა ალ-ნუსრას ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანიც. "ომი სირიაში რუსეთს ავღანეთის საშინელებებს დაავიწყებს" - განაცხადა მან. ჯოლანიმ ჩრდილო კავკასიელ მუსლიმებსაც მოუწოდა შეტევების დაწყებისკენ რუსულ მიწებზე. როგორც ჩანს, სწორედ ამას გულისხმობდა ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, როდესაც რუსეთის სირიაში შესვლას ჭაობში შებიჯება უწოდა.

(იხილეთ ასევე: რა შესთავაზა პუტინმა ობამას და რატომ თქვა ვაშინგტონმა უარი მდევედევის თაოსნობით დელეგაციის მიღებაზე?)

სირია მთელი მსოფლიოდან იზიდავს რადიკალებს, მათ საკმაოდ დიდ ნაწილს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიიდან წასული ჩეჩნები შეადგენენ. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 2500-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე იბრძვის სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ სირიაში საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან. საქართველოდან სირიაში წასული ჯიჰადისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მეთაურია. იგი აშშ-ის მიერ გლობალურ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციაზე 5 მილიონი დოლარია დაწესებული. მთლიანობაში სირიაში სულ ცოტა 13 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა.

სირიაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი პუტინის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიაში წასული ასობით რუსეთის მოქალაქეა, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს. ტერორისტული ორგანიზაციების მუქარებს უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგები, მათ შორის რუსეთის საელჩოზე თავდასხმა სირიაში და რუსეთის საჰაერო ბაზებზე მიტანილი იერიშები. ამ ფონზე მოსალოდნელია ტერორისტული აქტების განხორციელება თავად რუსეთის ტერიტორიაზეც.

ამ მხრივ კი საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან არ დაუშვას ტერორისტების გადასაადგილებლად საკუთარი ტერიტორიის გამოყენება და ამ მისცეს რუსეთს რაიმე პროვოკაციის მოწყობის საფუძველი.

მიუხედავად რისკებისა, რუსეთი აგრძელებს სირიაში ძალების მობილიზებას. ამ მხრივ რუსეთს კარგი გამოცდილება აქვს ჩეჩნეთის ომის სახით. როგორც დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, ჩეჩნეთის ომი უნიკალური ნიმუშია ტერორიზმთან ბრძოლის ისტორიაში. რუსეთი ჩეჩნეთის ომში გამოყენებული ტაქტიკით მოქმედებს სირიაში - ყველა შესაძლო ალტერნატივის განადგურება და მთელი ოპოზიციის ტერორისტებად განსაზღვრა. მისი პირველი იერიშები სწორედ ზომიერი ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელდა. ობამას თქმით, მათი (რუსების) თვალთახედვით ყველა ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტია. თავის დროზე, რუსეთს ჩეჩნეთის ომში დამარცხებასაც უწინასწარმატყველებდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა…

ნატო მუჯირიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)