"მიხეილ სააკაშვილმა წამომიყენა ულტიმატუმი, დამეთმო ტელევიზია, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად გვეცხოვრა" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილმა წამომიყენა ულტიმატუმი, დამეთმო ტელევიზია, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად გვეცხოვრა"

ქიბარ ხალვაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" 300 000 ლარად დაათმობინა, მაშინ როდესაც ის 7 300 000 დოლარად შეიძინა. დღეს დილით ხალვაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

ბიზნესმენმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელმაც, ხალვაშის მტკიცებით, მას "რუსთავი 2"-ის დათმობასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა.

"2006 წლის 16 ნოემბერს, 22:30 საათზე შევედი მაშინდელ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ. მან წამომიყენა პრეტენზია, მოთხოვნა-ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად გვეცხოვრა, არ მქონოდა პრობლემები. მეორე დღეს, 2006 წლის 17 ნოემბერს მოვიდა დიმიტრი ქიტოშვილი თავის მეგობრებთან ერთად და გადაიფორმა "რუსთავი 2". ეს იყო ზეწოლა - ახლა ტყვიამფრქვევი არ უსვრია. არსებობს მტკიცებულება, რომელშიც წერია, რომ მე კომპანიაში ავიღე 300 000 ლარი, რაც 300 კაპიკიც არ ყოფილა სინამდვილეში მაშინ, როცა მე ვიყიდე 7 300 000 დოლარად", - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე განმარტებით, იმას, რასაც მოპასუხე მხარე ლაპარკობს, "მიშა სააკაშვილის და გვარამიას დაწერილია".

ბიზნესმენმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება სთხოვა, რადგან "სასამართლო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის – არის მცდელობა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, აქედან გამომდინარე ვთხოვე, რომ მისი წარმომადგენელი დაესწროს სასამართლო პროცესს და გაერკვეს თუ როგორ მიდის საქმე", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. ბიზნესმენის თქმით, პრეზიდენტმა დახმარება აღუთქვა.

როგორც ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი პროკურატურაში აქვს შეტანილი. სარჩელი მის მიერ "რუსთავი 2"-ის 7 300 000 დოლარად შეძენის საქმეს შეეხება, რომელიც მისივე განმარტებით, შემდგომში მიზერულ თანხად დაათმობინეს.

ბიზნესმენის მტკიცებით, ის არის როგორც გერმანიის, ისევე საქართველოს მოქალაქე.

"დევნილის სტატუსი არ მაქვს, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. პასპორტი ახლა არ წამომიღია, თორემ გაჩვენებდით. ამავდროულად მე ვარ გერმანიის მოქალაქე", - განაცხადა ხალვაშმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით