"კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე"
2015 წლის შემოდგომაზე უკრაინულ ვებგვერდ tube.ua -ზე წინა ხელისუფლების დროს, სავარაუდოდ, სამეგრელოს ერთ-ერთ სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოაქვეყნებას როგორც ჩვენში, ასევე უკრაინაში დიდი რეზონანასი მოჰყვა. კადრებში ჩანდა როგორ ძალადობენ მამაკაცზე სექსუალურად და ასე აიძულებენ ჩვენების მიცემას.
შსს- მ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მსგავსი შინაარსის მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი ხელისუფლების დროს გააცნო, რის შემდეგაც ეს მასალები საჯაროდ, შს იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. დღემდე გაურკვეველია, როგორ მოხვდა ეს კადრები უკრაინულ საიტზე.
2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა.
როდესაც გამოძიებამ კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირებზე ჩაწერლი მასალა დაათვალიერა, აღმოაჩინა, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მალევე მაოხერეხა და ისინი დააკავა.
ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.
"კასრების საქმეზე" განაჩენი 2014 წელს გამოაცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს - თ.უ. - ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.
მის გარდა, ე.წ. "კასრების საქმეზე", გამოძიებამ გურამ ჭითანავა, გოჩა შონია, პაატა ქირია, გიორგი ბულია, რუსლან შამახია, კობა თოდუა, მარლეს ხვიტია, ირაკლი ახალაია და დავით ჩაგინავა დააკავა, ხოლო მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა ძებნილად გამოაცხადა.
უკრაინულ საიტზე წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გამოჩენისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს კადრები სწორედ ე.წ. კასრების ვიდეოფირებიდან იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, პრკურატურამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ადამაინები, ვინც კადრებში ძალადობენ, უკვე პასუხისგებაში არიან მიცემული და სასჯელს იხდიან,
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ, მეგის ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის იმ მუხლებით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მათ საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ;
კობა თოდუა ცნობილ იქნა წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. მასაც საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; თ.უ. დამნაშავედ სცნეს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებაში და მას საბოლოო სასჯელის ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პაატა ქირია, გურამ ჭითანავა, გიორგი ბულიაც დამნაშავედ ცნეს, რომელთაცსასჯელის ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ;
ირაკლი ახალაიას კი საბოლოო სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვის ვადით განესაზღვრა; მარლეს ხვიტია და გოჩა შონია ცნობილ იქნენ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, თუმცა მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რადგან აღიარეს ჩადენილი დანაშაული და არსებითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. ხვიტიასა და შონიას საბოლოო სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. რუსლან შამახია - სამეგრელო ზემო-სვანეთის შს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც ბრალი გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთში ედებოდა, წარდგენილ ბრალდებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
"ამჟამად მსჯავრდებულები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა. ასევე საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობდა დავით ჩაგინავას მიმართ, რომელიც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული იქნა საზღვარგარეთ და მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს რუსლან შამახიას გამტყუნებას, ასევე წამებასა და გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებაში მსჯავრდებულების სასჯელის დამძიმებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესმა" ამ ერთი წლის გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ე.წ. კასრების საქმის" დამნაშავეების ჩვენებიდან ამონარიდები იყო მოყვანილი. მათ შორის თ.უ.- ჩვენებიდანაც:
"2009 წელს, ზაფხულის დასაწყისში, ქალაქ ზუგდიდში მომიხდა ჩხუბი, ჩემთვის უცხო პიროვნებებთან. რა დროსაც ზუგდიდის პოლიციამ დამაკავა და ადმინისტრაციული წესით დამსაჯეს და 10 დღით პატიმრობა და ჯარიმა 100 ლარი მომისაჯეს. ჩემი საქმის წარმოების დროს გავიცანი გამომძიებელი გელა ფეტელავა. რომელმაც პოლიციასთან თანამშრომლობა შემომთავაზა. კერძოდ, სხვადასხვა ინფორმაციის მოტანა დამნაშავე პირებზე. ამაზე მე მას ვუთხარი უარი. რის შემდეგაც მან შემიყვანა თავის უფროსთან კოხტა კოდუასთან, მისსავე სამუშაო კაბინეტში, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ზუგდიდის პოლიციის შენობაში. კოხტა კოდუას ამ შეხვედრამდე არ ვიცნობდი. კოხტა კოდუამ მითხრა, რომ თუ არ ვითანამშრომლებდი პოლიციასთან უარესი დამემართებოდა. ანუ დამემუქრა დაჭერით. მე შემეშინდა და თანხმობა განვუცხადე. ამის შემდეგ, კოხტა კოდუამ მითხრა, რომ იყო ერთი პიროვნება, რომელსაც სექსუალური კონტაქტი ჰქონდა საკუთარ დასთან. ამ პიროვნებას ბომბი აქვს შემოტანილი და რაღაცის აფეთქებას აპირებსო. ჩვენ მას როცა დავაკავებთ, დაგირეკავთ, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამო" ანუ გააუპატიუროო. მე მას დავთანხმდი".
საშინელი მოსასმენია მის მიერ მიცემული ჩვენებები, ისევე, როგორც დაზარალებულთა დაკითხვის ოქმები.