მამა პეტრე: „ჩვენ თანამედროვე მოწამეები ვართ“ - კვირის პალიტრა

მამა პეტრე: „ჩვენ თანამედროვე მოწამეები ვართ“

"ეს არც ძეგლის შეურაცხყოფაა და არც მისი დამახინჯება. კონდინციონერები და გამათბობლები დამონტაჟებული არც ტაძარშია და არც - სამრეკლოზე. ის განთავსებულია იქ, სადაც მონასტრის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ოთახებია".

სოციალურ ქსელში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულისას გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც სვეტიცხოვლის საპატრიარქოს რეზიდენციაზე დამაგრებული კონდიციონერებია ასახული. საზოგადოების ნაწილმა კედელზე მათი არსებობა ტაძრის დამახინჯებად აღიქვა, რამდენად სწორია ეს შეფასება? - გვესაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე (კვარაცხელია):

- ამ საკითხზე წლებია უკვე ლაპარაკობენ. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არსებობს ოფიციალური სამსახურები (ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი და სხვ.), რომელთა ჩარევის გარეშეც ასეთი რაღაცის გაკეთება არ ხდება. ამ ფაქტზე რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი, გაუგებარია. ჩვენ შეიძლება ბევრ საკითხზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, მით უფრო, რომ მართლაც ბევრი თემაა, რომელზეც კამათი შეიძლება, მაგრამ ეს კონკრეტული ფაქტი თითიდან გამოწოვილი მარაზმია. ეს არც ძეგლის შეურაცხყოფაა და არც მისი დამახინჯება. კონდინციონერები და გამათბობლები დამონტაჟებული არც ტაძარშია და არც - სამრეკლოზე. ის განთავსებულია იქ, სადაც მონასტრის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ოთახებია. სიცივის თუ სიცხის შემთხვევაში ადამიანს უნდა ჰქონდეს არსებობის საშუალება. ეს არის საპატრიარქო რეზიდენცია, სადაც პატრიარქს და იქ მოწვეულ სტუმრებს აუცილებლად უნდა შევუქმნათ ცხოვრების ელემნტარული პირობები.

- მამა პეტრე, სულ რაღაც ასიოდე წლის წინ საერთოდ არ არსებობდა კონდიციონერი, მაშინ როგორ ხვდებოდნენ პატრიარქებს?

- მაშინ იყო სხვა საშუალებები, რომლებიც დღეს აღარ გამოიყენება. მივიჩნევ, რომ ეკლესია თანამედროვე უნდა იყოს. იმ დროს, როცა თქვენ ბრძანეთ და უფრო ადრეც, სასულიერო პირები გადაადგილდებობნენ ცხენებით და ჯორებით. დღეს, რომ რომელიმე სასულიერო პირი, თბილისში, დღისით-მზისით ცხენით ან ჯორით ნახონ, იტყვიან: - ღმერთო, რა სიბნელეა, როგორ ჩამორჩა ეკლესია განვითარებას და რა შორს აღმოჩნდა საზოგადოებისაგანო. ამიტომ ეკლესიამ ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვეობას, ნებისმიერ სიახლეს და ტექნოლოგიურ მიღწევას ადეკვატურად უპასუხოს, მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მოუვიდეს.

- როგორ ფიქრობთ, ეკლესიის მსახურები ზოგჯერ მაინც არ აჭარბებენ თუნდაც ამ სიახლეების ეკლესიის წიაღში დამკვიდრების მცდელობით?

- ზედმეტი ეკლესიას არ მოსდის, ეს გამოიხატება იქიდანაც, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, როდესაც გაუსაძლისი სიცივეების პერიოდი გვეწყება, ჩვენ იქ მსახურნი წირვა-ლოცვას გაყინულ ტაძარში ვატარებთ, რადგან აუცილებელია ტაძარს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდეს, რაც შეიძლება შელახოს იქ ცენტრალური გათბობის დამონტაჟებამ. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ, მივიჩნევთ, რომ ძეგლს ამით შეურაცხყოფას მივაყენებთ. ჯობია ჩვენ შეგვციდეს, ვიდრე ძეგლი დამახინჯდეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თანამედროვე მოწამეები ვართ. რაც შეეხება კონდინციონერებზე ამდენ ლაპარაკს, ჩემთვის ეს მიუღებელია. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თვალს ხუჭავს გადაცდომებზე. თუ რაიმეა მიუღებელი, პირველი სწორედ მე ვიმაღლებ ხმას, მაგრამ ამ კონკრეტულ ვითარებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. მინდა, გითხრათ, რომ გაცილებით დიდი პრობლემებია მოსაგვარებელი, ვიდრე სვეტიცხოვლის საპატრიარქო რეზიდენციის კედელზე დამონტაჟებული კონდიციონერები.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: "მოწოდებით არ ვარ მამა, მოწოდებით არ ვარ მეუღლე, მაგრამ..." - მამა პეტრეს "ტკბილი ჯვარი"