რატომ აპირებს გოგი თოფაძე პარლამენტიდან წასვლას?!
"აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ჩემსა და ჩემს კოლეგებს შორის კოალიციაში, შეიძლება დღესაც არსებობდეს"
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ დეპუტატმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაში თოფაძე განმარტავს, კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა თავიდანვე არ ჰქონიათ, თუმცა მისი განცხადებით, "ჩვენ გვაერთიანებდა მთავარი - კოალიციის შემქმნელის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის დიდი იმედი, რწმენა, რომ სნორედ მისი თავკაცობით და მასთან ერთად მოვახერხებდით იმჟამინდელი ხელისუფლების მოცილებას პოლიტიკური ასპარეზიდან, რაც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია კიდეც".
"არც დავმალავ, რომ აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ჩემსა და ჩემს კოლეგებს შორის კოალიციაში, შეიძლება დღესაც არსებობდეს, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არასოდეს შეხებია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ევროპულ ოჯახში გაწევრიანების თაობაზე.
პოლიტიკაში ყოფნა თუ პარლამენტის წევრობა, ჩემთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი და მხოლოდ იმიტომ ვარჩიე ეს ასპარეზი, წარსულში ნათლად რომ ვხედავდი ქვეყნის განვითარების არასწორ, არამართებულ გეზს. არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია, რა უიმედო პერსპექტივას უქმნიდა ქვეყანას წინა ხელისუფლებების მანკიერი, მავნებლური სტრატეგია და სამწუხაროდ, ბევრი ჩემი და ჩვენი პარტიის (თანამოაზრეების) პროგნოზი არაერთხელ გამართლდა კიდეც".
"ვფიქრობ, ამ ეტაპზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდეც დავტოვო პარლამენტი, რათა ჩემი აზრი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, დაბრკოლება არ აღმოჩნდეს კოალიციის, მათ შორის, ჩვენი პარტიის მიზანმიმართულ ქმედებისთვის, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს ნორმალური, მშვიდი ვითარება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, როცა დასრულდება ჩვენი ფრაქციის მრავალწლიანი მუშაობა საქართველოს მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი გულისხმობს ჩვენი ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების დაცვას, რამაც საბოლოოდ უნდა დაუსვას წერტილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინტროდუქციას" - აცხადებს თოფაძე.
"ინტერპრესნიუსი"