ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე
საისტორიო არქივში არსებული თბილისის ჟანდარმერიის კარტოთეკის მასალები
ჯაში იყო ტერორისტული აქტების დამგეგმავი იმ ჯგუფისთვის, რომელშიც ილიკო იმერლიშვილი შედიოდა. ილიას მკვლელობა იყო დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ივანე ინაშვილი ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილე იყო, დიმიტრი ჯაში კი - მკვლელობის დამგეგმავ-ორგანიზატორი
ექსკლუზიური ფოტო - ივანე ინაშვილის შესახებ კარტოთეკიდან ამოღებულ დოკუმენტს თან ახლავს თითის ანაბეჭდები, რომელზეც ჩანს ივანე ინაშვილის ფიზიკური ნაკლი, კერძოდ, მარჯვენა ხელის არათითი დაზიანებული აქვს (თითის გაშლა არ შეეძლო)
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ სიმაშვილმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" უნიკალური ფოტოები და მასალები ექსკლუზიურად მიაწოდა.
თენგიზ სიმაშვილი: - 2008 წელს გამოვაქვეყნე გამოკვლევა "სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები - ილიას მკვლელობის შემსრულებლები", სადაც მკვლელობის მეოთხე სავარაუდო მონაწილის, ილიკო იმერლიშვილის შესახებ გამოვთქვი მოსაზრება... თბილისში ილია იმერლიშვილს მეტსახელად ,,ილია მცხეთელს" ეძახდნენ, დუშეთის მაზრაში - ,,იმერელს", რადგან მისი წინაპარი ლეჩხუმიდან ყოფილა გადმოსული. ამ საკითხზე მუშაობდა შესანიშნავი ლიტერატორი ნოდარ გრიგალაშვილიც. 2010 წელს გამოსცა ნაშრომი "თანამდევი სული", სადაც ჩემგან განსხვავებულ მასალებზე დაყრდნობით ასაბუთებდა, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო სწორედ ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილე. მისი ნაშრომის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი მოპოვებული მასალები გადამუშავებას, ახალი საარქივო მასალის მოძიებას საჭიროებდა...
ეროვნულ, ასევე შს სამინისტროს პარტიულ და უშიშროების არქივებში ძალიან საინტერესო მასალები მოვიძიე, მათ შორის არის ილიას მკვლელობაში მონაწილეთა ფოტოებიც. ეს დოკუმენტები საფუძვლად დაედო მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს ,,ვინ მოკლა ილია?", რომელიც შსს-ს არქივის ხელშეწყობით გადაიღო რეჟისორმა მიხეილ ბერინაშვილმა (ილიას როლს თამაშობს აწ გარდაცვლილი მსახიობი კოტე თოლორდავა)...
პავლე ფშავლიშვილი
აღმოვაჩინე დოკუმენტები, სადაც ილიკო იმერლიშვილი პირდაპირ არის დასახელებული საგურამოში მოქმედი წითელი რაზმის ხელმძღვანელად, რომლის წევრებიც არიან ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი... ისინი ავსებენ ჩემ მიერ ადრე მოძიებულ დოკუმენტებს, სადაც ილიას მკვლელობის მონაწილედ დასახელებულია ილიკო იმერლიშვილი.
ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს კარტოთეკაში დაცულ მასალასა და ფოტოზე, რომელზეც გამოსახულია ილია ჭავჭავაძის მოურავი დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში. იგი ილიკო იმერლიშვილის ბავშვობის მეგობარი იყო, ათი წლის ასაკიდან ერთად მუშაობდნენ თავართქილაძის სტამბაში. 1906 წლიდან კი ცნობილი ბოლშევიკი-ტერორისტის, ალექსანდრე ობოლაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ტერორისტული ჯგუფის წევრები გახდნენ. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ილიას მოურავის, მოსე მემარნიშვილის მკვლელობაში (რომლის ადგილიც შემდგომ დიმიტრი ჯაშმა დაიკავა) მონაწილეობდნენ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი (ფაქტობრივად ისინი, ვინც მერე ილია მოკლეს). მემარნიშვილი მოკლეს, რათა ჯაშისთვის მოურავის ადგილი გაეთავისუფლებინათ. იმერლიშვილს კი ილიას მამულში სანდო კაცი სჭირდებოდა. ილიას მკვლელობა იყო დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ილიას მეეტლე თედო ლაბაურიც კი წითელრაზმელი ყოფილა. მეტიც, დასტურდება, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო საგურამოში მოქმედ წითელრაზმელთა ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატი ტერორისტი, ბოლშევიკი. მის რაზმში კი შედიოდნენ უკვე ნახსენები პავლე ფშავლიშვილი, ივანე ინაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები.
"კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ვთავაზობ ივანე ინაშვილის ფოტოსაც, რომლის სახეც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო.
- ე.ი. უკვე შეგვიძლია საზოგადოებას წარვუდგინოთ ილიას მკვლელების - პავლე ფშავლიშვილის, ილია იმერლიშვილის, ივანე ინაშვილის და დიმიტრი ჯაშის ფოტოები...
- დიახ. ივანე ინაშვილი მკვლელობის უშუალო მონაწილე იყო, დიმიტრი ჯაში კი - მკვლელობის დამგეგმავ-ორგანიზატორი.
დასტურდება, რომ ილია (ილიკო) იმერლიშვილი იყო საგურამოში მოქმედ წითელრაზმელთა ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატი ტერორისტი, ბოლშევიკი. მის რაზმში კი შედიოდნენ პავლე ფშავლიშვილი, ივანე ინაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები...
- დიმიტრი ჯაშთან დაკავშირებით რა მტკიცებულებები არსებობს?
- უამრავ საარქივო დოკუმენტთაგან გამოვყოფ მხოლოდ მცირე მასალას. მაგალითად, ჯაშის მეუღლის, დარია ჯაშის ჩვენებით, დიმიტრი ჯაში უგეგმავდა ალექსანდრე (საშა) ობოლაძეს და ილიკო იმერლიშვილს სხვადასხვა ექსპროპრიაცია-ძარცვის ოპერაციებს. დარია ჯაშმა საბჭოთა პერიოდში, 1941-1942 წლების გასაყარზე გამართულ გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 1906 წელს ალექსანდრე ობოლაძემ და ილიკო იმერლიშვილმა გაძარცვეს სასოფლო–სამეურნეო ბანკი თბილისში (ძარცვისას მოკლეს ბანკის მმართველი განძიევი) და ამ ოპერაციის სამოქმედო გეგმა დიმიტრი ჯაშმა შეადგინა. სხვა დოკუმენტებიდანაც ჩანს, რომ ჯაში იყო ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტების დამგეგმავი იმ ტერორისტული ჯგუფისთვის, რომელშიც ილიკო იმერლიშვილი შედიოდა...
ჩემ მიერ მოძიებული მასალებით და შესაბამისი ანალიზით, ვაცხადებ, რომ დიმიტრი ჯაში "ოხრანკის" აგენტი მხოლოდ ილიას მკვლელობის შემდეგ გახდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა ის მასალები, რაც ილიას მკვლელობასთან მის კავშირს ცხადყოფდა და ილიას ყოფილი მოურავი ჯაშუშად აქცია. სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს კიდეც იგი პატიმრობიდან 1907 წლის დეკემბერში. როგორც მის მიერ ,,ოხრანკისთვის" მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციებიდან ჩანს, ჯაში ძალიან მოქნილი ჭკუისა და გონების პატრონი იყო.
- მისი ფოტო სად იყო შემონახული?
- 1911 წელს, ,,ოხრანკის" აგენტად ყოფნის დროს, დიმიტრი ჯაშმა ერთ კაცს, პირადი დაინტერესების გამო (სურდა, რომ ის დაეჭირათ) ბომბები მიუყარა. ეს საქმე გამჟღავნდა. ჩემი ვარაუდით, ეს ფოტოც ამ პერიოდშია გადაღებული. შემდგომში ჯაში გათავისუფლდა. მან ბაქოში რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ იქაც ყალბი ბილეთების გაცემის გამო დაიჭირეს. მოგვიანებით გაათავისუფლეს და რუსეთის კავკასიაში მოქმედი არმიის კონტრდაზვერვის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. რამდენიმე დღის წინ არქივიდან გამოვითხოვე საქმე, სადაც ჯაში კონტრდაზვერვაში ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობის დაწყების გამო პატიმრობის დროს ჩამორთმეული უფლებების აღდგენას ითხოვს.
1914-1916 წლებში გერმანიის წყალქვეშა ნავები ძალიან გააქტიურდნენ შავ ზღვაში. ჯაშს სხვადასხვა დავალებით გზავნიდნენ შავი ზღვის სანაპიროზე ინფორმაციის შესაკრებად. მან შავი ზღვის სანაპიროზე გერმანიის ჯაშუში დაიჭირა... ამ პერიოდში ჯაშს ძალიან აფასებდნენ თბილისის პოლიცმაისტერი ზასიპკინი, მეფისნაცვლის სასახლის დაცვის უფროსი და პარალელურად სამხედრო ცენზურის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ბასოვი... თუ რატომ, ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. კვლევის პროცესში კიდევ არაერთი უნიკალური დოკუმენტი გახდება ცნობილი.