"ხიდიდან გადახტა თუ გადააგდეს, არავინ იცის. არმიაში ორივე ვერსია გავრცელდა" - კვირის პალიტრა

"ხიდიდან გადახტა თუ გადააგდეს, არავინ იცის. არმიაში ორივე ვერსია გავრცელდა"

"აქ გავრცელდა ამბავი, რომ ასეულში რამდენჯერმე ფული დაიკარგა. ეჭვი რამდენიმე ჯარისკაცზე მიიტანეს, შესაძლოა დასახელებულ პირებს შორის გურამიც იყო, რის გამოც თავმოყვარეობა შეელახა".

19 ოქტომბერს, სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს. კაპრალი გურამ კომლაძე, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონში ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად მსახურობდა.მომხდარ ზე გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო.  "საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გურამ კომლაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ვერსიით, ჯარისკაცი ხიდიდან გადახტა. თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც ის ხიდიდან გადააგდეს...

"კვირის პალიტრა" დეტალების გასარკვევად, მისი ასეულის ჯარისკაცს დაუკავშირდა...

ირაკლი 26 წლის:

- გურამი მე-12 ბატალიონის I-ლი ბრიგადის ჯარისკაცი იყო. 32 წლის. ნორიოს ხიდის ქვეშ იპოვეს დილას, მაგრამ იქიდან გადმოხტა თუ გადააგდეს, არავინ იცის. არმიაში ორივე ვერსია გავრცელდა.

- რა მოტივით შეიძლება მოეკლა თავი?

- აქ გავრცელდა ამბავი, რომ ასეულში რამდენჯერმე ფული დაიკარგა. ეჭვი რამდენიმე ჯარისკაცზე მიიტანეს. ძნელია, ვინმესთვის ხელის დადება, მაგრამ შესაძლოა დასახელებულ პირებს შორის გურამიც იყო, რის გამოც თავმოყვარეობა შეელახა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.

- ასეულში ფული ხშირად იკარგება?

- ხშირად არა, ასეთი რამები ყველა ნაწილში ხდება. ასობით ლარზე კი არა, მცირედ თანხაზეა ლაპარაკი.

- რამდენჯერმე ითქვა, რომ ჯარში "დედოვშჩინა" ისევ აქტუალური გახდა...

- არა, ეს გამორიცხულია.

- საიდან იყო წარმოშობით?

- თბილისელი არაა, ერთ-ერთი რაიონიდან იყო. ბიჭებმა მითხრეს, რომ ორი ძმა ჰყავს, ორივე სამხედრო პირი, - ერთი ძმა ავღანეთშია, მეორე

- სერჟანტთა სკოლაში მუშაობს, ინსტრუქტორად. ცოლ-შვილი ჰყავს თუ არა, არც ეს ვიცი,

- ვინც იცნობდა, რას ჰყვება მასზე, - რამე პრობლემა ჰქონდა, განიცდიდა რამეს?

- არა, მსგავსი არაფერიო... წინა ღამეს მოწყობაზე ყოფილა, ჩვეულებრივ. დილით კი, ხიდის ქვეში უპოვიათ მისი ცხედარი. ეს ასეული, ნორიოში დგას. იმ ადგილამდე საზოგადობრივი ტრანსპორტი არ მიდის და ყოველ დილა-საღამოს სამხედროებს თავდაცვის სამინისტროს მანქანა ემსახურება, რომელსაც ისინი დილას ბაზაზე მიჰყავს და საღამოს სახლში აბრუნებს... სწორედ, მაშინ, როდესაც სამხედროები ნორიოს ბაზაზე მიჰყავდათ, ხიდის ქვეშ კომლაძის ცხედარი უნახავთ.

მარიამ რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)