ვინ შეერკინებიან ერთმანეთს - მილიარდერი ტრამპი და "ჭკვიანი ძალის" ქალბატონი კლინტონი?! - კვირის პალიტრა

ვინ შეერკინებიან ერთმანეთს - მილიარდერი ტრამპი და "ჭკვიანი ძალის" ქალბატონი კლინტონი?!

ამერიკის მომდევნო, 58-ე საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს, ტრადიციულად, სამშაბათს გაიმართება. ორი მთავარი პოლიტიკური პარტიის, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების, კანდიდატთა სიები უკვე ცნობილია.

გამოკითხვების მიხედვით გამოვლინდნენ ლიდერებიც. რესპუბლიკელ კანდიდატთა შორის ლიდერობს დონალდ ტრამპი. პირველი ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: დონალდ ტრამპი, ბენ კარსონი, კარლი ფიორინა, მარკო რუბიო და ჯებ ბუში. მონაცემები მუდმივად იცვლება, ამიტომ საბოლოო პროგნოზის გაკეთება რთულია მხოლოდ ამ კვლევებზე დაყრდნობით. რაც შეეხება დემოკრატებს, აქ უპირატესობა ჰილარი კლინტონის მხარესაა. დემოკრატიული პარტიაში ხმათა უმრავლესობა სამ ძირითად კანდიდატს შორისაა გადანაწილებული: ჰილარი კლინტონს, ბერნი სანდერსსა და ჯოზეფ ბაიდენს შორის.

ხშირად გაისმის ფრაზა სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი, რადგან ამერიკის საგარეო პოლიტიკა უცვლელია. თუმცა, კონკრეტული ლიდერები ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. ამერიკის ახალ პრეზიდენტს ობამასგან ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა ერგება. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური ხედვა და მისი წარმოებული საგარეო პოლიტიკა. ამერიკის აქტიურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთის ევროპის ახალი დემოკრატიებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. რუსეთის მხრიდან გაზრდილი აგრესიის ფონზე ჩვენთვის უმჯობესია ამერიკას ჰყავდეს ძლიერი ლიდერი, რომელიც რუსეთის გავლენის ზრდას შეეწინააღმდეგება, არ აწარმოებს იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკას და მოკავშირეების უსაფრთხოებას დაიცავს.

ტრადიციულად, დემოკრატები მხარს უჭერენ ფართო სოციალურ პროგრამებს, გაზრდილ რეგულაციებს, გაზრდილ გადასახადებსა და მემარცხენე ეკონომიკურ პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკის კუთხით კი ისინი სამხედრო ხარჯების შემცირების და უფრო მეტად იზოლაციონისტური პოლიტიკის მომხრენი არიან. რესპუბლიკელები უფრო მეტად აქტიურ საგარეო პოლიტიკას, გაზრდილ სამხედრო ხარჯებს, ხოლო ქვეყნის შიგნით თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასა და მცირე მთავრობას უჭერენ მხარს. თუმცა, ეს წესები ყოველთვის დაცული არ არის. დემოკრატი პრეზიდენტი ავტომატურად არ ნიშნავს იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკას და პირიქით. გარდა პარტიული კუთვნილებისა, ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს. მათ შორის, მნიშვნელოვანია ლიდერის პოლიტიკურ რწმენათა სისტემა, ცოდნა და გამოცდილება, მმართველობის სტილი და პიროვნული თვისებები.

რესპუბლიკელების დებატებმა ნათელი გახადა, რომ თავად რესპუბლიკელ კანდიდატებს შორისაც არ არსებობს თანხმობა ამერიკის მომავალ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

New York Times-სა და CBS Newsის სოციალური კვლევებით, ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტია. მას გამოკითხულ რესპუბლიკელთა შორის 27 % უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა ბენ კარსონი, რომელსაც ხმების 23% აქვს. საგრძნობლად დაეცა ჯეფ ბუშის რეიტინგი, მას გამოკითხულთა 6%უჭერს მხარს.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტობის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, იგი სახელფასო ანაზღაურებაზე, რომელიც 400 ათასი დოლარია წელიწადში, უარს იტყვის. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ტრამპის ქონებრივი მდგომარეობა 4,1 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული, თუმცა როდესაც ტრამპმა პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა, განაცხადა, რომ მისი ქონება 10 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. მისი ყოველწლიური შემოსავალი 400 მლნ აშშ დოლარია, ამიტომაც ტრამპმა პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისთვის 1 მლრდ აშშ დოლარს საკუთარი ჯიბიდან დაფარავს.

აშშ-ის ისტორიაში ორმა პრეზიდენტმა თქვა უარი ხელფასის მიღებაზე: ქვეყნის 31-ე პრეზიდენტმა ჰერბერტ გუვერმა და ჯონ კენედიმ, რომელიც ამერიკის 35-ე პრეზიდენტი იყო. მათ თავიანთი ხელფასი ქველმოქმედებას მოახმარეს.

გამოკითხვების ლიდერმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა, ჰუგ ჰევიტთან რადიო-ინტერვიუსას მთელ რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული უცოდინარობა გამოავლინა. მან არ იცოდა ჰამასსა და ჰეზბოლას შორის განსხვავება და მათი ლიდერების შესახებაც არ ჰქონდა ინფორმაცია. ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა მისი სხვა განცხადება სირიის კრიზისთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპის თქმით, ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დაბომბავს ნავთობის მდელოებს, რომლებიც ტერორისტების კონტროლირებად ტერიტორიებზეა, რაც, ფაქტობრივად, სამხედრო ინტერვენციას ნიშნავს მაშინ, როდესაც ტრამპი ჯორჯ ბუშის ერაყში შეჭრის დიდი კრიტიკოსია.

საბოლოოდ, ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში დაიქირავებს კომპეტენტურ გუნდს, რომელსაც დაეყრდნობა საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას. რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ უნდა დაიბრუნოს რუსეთის პატივისცემა და ამის გაკეთება მხოლოდ მას შეუძლია. დონალდ ტრამპის განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მას არ გააჩნია ცოდნა და სტრატეგია საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ასევე მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას რესპუბლიკელების სხვა კანდიდატმა, ყოფილმა ნეიროქირურგმა, ბენ კარსონმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა პრეზიდენტი ბენ კარსონი რუსეთის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში შეჭრის შემთხვევაში, მან უპასუხა, რომ დასავლეთმა უნდა დაარწმუნოს ეს ქვეყნები ნატო-ს წევრობის აუცილებლობაში. ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ისინი უკვე არიან ნატოს წევრები, კარსონმა აღნიშნა, რომ მას ბალტიისპირეთის ქვეყნები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აერია.

ყველაზე მეტად ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური ხედვა რესპუბლიკელების პოპულარული კანდიდატებიდან, როგორც ჩანს, მარკო რუბიოს აქვს. ის საკმაოდ კარგად ერკვევა პოლიტიკაში და თვლის, რომ რუსეთის ახალ გეოპოლიტიკურ მიზნებს და ექსპანსიონისტურ საგარეო პოლიტიკას ამერიკა წინ უნდა აღუდგეს და არ უნდა მიატოვოს საკუთარი მოკავშირეები ბედის ანაბარა. აღსანიშნავია, რომ მარკო რუბიო რეიგანის იდეების აქტიური მხარდამჭერია. კიდევ ერთი კანდიდატის, კარლი ფიორინას განცხადებით კი ამერიკა რუსეთს საერთოდ არ უნდა ესაუბროს.

შეიძლება ითქვას, რომ ჰილარი კლინტონი, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია პრეზიდენტობის მსურველთა შორის. მას გამოკითხული დემოკრატების 47% უჭერს მხარს.

ის ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას როგორც ამერიკის პირველი ლედი.

ბილ კლინტონის ოფისიდან წასვლის შემდეგ იყო ნიუ-იორკის სენატორი 2001-2009 წლებში. მონაწილეობდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად, თუმცა პრაიმერში დამარცხდა ობამასთან. მოგვიანებით ის დათანხმდა ობამას შემოთავაზებას და ამერიკის სახელმწიფო მდივანი გახდა 2008-2012 წლებში. 2015 წელს ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ.

ჰილარი კლინტონი საგარეო პოლიტიკაში "ჭკვიანი ძალის" გამოყენების მომხრეა. იგი რეალიზმის გადმოსახედიდან უყურებს საერთაშორისო პოლიტიკას. მისი თქმით, მსოფლიო სავსეა საფრთხეებით და ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად საჭიროა საკუთარ შეცდომებზე სწავლა. თუ მის პოლიტიკურ წარსულ გადავხედავთ, კლინტონი საგარეო პოლიტიკაში "ძლიერი ძალის" გამოყენების მომხრე ხშირად ყოფილა. ის მხარს უჭერდა ინტერვენციონისტულ პოლიტიკას მთელ რიგ შემთხვევებში - ჰაიტის, ბოსნიის ომის, კოსოვოს ომის დროს. მხარს უჭერდა ნატოს ინტერვენციას დარფურის კრიზისის დროსაც.

2002 წელს სენატორმა კლინტონმა ჯორჯ ბუშის რეზოლუციას ერაყში შეჭრასთან დაკავშირებით ასევე მხარი დაუჭირა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ერაყში შეჭრა ამერიკის დიდი შეცდომა იყო. ობამას ადმინისტრაციაში ყოფნისას კლინტონი ავღანეთში სამხედრო ძალის გაძლიერების და ასადის წინააღმდეგ მებრძოლთათვის იარაღის მიწოდების მომხრე იყო, ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს ისრაელს ირანის და ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. თუმცა, მას ხშირად აკრიტიკებენ რესპუბლიკელები რუსეთის მიმართ განხორციელებული "გადატვირთვის" პოლიტიკის გამო, რომელმაც რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა წააქეზა.

ჰილარი კლინტონი ძლიერი ლიდერული თვისებებით გამოირჩევა. ის ამბიციური პოლიტიკოსია და ძალიან არის დაინტერესებული საგარეო პოლიტიკით - სახელმწიფო მდივნის რანგში მან რეკორდული რაოდენობის ვიზიტები განახორციელა სხვა ქვეყნებში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საგარეო პოლიტიკაში კლინტონი საკუთარი უფლებების დელეგირებას მოახდენს, ის თავად იქნება ჩართული კრიზისული სიტუაციების გადაწყვეტაში. კლინტონი ჯერჯერობით მკაცრად არ ემიჯნება ობამას არაპოპულარულ საგარეო პოლიტიკას, რადგან თავადაც მის ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან ამერიკის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში "მარცხი" უწოდა. ამ ყველაფერზე დაყრდობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჰილარი კლინტონი საგარეო პოლიტიკაში იქნება გაცილებით აქტიური, ვიდრე წინამორბედი ბარაქ ობამა, თუმცა ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე განცდილი მარცხების შემდეგ, დემოკრრატებს, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდებათ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

ნატო მუჯირიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)