მთავარი პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი ირაკლი შოთაძეს აქვს?! - რას ამბობენ კულუარებში? - კვირის პალიტრა

მთავარი პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი ირაკლი შოთაძეს აქვს?! - რას ამბობენ კულუარებში?

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის საქართველოს მთავარ პროკურორობაზე წარდგენილია - კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ თავად წულუკიანმა განაცხადა.

''კონსულტაციებისთვის ვადა 13 ნოემბრამდე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, საადვოკატო ბიუროებს, ადვოკატთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მომაწოდონ მათთვის საინტერსო კანდიდატურები. ჯერ მხოლოდ ორი შემოთავაზებაა ჩემთან შემოსული, ეს არის კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კანდდიატურა შემოვიდეს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებს ქალ კანდიდატურაზე, რადგან 3-პირიან სიაში, რომელიც უნდა შევადგინო, მინიმუმ ერთი მაინც განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს'', - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, 3-კაციან სიას 14 ნოემბერს, დილით გამოაქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ საპროკურორო კანონში შეტანილი ცვლილებებით მთავარი პროკურორის არჩევის წესი შეიცვალა და გართულდა, როგორც ამბობენ, საბოლოოდ მნიშვენლოვანი მაინც მთავრობისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განწყობები იქნება. კულუარებში უკვე ლაპარაკობენ, რომ მთავარი პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი სწორედ ირაკლი შოთაძეს აქვს, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილეა. ამ ვარაუდის მთავარ საფუძვალდ კი მისდამი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ ნდობასა და კეთილგანწყობას ასახელებენ, თუ რით დაიმსახურა შოთაძემ ეს, უცნობია. კახიშვილის შანსები მაინც და მაინც დიდი არ უნდა იყოს. კულუარებში კიდევ ერთ წონიან კანდიდატურაზე ლაპარაკობენ, ესაა ეკა ბესელია, რომელსაც, დიდი ალბათობით რამდნიმე დღეში წარუდგენენ წულუკიანს და ის მის შერჩეულ საბოლოო სამეულში აუცილებად იქნება.

მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის პროცესი, კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის მინისტრის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებით იწყება.

ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. მინისტრმა ასევე უნდა დაასაბუთოს ეს წარდგინებები.

საპროკურორო საბჭომ წარდგენილ კანდიდატთაგან ერთი უნდა შეარჩიოს არანაკლებ 2/3-ით ანუ სულ ცოტა 10 ხმით. ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტი ხმა საბჭოს თავმჯდომარეს - იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ დააგროვებს, მაშინ მეორე ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი გადავა, თუმცა თუ ვერც ამ შემთხვევაში მიიღებს რომელიმე ხმების 2/3-ს, მაშინ კანდიდატების დასახელების პროცედურა თავიდან იწყება, კანონპროექტის თანახმად.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის მიერ დაბლოკვის შემთხვევაში, ახალი კანდიდატის წარდგენისთვის პროცესი ხელახლა იწყება.