"არ მინდა ჩემს ბინაში ავადმყოფმა ბავშვმა იცხოვროსო..."
ლიკა ბარბაქაძე: "ღამის 11 საათზე ბინა ისე დავცალეთ, რომ ღამის გასათევი არ გვქონდა"
"კონფლიქტის გამო გიორგი კიდევ უფრო დაიძაბა. ტიროდა, ყურებზე ხელებს იფარებდა, იკბენდა კიდურებს... "
"ბინის მეპატრონემ ოჯახი ღამის 11 საათზე მხოლოდ იმის გამო გამოასახლა, რომ მათი აუტისტი ბავშვის გამო წუხდება. რახან ოჯახს 3 თვეზე მეტხანს ერთ ბინაში არ აჩერებენ, დახმარებაც მოუხსნეს, არადა, ბინის მეპატრონეებს "ავადმყოფი" არ უნდათ. დედა უვლის 3 შვილს, მათ შორის 7 წლის გიორგის, რომელიც აუტისტია. მისი 160-ლარიანი პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ბავშვები ქუჩაში მხოლოდ იმიტომ ვერ გადიან, რომ არა აქვთ თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პამპერსი..." - ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა... "კვირის პალიტრა" ბავშვის მშობლებს დაუკავშირდა. აუტისტი ბავშვის მამა, პაატა ბუწურიძე ამბობს, მსგავსი რამ არაერთხელ მოხდა, თუმცა ბოლო შემთხვევამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
პაატა ბუწურაძე: - მე საჩხერელი ვარ, მეუღლე - ხარაგაულელია. 2004 წელს ბინა გავყიდეთ და მე და ჩემმა ძმამ თანხა გავიყავით, მაგრამ შეძენა ვეღარ შევძელით - იმ დროს უძრავი ქონება მკვეთრად გაძვირდა და დავრჩით უსახლკაროდ. სამი შვილი მყავს. გიორგის 4 წლის ასაკში დაუდგინეს აუტიზმი. დავდიოდით კარდაკარ. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედაქალაქში ცხოვრება - გიორგის მუდმივად სჭირდება პროფესიონალი სპეციალისტების მომსახურება. იმის გამო, რომ არავის უნდოდა აუტისტი ბავშვის შეშვება, რამდენიმე საცხოვრებელი გამოვიცვალეთ.
ლიკა ბარბაქაძე, აუტისტი ბავშვის დედა: - აუტიზმს ახასიათებს ადაპტაციის პრობლემა - როცა ბინას ვიცვლით, გიორგი ძალიან განიცდის. ცოტა ხნის წინ ბინა მუხრანის ქუჩაზე ვიქირავეთ. მეპატრონე ძალიან პრეტენზიული ქალბატონი აღმოჩნდა. ვიცხოვრეთ ზუსტად 10 დღე. თანხა სრულად გადახდილი გვქონდა. ქალბატონი ლიზა სახლის დაცლას მოითხოვდა და თანხას გვიბრუნებდა, მაგრამ სანზონის დასახლებაში ბინა არავინ მოგვაქირავა. ბავშვი ყველა ემოციას ტაშით გამოხატავს, ბინის მეპატრონეს კი ეგონა, რომ ვცემდი... ჩვენი ოჯახით ერთ-ერთი ტელევიზია დაინტერესდა.
კამერების წინ ბინის მეპატრონემ განაცხადა, არ მინდა, ჩემს ბინაში ავადმყოფმა ბავშვმა იცხოვროსო. ეს საპატრულო პოლიციასთანაც დააფიქსირა წერილობით.
ერთ საღამოსაც ნასვამ შვილებთან ერთად შემოვიდა ჩვენს ოთახში და კატეგორიულად მოგვთხოვეს ბინის დაცლა. შინ მხოლოდ მე და ბავშვები ვიყავით. კონფლიქტის გამო გიორგი კიდევ უფრო დაიძაბა. ტიროდა, ყურებზე ხელებს იფარებდა, იკბენდა კიდურებს. ტიროდნენ ნათიაც და ნიკოლოზიც... საპატრულო პოლიცია მეორედ მოვიდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ღამის 11 საათზე პოლიციის გადაწყვეტილებით ბინა დავცალეთ. ღამის გასათევი კი არ გვქონდა.
რაიონის გამგეობამ 500 ლარი გამოგვიყო ქირისათვის. 2 კვირაა, რაც ახალ მისამართზე ვცხოვრობთ. აქ მშვიდად ვართ, მაგრამ გიორგი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა სტრესისგან. ეს არ არის პირველი დისკრიმინაციული შემთხვევა. ტრანსპორტშიც ხშირად გვსმენია უსიამოვნო რეპლიკები და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ისე გვიყურებენ, თითქოს გალიაში დამწყვდეული ნადირები ვართ. მკურნალობა ძალიან რთული და ძვირია. ასწავლიან არსებული უნარების განმტკიცებას და ახალ-ახალი უნარების განვითარებას. საათი 29 ლარი ღირს. ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგიც. ბავშვებს უმეთვალყურეოდ ვერ ვტოვებ. გიორგი პატარაზე ძალიან ეჭვიანობს და შესაძლოა, რამე დაუშავოს.
ძალიან გვიჭირს მორალურადაც და მატერიალურადაც. მეუღლეს თავის ტვინში ნერვების მრავლობითი ანთება დაემართა. 2012 წლამდე სამხედრო სამსახურში იყო. 4 თვეა, სოციალური დახმარებაც შეგვიწყდა. მეც და ჩემი მეუღლეც 32 წლისანი ვართ და გვრცხვენია, რომ კეთილი ადამიანების დახმარების იმედზე ვართ. ვოცნებობთ, დამოუკიდებლად ვიცხოვროთ.
ქალბატონ ლიზას აუცილებლად უნდა ვუჩივლო, რათა მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორდეს და მაგალითი გახდეს მათთვის, ვისაც არ ესმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არის განაჩენი და არ შეიძლება ასე სასტიკად მოიქცე. სანამ ახალ მისამართზე დავფუძნდებოდით, ნივთები რამდენიმე დღით დავტოვეთ ქალბატონი ლიზას სახლში და მათ შენახვაშიც ფული გადაგვახდევინა...
ლიზა გურგენიძე, ბინის მეპატრონე: - ოჯახს ბინის დაცლა ბავშვის ავადმყოფობის გამო კი არ მოვთხოვე, ვერ ავიტანე დედის ძალადობა შვილზე. ბავშვი მთელი ღამე ღმუოდა, ყვიროდა, დედა კი სცემდა. ეზოში უმეთვალყურეოდ უშვებდა... თავზე დამაყენეს ტელევიზია და პოლიცია, შემარცხვინეს. მე თვითონ მყავს ოჯახი, შვილიშვილებიც. ვიცი ბავშვების სიყვარული და ამას არასოდეს ვიკადრებდი.
- ეს ოჯახი ჩივილს აპირებს...
- რაც უნდათ, ის გააკეთონ...
მაია გურგენიძე, ლიზა გურგენიძის შვილი: - კერძო სახლში მათ გარდა აქ სხვა მდგმურებიც არიან, ისინიც წუხდებოდნენ ბავშვის ტირილით... გაგვაგდესო, რომ ამბობს, 10 დღე როგორ იცხოვრეს? დედამ პატრულთანაც კი დაწერა განცხადება, რომ ჩვენთან ბინის შოვნამდე იცხოვრებდნენ...
ანა აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი: - ჩვენი მუშაობის მთავარი თემაა შშმპ-თა ჩაგვრისგან დაცვა. ლიზა გურგენიძე ოჯახზე ემოციურად ძალადობდა. მან დაარღვია მოლაპარაკების პირობები და მოითხოვდა საცხოვრებლის დაცლას. მთავარი მოტივი ბავშვის დიაგნოზი გახლდათ. ეს კანონდარღვევაა და რეგულირდება ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ"კანონით.
ვაპირებთ, მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურება და დისკრიმინაციული მოპყრობის აღიარება. ეს შშმპ-ისა და ოჯახის ჩაგვრის პირველი საქმე იქნება, რომელსაც სასამართლო განხილვაში მიიღებს. იმედია, დადგება სამართლებრივი შედეგი და კანონდარღვევა დაფიქსირდება...
გენიოსი აუტისტი კიმ პიკი
როგორ აღიქვამენ აუტისტები სამყაროს?
სამყარო მათთვის ხალხისა და მოვლენების გროვაა, რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან. გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობითა და ინტელექტუალური უნარებით, თუმცა, გარე სამყაროსგან იზოლირების სურვილი მათ უმწეობას, დაუცველობასა და არაადეკვატურობას განაპირობებს. მათთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა მიუღებელია აშკარა გარეგანი გამაღიზიანებლების გამო - ბგერები, ხმაური და სუნი.
ცნობილია აუტისტი ადამიანი, რომელმაც მიაღწია უდიდეს პროფესიულ წარმატებას, იცოდა 9 უცხო ენა, მაგრამ ვერ ისწავლა მობილური ტელეფონით სარგებლობა, ამასთან, მუდმივად ტანჯავდა სუნი, რომელსაც მის გარდა ვერავინ გრძნობდა.
გენიოსი აუტისტის ტიპური მაგალითია 57 წლის კიმ პიკი, ბარი ლევინსონის ცნობილი ფილმის - "წვიმის კაცის" პროტოტიპი. მას დამოუკიდებლად არ შეეძლო ჩაცმა, სინათლის ანთება ან ჩაქრობა, სამაგიეროდ, 15 სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ისტორიაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, მათემატიკაში, სპორტში, განსაცვიფრებელ ცოდნას ამჟღავნებდა.
თორნიკე ყაჯრიშვილი