"მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ" - ფირცხალავას და ცააძის 12 - წლიანი სასჯელით ვაზაგაშვილის ქვრივი უკმაყოფილოა - კვირის პალიტრა

"მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ" - ფირცხალავას და ცააძის 12 - წლიანი სასჯელით ვაზაგაშვილის ქვრივი უკმაყოფილოა

"ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს. საცობში მდგარი ავტომანქანის მარცხენა მხარეს იყო კედელი, კედელსა და ავტომანქანას შორის მანძილი კი 80 სმ-ია. კადრებში ჩანს, რომ ავტომანქანას მარჯვნიდან გაუხსნეს ცეცხლი, შემდეგ მარცხენა მხრიდანაც მოუარეს და სროლა დაიწყეს. ზურამ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა, რის შემდეგაც ხუთმა კაცმა BMW-დან დაუწყო სროლა. ამასობაში ზურამ მარჯვნივ აიღო საჭე და ბოძს შეეჯახა. ძირითადად, ესროდნენ უკნიდან და მარჯვენა მხრიდან. მარცხნიდან კედელმა ესროლა? ექსპერტებს თავის ქალა უნდა აეწყოთ და მერე დაადგენდნენ, რა იარაღიდან იყო ნასროლი ტყვიები..." - ეს არის ამონარიდი იური ვაზაგაშვილის უკანსკნელი ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდან. ბატონი იური ინტერვიუს მიცემიდან მეორე დღეს შვილის საფლავზე ააფეთქეს. სწორედ ამის შემდეგ მიეცა არსებითი მსვლელობა და გუშინ კი სასამართლომ უკვე ვერდიქტიც გამოიტანა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ ხუთი ბრალდებულიდან ორი - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სცნეს.

წარდგენილ ბრალდებაში, საბრალდებო მუხლებში ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი, ნაწილობრივ კი გამამართლებელი განაჩენი დადგა.

კერძოდ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში ერთ პუნქტში გამართლდა და ორში გამტყუნდა გიორგი ცააძე. მას, ამნისტიის გათვალისწინების შედეგად, საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, იგი ცააძის მსგავსად გამართლდა ფალსიფიკაციის ნაწილში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მუხლით და მასაც საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ლევან ბეროძეს, იგი სასამართლო ფალსიფიკაციის ბრალდების ნაწილში დამნაშავედ სცნო და საბოლოო სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც როგორც ცნობილია ქვეყანაში არ იმყოფება, უკანონო დაკავების ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ დაცვის მხარე ე.წ. კორტების სპეცოპერაციას დაკავების ღონისძიებას უწოდებს, თუმცა მოსამართლის განცხადებით, დაკავების ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტები დარღვეული იყო და ამ ფაქტს სისხლიანი სპეცოპერაცია ეწოდა, რომელიც კრიმინალურად განვითარდა.

გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოა ვაზაგაშვილის ოჯახი, - "რაც კორტებთან მოხდა, მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ. მსგავსი უსამართლობა არ მინახავს", - განაცხადა იური ვაზაგაშვილის ქვრივმა ციალა შანავამ.

ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვეს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მსჯავრდებულების ახლობლებიც. ირაკლი ფირცხალავას მეუღლის

ნინო ხვიტიას თქმით, ეს პროცესი არ დასრულებულა და იმედი გამოთქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით მომავალში იქნება ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მიღებული. მისივე თქმით, მითი იმის შესახებ, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი ობიექტური მოსამართლეა, დაიმსხვრა, რადგანაც სასამართლომ პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. ფირცხალავას მეუღლის ინფორმაციით, ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.