"თვითმკვლელი ღვთისმშობელი" - ვინ არის სკანდალურად ქცეული ნახატის ავტორი - კვირის პალიტრა

"თვითმკვლელი ღვთისმშობელი" - ვინ არის სკანდალურად ქცეული ნახატის ავტორი

"თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი"

"ინტერნეტში ვრცელდება მკრეხელური და შეურაცხმყოფელი ნახატი (ღვთისმშობელი თავს იკლავს), რომელიც ილიაუნის კედელზე ჰკიდია. ჩემთვის, ისევე როგორც მრავალი მართლმადიდებლისათვის, ეს არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. მივმართავ ილიაუნის ხელმძღვანელობას! სასწრაფოდ ჩამოხსენით ეს უმსგავსობა, გაძლევთ ვადას ორშაბათამდე! თუ ორშაბათს 12:00-მდე სურათს არ ჩამოხსნით, მეგობრებთან ერთად, პირადად ჩამოვხსნი!" -ეს სტატუსი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორმა, ზვიად ტომარაძემ გამოაქვეყნა. -  არაერთი ამგვარი სხვა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში გავრცელებულ ნახატს, რომელზეც გამოხატული ღვთისმშობელი თავს იკლავს.

"თვითმკვლელი ღვთისმშობლის" ავტორი ქუთაისელი მხატვარი ლია უკლებაა. "თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი" – სურათის შინარსს მხატვარი სწორედ ასე განმარტავს ერთ-ერთ ინტერვიუში. ნახატი თბილისში აქამდეც იყო გამოფენილი და მაშინაც აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. "ეს ნახატი ეძღვნება ყველას, ვინც რელიგიის სახელით საკუთარ ჯიბეს იმდიდრებს, ვისაც რელიგიის სახელით შეუძლია ადამიანი გაწიროს, მოკლას, გაანადგუროს. ეს პირველი აჟიოტაჟი არ არის, სამი წლის წინ გადავიტანე პირველი სკანდალი. თუმცა ილიაუნიში გამოფენილ ნახატს თუ ასეთი რეაქცია მოყვებოდა, ნამდვილად არ მეგონა.". - აცხადებს ქალბატონი ლია ჩვენთან საუბრისას. რაც შეეხება ილიაუნში გამოფენილ ნახატებს, ამის თაობაზე სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომელმაც რატომღაც ვინაობის გამხელაზე სასტიკი უარი გვითხრა:

- უკვე გავავრცელეთ ოფიციალური განცხადება, სადაც ვწერთ: "მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტმა ჩაატარა კონფერენცია - "როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში". კონფერენციის მეორე დღეს - 24 ოქტომბერს გაიმართა პანელ-დისკუსიები ქართველ მწერლებთან, თემაზე - "სუბალტერნი ქართულ ლიტერატურაში" და გამოიფინა ფოტო და ფერწერული ნამუშევრები, თემატური სათაურით, - "დუმილი და უენობა", რომლებიც თანამედროვე ქართულ ვიზუალურ ხელოვნებასა და ფოტოდოკუმენტალისტიკაში სუბალტერნის თემატიკას ასახავს. მათ შორის იყო მხატვარ ლია უკლებას რამდენიმე ფემინისტური შინაარსის ფერწერული ნამუშევარი, რომელთაგან ერთმა ნახატმა სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ გამოფენილი ნამუშევრები წარმოადგენდა საკონფერენციო თემატიკის ვიზუალურ მასალას. ისინი გამოიფინა 24 ოქტომბერს, 14 საათზე და ჩამოიხსნა კონფერენციის დამთავრებისთანავე - 18 საათზე".

- სურათი მკრეხელურად და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შელახვად მიიჩნია ბევრმა...

-რატომ უნდა იყოს მკრეხელობად მიჩნეული? ესაა ერთი თანამედროვე ქართველი მხატვრის ლია უკლებას ნამუშევარი. კიდევ გიმეორებთ, ეს იყო კონფერენციის მასალა, სულ რამდენიმე საათით გამოტანილი კონფერენციის ფარგლებში. აჟიოტაჟი იმიტომ ატყდა, რომ ვიღაცეებს აჟიოტაჟის მოწყობა და ამითი ყურადღების მიქცევა სურთ.-

- იყო სტატუსები სადაც სურათის კატეგორიულად ჩამოხსნას ითხოვდნენ...

- ზუსტად ეს მიანიშნებს იმაზე, რომ "აღშფოთებულებს" წარმოდგენა არა აქვთ რა ხდება. ვიზუალური მასალა სულ ოთხი საათით იყო გამოფენილი საკონფერენციო აუდიტორიაში (E207) და კონფერენციის დამთავრებისთანავე ჩამოიხსნა. კონფერენციას მისი მონაწილეები ესწრებოდნენ, მთლიანობაში სულ 20-25 ადამიანი. ინსტიტუტმა განცხადება უკვე გააკეთა. გამოფენაც დასრულებულია. შესაბამისად, საკითხი ამოწურულია.

ზვიად ტომარაძე:

-2003 წლის ნოემბერში დავწერე კანონპროექტი: "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" ევროპული კანონმდებლობის გამცდილებაზე დაყრდნობით. საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მსგავს კანონპროექტს შსს- გაიტანდა პარლამენტში გაიტანეს კიდეც, ოღონდ პროცედურული ნორმები დაარღვიეს და პირდაპირ მეორე მოსმენაზე გაიტანეს, შემდეგ კი უკან გაიწვიეს.

რაც ილიაუნში მოხდა, ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)