"არც ერთიანი დავირქვით, არც ნაციონალური, არც მოძრაობა. დავირქვით "გირჩი"… რა გირჩის უნახავებივით იქცევით" - კვირის პალიტრა

"არც ერთიანი დავირქვით, არც ნაციონალური, არც მოძრაობა. დავირქვით "გირჩი"… რა გირჩის უნახავებივით იქცევით"

"ეს ჩემი ბიზნესია ბატონო გოგა, რა ნაციონალური მოძრაობა, რის ნაციონალური მოძრაობა ტოლი ნახეთ გირჩი გააგორეთ"

სულ რამდენიმე საათია, რაც "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულმა პოლიტიკოსებმა საზოგადოებას თავიანთი ახალი პოლიტიკური ცენტრის სახელი წარუდგინეს და უკვე მიიქციეს ხალხის ყურადღება. კერძოდ, ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაჩიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მათი ახალი ორგანიზაციის სახელი, "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა" ამავე სახელის დომეინი დაირეგისტრირეს. ხაჩიძის თქმით "ნაცმოძრაობის" მხრიდან ეს საქციელი უბრალოდ სასაცილოა. აღნიშნული განცხადება ხაჩიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ვიდეოს სახით გაავრცელა.

იხილეთ ასევე: "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი", ანუ "ვარდმა - ცოცხი, ცოცხმა - ქინძი. ქინძმა - გირჩი შობა!"

"დღეს ქვეყანაში მოხდა სამი მნიშვნელოვანი ამბავი:

1. საზოგადოებამ გაიგო, რომ ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას ქვია ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი";

2. ქვეყანას ესტუმრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი;

3. მესამე ამბავი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ არის ძალიან სასაცილო. როგორც კი გაიგო საზოგადოებამ, რომ ჩვენ დავირქვით "გირჩი", "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები გაიქცნენ "კავკასუსში" და დომენი girchi.ge დაირეგისტრირეს თავის თავზე, რომ ჩვენ არ ავიღოთ.

ი რა გინდათ? რამ გაგამწარათ? არც ერთიანი დავირქვით, არც ნაციონალური, არც მოძრაობა. დავირქვით "გირჩი". რაში გჭირდებათ ეს girchi.ge რა გირჩის უნახავებივით იქცევით, რა გჭირთ გამაგებინეთ!", - აცხადებს ხაჩიძე.

მის ამ განცხადებას "ფეისბუკში" გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის თანამშრომელი გიორგი ქართველიშვილი, ის ამავე დროს ინფორმაციული ტექნოლოგიის კომპანიასაც ფლობს:

"პასუხი გირჩელ Goga Khachidze

მე გიორგი ქართველიშვილს მაქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია ინტაიტი რომლითაც ვემსახურები ძალიან ბევრ ორგანიზაციას და მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასაც.

რაც შეეხება დომენისwww.girchi.ge რეგისტრაციას დიახ მე დავარეგისტრირე და 15 ათას ლარად მივყიდი ნებისმიერ მსურველს, ეს იქნება პოლიტიკური პარტია თუ ფიზიკური პირი. გირჩის პრეზენტაციის შესახებ რომ გავიგე უბრალოდ შევამოწმე დომენი და აღმოჩნდა, რომ თავისუფალი იყო, ამხელა ამბიციის მქონე პოლიტ-ორგანიზაცია რომელიც თვეებია ემზადება ასპარეზზე გამოსასვლელად და დომეინს ვერ დაირეგისტრირებს კიდე ჩემი ბრალია რამე ?! არაფერი პირადული, უბრალოდ ბიზნესი, თან ლეგალური.

ეს ჩემი ბიზნესია ბატონო გოგა, რა ნაციონალური მოძრაობა, რის ნაციონალური მოძრაობა ტოლი ნახეთ გირჩი გააგორეთ", - დაწერა ქართველიშვილმა.