საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნებაზე ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა - კვირის პალიტრა

საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნებაზე ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის წილების 60 % ქიბარ ხალვაშს, 40 % კი მის საკუთრებაში არსებულ შპს "პანორამას" დაუბრუნდება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების 60 პროცენტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40 % კი მის საკუთრებაში არსებულ შპს "პანორამას" დაუბრუნდება.

ტელეკომპანიის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ "რუსთავი 2"-ის ყველა ადვოკატმა, ერთის გარდა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის – ქიბარ ხალვაშის სხვა მოთხოვნებს, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა არხის საავტორო უფლებების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურების მიზნით 18 მილიონ დოლარს ითხოვდა.

მოსამართლემ ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები ბათილად გამოაცხადა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"