"მოთამაშე, რომელიც შიშით გადის მოედანზე, რაგბის ვერ ითამაშებს!" (ექსკლუზივი)
"მოედანზე ისეთ შეურაცხყოფას ვერ მოგაყენებენ, რომ ვერ მოითმინო. იმაზე დიდი ადამიანობა არაფერია, როცა თავს მოთოკავ, შენს გუნდს არ დააღალატებ და მეტოქეს გამარჯვებით გასცემ პასუხს"
"გულშემატკივრისგან ისეთი სიყვარული ვნახე, არ მინდა, ვინმეს ვათქმევინო - დაბერდა და სახლში წასვლა ვერ გაიგოო! როგორც კი შევატყობ, რომ სათანადო ფორმაში აღარ ვარ, ჩემი სამშობლოს უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, ნაკრებში ვეღარ ვითამაშებ"
"ჯერ იაპონიას, კანადას, აშშ-ს, ტონგას ვეჭიდაოთ. და როცა მათაც ისე მოვუგებთ, როგორც ახლა ვამარცხებთ "ერთა თასის" გუნდებს, უკვე შეგვეძლება თქმა, რომ მზად ვართ "ექვსი ერისთვის"
მომქანცველი მატჩების და მტკივანი მუხლის მიუხედავად, მამუკა გორგოძე პირდაპირ მსოფლიო თასიდან დააბრუნეს კლუბში. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტულონში ჩასვლისთანავე მიიღო კოჭის ტრავმა და თანაგუნდელებს ათიოდე დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება. თუმცა, იქამდე, "გორგოძილამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავია: რამდენიმე პრესტიჟულმა გამოცემამ დაასახელა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მორაგბედ და რაც მთავარია, ახალ ზელანდიასთან შეხვედრაშიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს! მამუკა გორგოძე ინტერვიუს იშვიათად თანხმდება, მაგრამ მსოფლიო თასის შეფასება რომ ვთხოვეთ, "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- კარგა ხანია, თქვენი ინტერვიუ არ წაგვიკითხავს... როგორ ახერხებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე ჟურნალისტების უარით გასტუმრებას?
- შესაძლოა, ვცდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ზომიერად უნდა გამოჩნდე. თავს კი არ ვიფასებ, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს, დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე კი ერთი ნაბიჯია... როცა გგულშემატკივრობენ, შენი აზრიც აინტერესებთ, მაგრამ ყელში თუ ამოუყვან, საითაც გაიხედავენ, ყველგან შენ თუ იქნები, მოსაბეზრებელი გახდები და აღარც შენი თამაში აინტერესებთ და აღარც წარმატება. შეიძლება, ყოველდღე შემეხმიანონ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთიდან და ყველას თუ ერთი და იგივე ვუთხარი, მკითხველსაც ხომ მოჰბეზრდება - რას გადაგვაყოლა ამ მსოფლიო ჩემპიონატსო?!
- "არ გადაგაყოლებთ", მაგრამ მეც მსოფლიო თასით უნდა დავიწყო. უპირველესად, რა გახსენდებათ, როცა 2015 წლის მსოფლიო თასს ახსენებენ?
- კარდიფის "მილენიუმზე" ზელანდიას ეთამაშები, მხოლოდ 48 წუთს ითამაშებ 40 ქულის სხვაობით წაგებულ შეხვედრაში და მაინც მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაგასახელებენ - ამაზე მეტი რა უნდა იყოს?! მაგრამ გულწრფელად გეტყვით - ტონგასთან გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო!
- ტონგის დასამარცხებლად ორი წლის განმავლობაში ემზადებოდით. ის მატჩი რომ წაგეგოთ, შესაძლოა, გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხილიყო და დარჩენილ შეხვედრებში აღარაფერი გამოსვლოდა...
- გეთანხმებით, მაგრამ იმ მატჩის წაგება არ იქნებოდა... უნდა გენახათ, რა ხდებოდა ჩვენს გასახდელში ტონგასთან მატჩის წინ - მთელი გუნდი ერთ მუშტად იყო შეკრული, სისხლი გვიდუღდა... მწვრთნელებიც კი ვერ მალავდნენ ემოციას!
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ჯგუფური ეტაპის დაწყებამდეც ამბობდნენ, რომ ასე კარგად მომზადებული გუნდი აქამდე არ გვყოლია. მატჩებმა გამოაჩინა, რომ ფიზიკურად მართლაც ჩინებულად იყავით მზად...
- ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელებმა საოცრად იმუშავეს. მთელი გუნდი ძალიან მობილიზებული და შეკრული იყო, თვეების განმავლობაში ვიყავით ერთად და მცირე კამათიც კი არ მომხდარა! ეს მსოფლიო თასი იმითაც გამოირჩეოდა, რომ ყველა გუნდი კარგად იყო მომზადებული ფიზიკურად და ამის გამო ტრავმაც ბევრი ვნახეთ. წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს განსხვავებული მიზანი ჰქონდა - მინიმუმ ორი შეხვედრა უნდა მოგვეგო.
- რას ნიშნავს მამუკა გორგოძისთვის ეროვნული გუნდის კაპიტნობა?
- უდიდეს პატივს და პასუხისმგებლობას! როგორ ფორმაში ან ხასიათზეც უნდა იყო, არ გაქვს ცუდად თამაშის, თანაგუნდელების დაღალატების უფლება. კარგად მახსოვს, ახალგაზრდობაში რამდენს ვსწავლობდი შედარებით ასაკოვანი, გამოცდილი თანაგუნდელებისგან. სხვათა შორის, დღემდე ბევრს ვსწავლობ, თუნდაც ახალგაზრდა მოთამაშეებისგან - ვისაც ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, მისი საქმე წასულია!
- რას გრძნობს მორაგბე, როცა ახალი ზელანდიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით დგას მის წინ და ჰაკას მის "შესაშინებლად" ასრულებს?
- ჩემთვის მთავარი კაცობა და ადამიანობაა, ასე რომ, არც ერთ გუნდს ან მოთამაშეს არ ვაფეტიშებ, მაგრამ შეუძლებელია, უემოციოდ უყურო იმას, რასაც მთელი ბავშვობა უყურებდი ვიდეოჩანაწერებში, რაც მანამდე მხოლოდ ტრიბუნიდან ან ტელევიზიით გქონდა ნანახი... მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინ დგომა და მათი საბრძოლო ცეკვის ყურება ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივი იყო, თუმცა, შიში ნამდვილად არ მიგრძნია.
- რა შიში?! ჰაკას ღიმილით უყურებდით...
- გასაღიმებელი და მით უმეტეს, სასაცილო ჰაკაში არაფერია. სხვების რა გითხრათ, მე კი ნამდვილად არ გამღიმებია - ისე სერიოზულად ვადევნებდი თვალს ზელანდიელების საბრძოლო მისალმებას, როგორც ამ უძველეს ტრადიციას შეეფერება.
- ჰაკა მეტოქის შეშინებას, მის დემორალიზებას ისახავს მიზნად... ჰაკას დროს არა, მაგრამ მოედანზე ოდესმე გიგრძნიათ შიში?
- მოკლედ გიპასუხებთ ახალგაზრდა მოთამაშეების გასაგონად: მოთამაშე, რომელიც შიშით გადის მოედანზე, რაგბს ვერ ითამაშებს!
- არგენტინასთან მატჩში იმსახურებდით გაძევებას? როგორი საყურებელია, რომ შენი გასვლის შემდეგ გუნდს ზედიზედ სამ ლელოს გაუტანენ...
- ჩემი აზრით, არ ვიმსახურებდი... მსაჯი იქვე იყო, ყველაფერს ხედავდა და ერთხელაც არ გავუფრთხილებივარ - გაჩერდი, თორემ გაგაძევებო...
- თუმცა, ის არბიტრი ანგელოზი იყო საქართველო-ნამიბიის მსაჯ ჯორჯ კლენსისთან შედარებით...
- თავიდანვე არ წაგვივიდა თამაში, ამას არბიტრიც დაემატა და... ამის მიუხედავად, უკანასკნელ ორ წუთს თუ არ ჩავთვლით, ეჭვი არ შემპარვია, რომ ნამიბიას აუცილებლად დავამარცხებდით!
- კლენსისთვის რა დაგვიშავებია, საქართველოს ნაკრების მიმართ წყენა რომ ჰქონოდა?! ჰოდა, გამოდის, რომ დავალება ჰქონია - საქართველოს არ მოაგებინოო!
- რაგბიში მსაჯებზე ლაპარაკი მიღებული არ არის და მეც თავს შევიკავებ... ისე კი, ჩემი აზრით, კლენსის შემთხვევაში არაპროფესიონალიზმთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე - მიკერძოებასთან.
- ერთ-ერთ ეპიზოდში არბიტრმა გაგაფრთხილათ - ნუ მიყურებ ისე, თითქოს ჩემი მოკვლის სხვადასხვა ხერხზე ფიქრობდეო... ოთხი-ხუთი წლის წინ, ალბათ, ძალიან გაგიჭირდებოდათ ასეთი არაობიექტური მსაჯობის მოთმენა, ამჯერად კი კლენსიმ მხოლოდ მზერაზე შეგატყოთ, რას ფიქრობდით მასზე...
- პატარა ხომ აღარ ვარ (იცინის)?! თანაც, გუნდის კაპიტანი ვარ და ორმაგი პასუხისმგებლობა მაწევს! მინდა ყველა დამწყებ მორაგბეს ვუთხრა - მოედანზე ისეთ შეურაცხყოფას ვერ მოგაყენებენ, რომ ვერ მოითმინო. იმაზე დიდი ადამიანობა არაფერია, როცა თავს მოთოკავ, შენს გუნდს არ დააღალატებ და მეტოქეს გამარჯვებით გასცემ პასუხს!
- როგორ ფიქრობთ, ვართ მზად "ექვსი ერისთვის" მენტალურად ან ფინანსურად?
- შესაძლოა, უმეტესობის საწინააღმდეგო მოსაზრება გამოვთქვა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ: დადებითი შედეგი დიდი ხნის განმავლობაში ერთად ყოფნის და მზადების ფონზე ვაჩვენეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მოთამაშეს რომ ეტყვიან - ორშაბათს შეკრებას ვიწყებთ, შაბათს ინგლისს უნდა ვეთამაშოთო, ეყოფა ხუთ-დღიანი მომზადება ამ დონის გუნდებთან სათამაშოდ?! მეორე მხრივ, პროგრესისთვის აუცილებელია ძლიერ გუნდებთან თამაში. ამიტომაც, ჯობს, ამ ეტაპზე ისეთ გუნდებს ვეჭიდაოთ, როგორებიც არიან იაპონია, კანადა, აშშ, ტონგა. მათთან ჭიდილში გავიზარდოთ და როცა მათაც ისე მოვუგებთ, როგორც ახლა ვამარცხებთ "ერთა თასზე" მოასპარეზე ნაკრებებს, უკვე შეგვეძლება თქმა, რომ სპორტული თვალსაზრისით მზად ვართ "ექვსი ერისთვის".
- 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე დავიბევეთ და ნაკრების მწვრთნელებს შესაძლებლობა ექნებათ, "ერთა თასის" მატჩები ახალი მოთამაშეების, ტაქტიკის გამოსაცდელად გამოიყენონ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნაკრებში იშვიათად, მხოლოდ პრინციპული მატჩებისას გნახავთ?
- სავარაუდოდ, ასეც იქნება და მხოლოდ შიგადაშიგ ჩამოვალ ხოლმე... ისეთ ფორმაში ვარ, არ მგონია, სამი წლის შემდეგ ნაკრებს ვეღარ გამოვადგე. თუ იმ დროს სათანადო ფორმაში ვიქნები, 2019 წლის მსოფლიო თასზე აუცილებლად ვითამაშებ. რობოტები არ ვართ, ყოველთვის კარგად რომ ვითამაშოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავალ მოედანზე, თუ 100%-ით არ ვიქნები დარწმუნებული ჩემს თავში. გულშემატკივრისგან ისეთი სიყვარული ვნახე, ამის შემდეგ არ მინდა, ვინმეს ვათქმევინო - დაბერდა და სახლში წასვლა ვერ გაიგოო! როგორც კი შევატყობ, რომ სათანადო ფორმაში აღარ ვარ, ჩემი სამშობლოს უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, ნაკრებში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, კარგი სახელით დავასრულო სანაკრებო კარიერა...
- "მე ვარ მე-16!" მსოფლიო თასის დროს მთელი საქართველო "მეთექვსმეტე მოთამაშე" იყო და ამას თქვენც ხედავდით! რას ეტყვის მამუკა გორგოძე ქართველ ქომაგს?
- უდიდეს სტიმულს გვაძლევდნენ და დიდი მადლობა ყველას, ვინც წამოიწყო და მონაწილეობდა ჩვენს მხარდამჭერ კამპანიაში! მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს. ფინანსურად სულაც არ ულხინთ, მაგრამ ბევრმა მათგანმა ასეულობით კილომეტრი გამოიარა, ჩვენს საქომაგოდ რომ ჩამოსულიყო... უდიდესი მადლობა და პატივისცემა ქართველ სამხედროებს ჩვენი მხარდაჭერისთვის... სხვათა შორის, როცა შევიტყვეთ, რომ ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, მუდამ მოღიმარ ვასილ ყულჯანიშვილს მეტსახელად "სმაილას" ეძახდნენ, გადავწყვიტეთ, მისი ხსოვნის პატივსაცემად მთელ გუნდს "სმაილები" დაგვეხატა მკლავზე და ისე გვეთამაშა. სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ამის უფლება არ მოგვცეს, მაგრამ რამდენიმე მორაგბემ მალულად მაინც მოახერხა ამის გაკეთება...