სამოქალაქო ომი, "ვარდების რევოლუცია..." - თხის წელი - რადიკალური გარდატეხების პერიოდი საქართვლოსთვის?! - კვირის პალიტრა

სამოქალაქო ომი, "ვარდების რევოლუცია..." - თხის წელი - რადიკალური გარდატეხების პერიოდი საქართვლოსთვის?!

"ყველაზე კრიზისულ თვეებად შეიძლება მივიჩნიოთ ნოემბერი და დეკემბერი" - ასტროლოგთა პროგნოზი მართლდება?!"

"უახლოეს მომავალში პოლიტიკურ სარბიელზე ბევრი ახალი სახე გამოჩნდება"

ვაღიარებთ თუ არა ასტროლოგიას, ცახდია, რომ ასტროლოგიური პროგნოზები კეთდება, რაც არცთუ იშვიათად მართლდება კიდეც.

ასტროლოგების თქმით, თხის წელი არც ისე იოლი გასავლელია და გარკვეული "სიურპრიზები" ახასიათებს. ამას ჯერ კიდევ წლის დასწყისში ამბობდა ასტროლოგი –რამაზ გიგაური, რომელთანაც თებერვალში ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე. მაგალითისთვის ის საქართველოს უახლოეს წარსულსაც იხსენებდა –1991 და 2003 წლებს, რომლებიც აგრეთვე თხის გახლდათ და საქართველოსთვის არც ერთი აღმოჩნდა იოლი (1991-ში სამოქალაქო ომი დაიწყო, 2003-ში "ვარდების რევოლუცია" მოხდა)...

სამოქალაქო ომი

ბატონი რამაზი ამბობდა: "ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში მივუთითე, რომ თხის წელი იოლი და სტაბილური ნამდვილად არ იქნებოდა, რადგანაც აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თხის წლისთვის დამახასიათებელია მერყეობა, ცვალებადი აქტიურობა, მოვლენების არასტაბილური განვითარება, ჭირვეულობა, და პერიოდული სასოწარკვეთა. თხის წლის ძირითადი ტენდენციებია - მერყეობა და არასტაბილურობა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ყველა დონეზე იგრძნობა".

მისივე თქმით: "2015 წლის ყველაზე რთული პირველი და მეოთხე კვარტალი იქნება, ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ამ პერიოდში მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებს. ყველაზე კრიზისულ თვეებად შეიძლება მივიჩნიოთ - ნოემბერი და დეკემბერი. წელს მოძველებული მეთოდებით ხელმძღვანელობა ან დაკარგული პოზიციების უხეში მეთოდებით დაბრუნების მცდელობა გამართლებული არ იქნება, რადგან მოსალოდნელია, ამან კიდევ უფრო გაამწვავოს არსებული მდგომარეობა.

"ვარდების რევოლუცია"

რას უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ?! ცხადია, უპირველესად მატერიალურ საკითხებს, რადგან თხა ჩინურ ასტროლოგიაში ფიზიკურ-მატერიალურ სამყაროს მართავს და მას ცვლილებები ყოველთვის ფიზიკურ სამყაროში მოაქვს. გამონაკლისი არც 2015 წელი იქნება. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ მინიმუმამდე შეამციროს ფინანსური რისკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხის მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ უბრალო უკმაყოფილებაში, მოსალოდნელია ამას სერიოზული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვეს, რაც ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულდება".

ფაქტია, რომ 2015 წელი საქართველოსთვის არც ისე იოლი გადასატანი აღმოჩნდა. შევეხეთ ასევე წინა ორ ციკლის თხის წელიწადსაც (1991 და 2015) და იმას, თუ რა გავლენა იქონია მან საქართველოს ისტორიაში.

რამაზ გიგაური:

- საქმე ის გახლავთ, რომ თხის წელს ახასიათებს არა მხოლოდ "მიზეზიანი", არამედ ერთი შეხედვით, "უმიზეზო" გართულებებიც. სინამდვილეში მიზეზ-შედეგობრიობის კანონის თანახმად, ყველა შედეგი გარკვეული მიზეზის გამოდგება. თხის წელში, ეს ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი "მიზეზები" ერთბაშად და მოულოდნელად აქტიურდება, რაც სერიოზული კრიზისს იწვევს ხოლმე.

თხის წელში როგორც ადამიანები, ისე სახელმწიფოები ჯიუტები და მეტისმეტად პრინციპულები ხდებიან, რაც კონფლიქტებს და დაპირისპირებებს უდებს სათავეს. მაგალითად, თხის წელში დაიწყო ცნობილი ავღანეთ-საბჭოთა კავშირის 10-წლიანი ომი. სწორედ თხის წელში მოხდა საქართველოს "სამოქალაქო ომიც", რამაც შემდგომ საქართველოში მთელ რიგ ურთულეს პოლიტიკურ პროცესებს დაუდო სათავე.

"ვარდების რევოლუციაც" სწორედ თხის წელში მოხდა. როგორც აღვნიშნე, ყველაფერს განაპირობებს ერთი მხრივ ამ წლისთვის დამახასიათებელი მერყეობა, არასტაბილურობა, ძველის ნგრევისა და ახლის შენების სურვილი და მეორე მხრივ კი ადამიანები ხდებიან ჯიუტები, კარგავენ რეალობის განცდას, უშვებენ შეცდომებს, რაც ამ ცვლილებებს აჩქარებს.

– რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად?

რამაზ გიგაური:

- საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი გზა აქვს – დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ყველა ბერკეტით შეეცადოს, იგივე ლარის კურსის დასტაბილურებას. მაშინ, როცა მოსახლეობა მძიმე ტვირთად აწევს საბანკო სესხები, არ იქმნება სამუშაო ადგილები და არ ხდება ადამიანებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხოლო გნებავთ ცენტრალური, გნებავთ რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ დიდ ხელფასთან ერთად, პრემიებს და ათასგვარ დამატებებს იღებენ, ეს შესაძლოა, მათ ძალიან ცუდად შემოუტრიალდეთ.

რამაზ გიგაურმა ეს ყველაფერი წლის დასაწყისში იწინასწარმეტყველა

ვხედავთ, რომ მსოფლიოსა და ქვეყანაში წლის დასასრულისკენ სიტუაცია მართლაც უკიდურესად დაიძაბა, გვესაუბრება ასტროლოგი სოფო ბზეკალავა:

– თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მზე სულ მალე დატოვებს დიპლომატიური და ლოიალური სასწორის ზოდიაქოს და აგრესიული მორიელის მმართველობა უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შევა, სავსებით შესაძლებელია, ვივარაუდოთ, არსებული სიტუაციის ესკალაცია. ამას გარდა, გააქტიურდება ურან-პლუტონის ბოლო დასკვნითი ფაზა, რომელმაც თავის დროზე უკრაინის ომის თემა წამოსწია წინ. ზოგადად ეს არის რეჟიმსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის უკომპრომისო ბრძოლის ასპექტი. ურანი ინდივიდუალიზმის შეუზღუდაობას ითხოვს, ითხოვს თავისუფალი აზრის გავრცელების უფლებას, პლუტონი ძალაუფლება და რეჟიმია, შესაბამისად, თავად განასაჯეთ – მოვლენების მიხედვით, ფაქტები სახეზეა. თუმცა როგორ დასრულდება ეს ძნელი სათქმელია. ერთი შემიძლია გითხრათ, ეს ყველაფერი ძირეულ და ფუნდამენტალურ ძვრებს მოიტანს. პირველ რიგში ხალხის მენტალობას შეეხება ძვრები. ამიტომ როგორც ასტროლოგები ამბობენ – არ არსებობს აბსოლუტურად ცუდი და კარგი მოვლენა. ყველა მოვლენას გააჩნია კონკრეტული აზრი და დანიშნულება.

– კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, მოიტანს თუ არა ეს ყველაფერი სერიოზულ გართულებას?

– გააჩნია თავად საზოგადოება რამდენად მისცემ ს მოვლენებს მსვლელობას და რამდენად მოხერხდება სიტუაციის მართვა. აუცილებელია, რომ მოხდეს კომპრომისის გამონახვის გზით სვლა. შემიძლია ვივარაუდო ერთიც, სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში (რაც სავსებით მოსალოდნელია) ეს არ იქნება ხანგრძლივი პროცესი, თუმცა შესაძლოა იყოს მოულოდნელი და აბსოლუტურად სენსაციური მოვლენებით სავსე. 2015 ცხვარის – თხის წელიწადია, ხომ გაგიგონიათ, "ცხვარი, ცხვარიაო"... ამიტომ აჯობებს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ! შემიძლია ვივარაუდო, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკურ სარბიელზე ბევრი ახალი სახე გამოჩნდება, ძირითადად ერუდირებული და განათლებული ადამიანები. შესაძლოა ემიგრაციაში მყოფი ქართველებიც...

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)