"მანიაკი თუ არ ხარ, შეიძლება ვინც დაგირეკავს ყველას სისხლზე ელაპარაკებოდე, თან ამდენს?" - დღის ფრაზები და შეფასებები - კვირის პალიტრა

"მანიაკი თუ არ ხარ, შეიძლება ვინც დაგირეკავს ყველას სისხლზე ელაპარაკებოდე, თან ამდენს?" - დღის ფრაზები და შეფასებები

"დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს გადატრიალებას, მაგ ადამიანებს შეუძლიათ, ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში და იკოტრიალონ რამდენიც უნდათ".

არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იქნება ქვეყნაში დღის მთავარი თემა  ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება. დღესაც

უკრაინულმა საიტმა uarevo.in.ua , მათი მტკიცებით, საქართველოს ყოფილ პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს, ასევე, მიხეილ სააკაშვილსა და "რუსთავი 2"-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბარის ჩანაწერები გაავრცელა. სოფო ნიჟარაძესთან გამოქვეყნებულ საუბარში მიხეილ სააკაშვილი სავარუდოდ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს. რაც შეეხება სააკაშვილი-გვარამიას სატელეფონო საუბარს, ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი ნიკა გვარამიას ეუბნება, რომ ჟურნალისტთა კოლექტივთან "წაიმუშავოს". წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილის თქმით, "ყველას დედას უტირებენ".

(იხილეთ: "სტო პრო" სისხლისღვრა იქნება" - მიხეილ სააკაშვილის, სოფო ნიჟარაძისა და ნიკა გვარამიას ახალი სატელეფონო ჩანაწერები)

გთავაზობთ დღის ფრაზებსა და შეფასებებს, თუმცა ალბათ უნდა თავშივე ვაღიაროთ, რომ დღის ფრაზა თავისი პოპულარობით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამია, ზემოთხსენებული ჩანაწერებიდან: "სტო პრო" სისხლისღვრა იქნება, ქინძი ვიყო!"

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი:

"რაც შეეხება უშუალოდ ჩანაწერს, მე არ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნამდვილად ჩემი ხმაა. მე მიყოლებით ასეთი შინაარსი არ მახსოვს, არ მახსენდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი, არის დამონტაჟებული. რაც შეეხება ჩემ საუბარს. რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთანაც და არა მხოლოდ მასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მჭირდება კომპეტენტური ადამიანების აყვანა დაცვაში, ვინც საჭიროების შემთხვევაში კომპანიას დაიცავს არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შემოტევებისგან, არამედ ე.წ. ტიტუშკების შემოტევებისგანაც, რაც ზუსტად ვიცოდით, რომ იგეგმებოდა.

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი:

"უკრაინამ და მისმა ხელმძღვანელობამ ღიად დაინახა, რომ საქართველოდან წასული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი გუბერნიის ხელმძღვანელია, საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. მისი მიდგომა არის ძალადობა - ოღონდაც კი გაზარდონ შანსები ხელისუფლებაში დაბრუნების, "ნაციონალური მოძრაობა", მისი ხელმძღვანელობით, მზად არის და არ მოერიდება იმას, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლისღვრას. რა თქმა უნდა, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს რეაგირება"

პაატა ქურდაძე, მწერალი, დოკუმენტალისტი:

"ისე მართლა, ხუმრობის გარეშე. რა მნიშვნელობა აქვს ლეგალურია ჩანაწრები თუ არა. კი, ბატონო, თუ გნებავთ იყოს არალეგალური, ხოლო ის ვინც ჩაიწერა და გაუშვა დამნაშავე, მაგრამ მანიაკი თუ არ ხარ, შეიძლება ვინც დაგირეკავს ყველას სისხლზე ელაპარაკებოდე, თან ამდენს? ბოლო ბოლო ნოსფერატუ ხარ თუ ადამიანი? მართლა ამოვიდა რა ყელში. შეამოწმეთ, იქნებ ოდესის ქუჩებში დღისით მხოლოდ მისი ორეული დარბის, თვითონ კი კუბოში ძინავს, დახურულ დარაბებებიან მტვრიან უსარკო დიდ ოთახში..."

ქიბარ ხალვაში, ბიზნესმენი:

"მივმართავ სისხლიან ტერორისტ მოძალადე სააკაშვილს! კმარა, რაც ატერორე საქართველოს მოსახლეობა! კმარა, რაც ატერორე ბიზნესმენები, გადაუწვი და ჩამოართვი საკუთრება, დაუნგრიე ცხოვრება! კმარა, რაც ატერორე "რუსთავი 2" და იძალადე თავისუფალ სიტყვაზე! ხელები შორს "რუსთავი 2"-სგან"!

კახა კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი:

"დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს გადატრიალებას, მაგ ადამიანებს შეუძლიათ, ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში და იკოტრიალონ რამდენიც უნდათ".

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი:

"გავიგეთ, ვიცით, უკვე სამი წელია სააკაშვილი საჯაროდაც და პირად საუბრებშიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით ძალაუფლებას არ დათმობს.

მე ვფიქრობ, რომ სწორედ არჩევნების გზით დავათმობინებთ ძალაუფლებას.

რომელი ვარაუდია სწორი, ამას მომავალი გვიჩვენებს - ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.

მაგრამ სააკაშვილი ივანიშვილზე რას ფიქრობს არის მეასეხარისხოვანი".

სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა ექსმინისტრი:

"სააკაშვილის საუბრები! - შეურაცხადი რომ იყო, ეს ვიცოდით და ამაში არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ უკრაინელები ჯერ ვერ მიუხვდნენ და არ ესმით მათ ასეთ ადგილას ასეთი ადამიანის დიდხანს დატოვება რამდენად სახიფათოა მათთვის! (თუმცა ზოგ ქართველმაც ჯერ ვერ გაიგო ეს ელემენტარული ჭეშმარიტება)

როგორც სჩანს, ამ საუბრებიდან, რუსებმაც დაიწყეს მისი ხელახლა გამოყენება (მას რომ ჰგონია რომ რუსეთს და ამერიკას "ათამაშებს" და სინამდვილეში მათი მარიონეტია"|) და არავინ იცის, რუსეთის არხებზე გახმაურებეული საუბრები როგორ იქნება კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული, მეტადრე რუსულ თვითფრინავის ჩამოგდების ტრაგედიის შემდეგ!

ამას რომ მოჰყვა ნაციონალურ მოძრაობის რიგებში რღვევები ეს გასაგებია: ვის უნდა რომ წასული ლიდერის ხუშტურების გამო აღმოჩნდეს თვითონ სახიფათო მდგომარეობაში და დაბრალდეს სახელმწიფო წესრიგის დარღვევისკენ მიმართული განცხადებები! ანუ "ნაციონალური მოძრაობა" მიშამ რეალურად გაანადგურა!

ყველაზე საინტერესო და ახალი ამ ყველაფერში მაინც მეჩვენება ბიზნესწილებზე გაკეთებულ კომენტარები!

ხელისუფლების ადგილას სასწარფოდ დავიწყებდი გამოძიებას (რაღას უნდა ველოდოთ!)და ამ ფირების საფუძველზე შვეიცარიას ვთხოვდი რამოდენიმე ანგარიშის გახსნას!"

ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი:

"მოკლედ ამ და წინა ჩანაწერებიდან გავიგეთ შემდეგი (რაც პრინციპში ვიცოდით კიდეც):

1. ოდესის გუბერნატორი ინსტრუქციებს აძლევს თავისი ყოფილი პარტიის ლიდერებს და მედია საშუალების დირექტორს, და ისინი რომც არ ეთანხმებოდნენ უარს არაფერზე არ ეუბნებიან. ნუ ეს ბელადომანია ზოგადად ვერ მოვიცილეთ.

2. ოდესის გუბერნატორი რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს არაფრად არ აგდებს და თუ დასჭირდა ყველას გააყრევინებს სამსახურიდან. ნუ ყველას გვახსოვს ადრე როგორ "ზრუნავდა" საქართველოში პლურალისტური მედია გარემოზე და ახლაც ხომ ეს ყველაფერი ძალიან "ადარდებს".

3.ოდესის გუბერნატორი ისე ლაპარაკობს სისხლისღვრაზე თითქოს არც არაფერია, ეტყობა ძალიან "ნერვიულობს" დესტაბილიზაციაზე.

ისე კი ორივე მხარის გასაგონად უნდა ითქვას, იმათთვისაც ვინც იწერს და ავრცელებს და იმათთვისაც ვინც ლაპარაკობს: "ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული" (აბრაამ ლინკოლნი)".

რომან გოცირიძე, ეკონომიკრ საკითხთა ექსპერტი:

"კიდევ და კიდევ ავრცელებენ რაღაც ჩანაწერებს. იურიდიულად მათი ფასი ნულის ტოლია, რაც შეეხება მორალურ თემებზე ადამიანების აგდებას, ეს უზნეობაა!

ერთი დავფიქრდეთ, თვითონ ჩვენ როგორ და რა თემებზე ველაპარაკებით ახლობლებს, ნაცნობებს, პოლიტიკურ თუ საქმიან პარტნიორებს. "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ არ მოგვწონს როგორ იგინებიან, ჩავიწეროთ და მოვუსმინოთ საკუთარ თავს თუნდაც ერთი დღის განმავლობაში.

ნურავინ იფიქრებს, რომ დაცულია ვინმე მსგავსი საუბრების გამომზეურებისაგან, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. იქნება ალბათ საპასუხო და არა ნაკლები. და უნდა ვუყუროთ ამ სეირს?

მე მყარი ნერვები მაქვს და დიდი გამოცდილება. ეს თქვენ იკითხეთ, ვისაც მსგავსი რამ გიხარიათ. გეწყინებათ აუცილებლად!

ქინძი ვიყო!

მენცარიც!( ეს ისე, პოლიტბალანსის დასაცავად)"

გიორგი ლობჟანიძე, პოეტი და მთარგმნელი:

"რაიო, რაიო? - არ არი ავთენტურიო? ქინძს, აბა, როგორ იტყოდა, როცაა ნიახურიო?"