გიორგი ბეგაძე - ქართული რაგბის მეომარი
”თუ გინდა, რაგბის გემო გაიგო, ასეთი რამ თავად უნდა გამოსცადო!”
ქართველი მორაგბისთვის მოედანია ბრძოლის ველი, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მორაგბეები მზად იყვნენ, იარაღითაც ებრძოლათ სამშობლოს დასაცავად! ეს ნამდვილი ამბავია... მაგრამ არის სხვა ამბებიც - საქართველოს ნაკრების ჰავბეკის, გიორგი ბეგაძის ფოტოს, რომელზეც სამხედრო ფორმაში ჩაცმული მორაგბე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არის გადაღებული, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბეგაძე იმ დროს რეზერვისტი იყო და როცა სამშობლოს დასაცავად უხმეს, ოვალური ბურთი ავტომატზე გაცვალა. რეზერვისტებს საბრძოლო მოქმედებაში ჩართვა არ დასცალდათ და ბეგო ამ თემაზე ლაპარაკს ამიტომაც ერიდება - ომის დროს განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებიაო... მაგრამ მისი ომი დღესაც გრძელდება - საქართველოს ნაკრების ყოველი მატჩის დროს! განსაკუთრებული კი... გიორგი ბეგაძემაც და საქართველოს მთელმა ნაკრებმაც უკვე გააკეთეს - მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით, კიდევ უფრო მეტი ქომაგის გული და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიგეს!
- მსოფლიო თასზე მინიმუმ ორი მატჩის მოგებას და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვედრას ვგეგმავდით და შევძელით კიდეც. რაც შეეხება წაგებულ თამაშებს, ზელანდიას ღირსეულად ვეთამაშეთ, არგენტინასთან დიდი ანგარიშით წაგება კი, დაცვაში დაშვებული შეცდომების ბრალია. ტონგის დასამარცხებლად ორი წელი ვემზადებოდით და ამ გამარჯვებამ ენერგიის და ემოციისგან დაგვცალა. მოტივაცია არც არგენტინასთან გვაკლდა, მაგრამ სამხრეთამერიკელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ და შეცდომები არ გვაპატიეს... ნაკრების კაპიტნის და ლიდერის - მამუკა გორგოძის გაძევებამაც იმოქმედა გუნდზე. არგენტინის დონის გუნდთან ლიდერის გარეშე დარჩენილებს ფსიქოლოგიურადაც გაგვიჭირდა.
- ტონგასთან გამარჯვება ძალიან ემოციურად აღნიშნეთ, მაგრამ ზელანდიასთან ისტორიულ მატჩზე რას იტყვი?
- მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე, ჩვენს ”შესაშინებელ” ჰაკას შეასრულებდნენ ისეთი მორაგბეები, როგორიც არიან რიჩი მაკქოუ, დენ კარტერი, ვაისაკე ნაჰოლო, ჯულიან სავეა, სმითები და ა.შ. All Blacks-ის ყველა მოთამაშე მსოფლიო დონის ვარსკვლავია და უძლიერესი შემადგენლობითაც გვეთამაშნენ, მაგრამ ნამდვილად არ შეგვშინებია. პირიქით, ასეთ მოწინააღმდეგესთან თავის გამოჩენა ორმაგად სასახელოა და მგონი, ცუდად არ გვითამაშია. თანაც, იმ დღეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო და მთელი მსოფლიო გვიყურებდა. 76 000 მაყურებლის თვალწინ საოცარ ატმოსფეროში ღირსეულად ვეთამაშეთ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ამაზე დიდი ემოცია რა უნდა იყოს?! თუ გინდა, რაგბის გემო გაიგო, ასეთი რამ თავად უნდა გამოცადო! კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ რაგბი ჩვენი თამაშია!
- სარაგბო სამყაროში მსაჯის კრიტიკა მიღებული არ არის, მაგრამ საქართველო-ნამიბიის მატჩის არბიტრი მეტისმეტად უნამუსოდ მსაჯობდა!
- აშკარად ეტყობოდა, რომ არ სურდა საქართველოს გამარჯვება! ისეთი რაღაცები მოიგონა, შეუძლებელია, მოთამაშე გულნატკენი, ობიექტური მაყურებელი კი გაოცებული არ დარჩენილიყო. სირცხვილია, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთ მსაჯობას ხედავ! მე თუ მკითხავთ, საქართველო-ზელანდიის არბიტრსაც შეეძლო, შერკინებაში უფრო ობიექტურად ემსაჯა...
- ”მებრძოლი ომშიც და მოედანზეც!” - სოციალურ ქსელში ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოსურათს, რომელზეც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გიორგი ბეგაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არის აღბეჭდილი. მოედანზე რომ ბოლომდე იბრძვი, ყველამ ვიცით, მაგრამ ბრძოლამ რეზერვისტობის დროსაც მოგიწია?
- არც კი ვიცი, ვინ გადაიღო ან საიდან გავრცელდა ეს ფოტო... განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა - როცა აგვისტოს ომი დაიწყო, რეზერვისტი ვიყავი, გამოგვიძახეს და წავედით... რამდენიმე წლის შემდეგ ფოტო ვიღაცამ გაავრცელა სოციალური ქსელით და ამას მოჰყვა ინტერესი, თორემ ვიმეორებ, ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერია.
- თუმცა რაგბიც ხომ თავისებური ომია!
- მორაგბის ”იარაღი” თავდადებული ბრძოლა და გაუტეხელი ხასიათია! შენი ქვეყნის სახელით თამაშობ და ორმაგად მოტივირებული ხარ, რადგან შენი სამშობლოსთვის, გვერდით მდგომი მეგობრისთვის იბრძვი!