"რუსთავი 2" - მა თავისუფალი სიტყვა შეარცხვინა და ფეხქვეშ გათელა" – ტელეკომპნიის თანამშრომელთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა?! - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2" - მა თავისუფალი სიტყვა შეარცხვინა და ფეხქვეშ გათელა" – ტელეკომპნიის თანამშრომელთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა?!

ნიკა გრიგოლია: "ჩვენთვის ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ისეთივე დატვირთვით, როგორც ადრე..."

"ოფიციალური შეთავაზება ბატონ ქიბარ ხალვაშს და "რუსთავი 2"-ის დროებით კანონიერ მმართველებს! არაერთგზის გაისმა მუქარა ხსენებული ტელევიზიის თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც თავს "ჟურნალისტებად" ან "იუმორისტებად" მოიხსენიებენ, რომ ისინი აიყოლიებენ ტექნიკურ პერსონალსაც და ბოიკოტს გამოუცხადებენ ახალ, დროებით კანონიერ მმართველობას!

ამით, ისინი შეაფერხებენ ტელემაუწყებლობას, ჩაშლიან სამუშაო პროცესს და შეეცდებიან ტელემაყურებელს დაანახონ,

რაოდენ საჭირონი და შეუცვლელნი არიან. ბატონო ქიბარ და ბატონო მმართველებო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ გაგაჩნიათ კონკრეტული მოქმედების გეგმა ასეთი სიტუაციისთვის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გთავაზობთ მე პირადად, ჩემი ტელესპეციალისტთა გუნდით დავდგე თქვენს გვერდით იგულისხმება ჟურნალისტებიც, იუმორისტებიც და ტექნიკური პერსონალიც!.. "- ეს განცხადება ბაკურ სვანიძემ საჯარო სივრცეში გაავრცელა. მისი თქმით, ეს სულაც არ არის არაკოლეგიალური განცხადება, რადგან "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსა და იუმორისტებს, რამდენიმე მიზეზის გამო, კოლეგებად არ მიიჩნევს.

- ვინ ჟურნალისტებზე მელაპარაკებით, "რუსთავი 2-ზე" ჟურნალიტი არის ვინმე?! იქ ჟურნალისტები არ არსებობენ, მე მათ კოლეგებად არ მივიჩნევ, შესაბამისად, ჩემი განცხადება არაკოლეგიალურიც არ არის. ჩემი განცხადება არის იმ არაადამიანების წინააღდეგ მიმართული, ვინც ამ ტელეკომპანიაში საშინელებები დაატრიალა. ამ ბოლო დროს ძალიან გაჰიტდა ფრაზა "თავისუფალი სიტყვა", რა საერთო აქვს ამ ჯგუფს თავისუფალ სიტყვასთან?! "რუსთავი 2" - მა საქართველოში, თავისუფალი სიტყვა დამარხა, შეარცხვინა და ფეხქვეშ გათელა. ახლა, საბედნიეროდ ამ ქვეყანაში ცნება თავისუფალი სიტყვის დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს... ასე რომ, ცნებები "თავისუფალი სიტყვა" და "კოლეგები" ამ ტელეკომპანიის მიმართ ჩემთვის არ არსებობს.

- თქვენს შეთავაზებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება?

- არა, რეზო საყევარიშვილის დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ უნივერსიტეტის ჯგუფელები ვართ, მაგრამ ამ ბოლო დროს პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს და ისიც არ შემხმიანებია. თავად ქიბარ ხალვაშს პირადად არც კი ვიცნობ, "ნაციონალებთან" ბრძოლის პერიოდში სოციალურ ქსელში დავმეგობრდით. არც დვალსა და აქიმიძეს ვიცნობ... იმედი მაქვს, რომ მათ ჩემი დახმარება არ დასჭირდებათ, მაგრამ ჩემი მხრიდან რისი გაკეთებაც შემეძლო, ის შევთავაზე.

(იხლეთ ასევე: "რუსთავი 2"-სთვის მმართველის დანიშვნის საფუძველი ქართული კანონმდებლობით გამყარებული არ არის")

ნიკა გრიგოლია, "რუსთავი 2-ის" თანამშრომელი:

- ჩვენთვის ჯერ-ჯერობით არაფერი შეცვლილა, ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ისეთივე დატვირთვით, როგორც ადრე...

გოჩა თანდარაშვილი:

- რამდენიმე დღეა თბილისში არ ვარ და მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ და ზოგადად საზოგადოებას, ანუ ვგულისხმობ სასამართლოს ამბებს და თავად ამ ბოლო ფაქტს. დეტალებში ნამდვილად არ ვარ ჩახედული, შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით...

პ.ს. ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ თავად ტელეკომპანიაში აზრთა სხვადასხვაობაა, - კონკრეტულად, მფლობელისა და მმართველის შეცვლის შემთხვევაში, გასართობის პროგრამების თანამშრომლების ნაწილი არ აპირებს სამსახურის დატოვებას, გარკვეული, მათ შორის, სუბიექტური მიზეზების გამო.

"ამ ბიჭების უკან ოჯახები დგას. ბანკიდან ვალები აქვთ გამოტანილი, ბინისთვის, სხვადასხვა პირადი მიზეზების გამო და სამსახურის დაკარგვა ასე ადვილი არ არის", - აღნიშნავს ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი.

მარიამ რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)

(იხლეთ ასევე: "ის, ვინც ტელევიზია წამართვა, დღეს ოდესაში ზის")