"მე, გიორგი და ბიძინა კარგი მეგობრები ვიყავით" - რას პასუხობს ხუხაშვილი ივანიშვილს? - კვირის პალიტრა

"მე, გიორგი და ბიძინა კარგი მეგობრები ვიყავით" - რას პასუხობს ხუხაშვილი ივანიშვილს?

"შესაძლოა ბიძინას დიდმა "კეთილის მსურველებმა" მას მსგავსი ინფორმაცია მართლაც მიაწოდეს"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ: "გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელიწადია, ელოდებიან და იბრძოდნენ ამ პოსტისთვის და უეცრად ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ჩემთვისაც კი მოულოდნელი გახდა"- აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. ყოფილი პრემიერის განცხადების შემდეგ, ექსპერტ გია ხუხაშვილს დავუკავშირდით:

(იხილეთ ასევე: "გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელიწადი იბრძოდნენ მარგველაშვილის მრჩევლობისთვის")

- გიორგი მარგველაშვილი ჩემი მეგობრია და ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ბიძინა ივანიშვილიც ჩემი მეგობარი იყო, მეტიც, სამივე, მე, გიორგი და ბიძინა ერთმანეთისთვის კარგი მეგობრები ვიყავით.

- რამ გამოიწვია თქვენი "სამეულის" დაშლა?

- ეს პირადი ურთიერთობის ნაწილია, რომელზეც საჯაროდ არასოდეს ვილაპარაკებ. ეს მინიმუმ, არაკორექტული იქნება.

- და იქნებ, მეგობრობიდან გამომდინარე, მართლაც ელოდით, რომ პრეზიდენტი მრჩევლის პოსტს შემოგთავაზებდათ?

- ეს იმდენად სასაცილო ინფორმაციაა, რომ კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. თანამდებობაზე ყოფნა ჩემთვის ყოველთვის არაკომფორტულია - ნებისმიერ პოსტზე მნიშვნელოვანი, როგორც გითხარით, ადამიანური ურთიერთობებია!

- ანუ, ბიძინა ივანიშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ან თქვენი აზრით, საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა ყოფილ პრემიერს ექსპერტების პოლიტიკურ მიზნებზე?

- შესაძლოა ბიძინას დიდმა "კეთილის მსურველებმა" მსგავსი ინფორმაცია მართლაც მიაწოდეს, მაგრამ ვიმეორებ, სისულელეა, რომ მე მრჩევლის პოსტის დასაკავებლად ვიბრძოდი!

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)