"მე და შენ ისევ აფხაზეთ-საქართველოს შორის გამოგონილი საზღვარი გვყოფს" - 14 წლის სალომეს ტკივილიანი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"მე და შენ ისევ აფხაზეთ-საქართველოს შორის გამოგონილი საზღვარი გვყოფს" - 14 წლის სალომეს ტკივილიანი ცხოვრება

"რა უსამართლობაა ეს ცხოვრება, მაინც დაგვტოვე... ჩემო ლამაზო გოგო, როგორ მიყვარხარ! მე შენთან ერთად ვიბრძოლე, მაგრამ დავმარცხდი, ისღა დამრჩენია მჯეროდეს, რომ სადღაც შორს აგრძელებ სიცოცხლეს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დაგვეხმარა სალომეს სიცოცხლის გადარჩენაში. დიდი მადლობა გერმანელ ქართველებს და რა თქმა უნდა, იაშვილის კლინიკის ექიმებს, რომლებმაც ბევრი იშრომეს სალომესთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად... ჩემო ლამაზო გოგო, აქ "ფეისბუკზე" ვწერ ჩემს სათქმელს, რომ ამოვიღო გულიდან ჩემი ტიკივილი, რადგან მე და სენ ისევ აფხაზეთ-საქართველოს შორის გამოგონილი საზღვარი გვყოფს..." - ეს სიტყვები მურო თაკალანძემ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. მან თავის უკიდეგანო ტკივილი ჩვენც გაგვიზიარა:

- მინდა მოგიყვეთ იატორია ჩემს პატარა მეგობარ სალომეზე...ბავშვობაში, ზაფხულობით დავდიოდი ბებოსთან და ბაბუსთან აფხაზეთში, გალის რაიონში. იქ ჩვენს მეზობლად ერთი უწყინარი ოჯახი ცხოვრობდა. მიუხედავად ბევრი გასაჭირისა, ბავშვები სულ მომღიმარი სახეებით მიმზერდნენ და მათთან ურთიერთობაც დიდი ბედნიერება იყო. მათ შორის იყო ერთი, ჩემთვის ყველასგან გამორჩეული სალომე, რომელმაც ჩემი ყურადღება მორიდებულობით და მუდმივად მომღიმარი სახით მიიქცია.

ნახევრად აფხაზ გოგონას არც ბევრი ლაპარაკი უყვარდა, არც ხშირი სტუმრობა, თუმცა ხანმოკლე ურთიერთობაშიც ახერხებდა უდიდესი სითბოს გადმოცემას.

მისი ცხოვრება ერთფეროვანი და ბინდისფერი იყო, მიუხედავად ამისა, სულ იღიმოდა და სიცილ-კისკისში აკეთებდა ბებიას მიერ დავალებულ საქმეებს. თუმცა თვალები, ხომ ადამიანის შინაგანი სამყაროს სარკეა, ის ხომ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ის სევდა და ტკივილი, რომელსაც თითოეული ადამიანი დაატარებს...

შეიძლება ითქვას, რომ რაც ფეხი აიდგა, მას შემდეგ უწევდა სოფელში მძიმე საქმეებს გამკლავებოდა, რადგან ბებია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა მის დახმარებას. ცხოვრებამ მას არ აცალა ბავშვობა და პირდაპირ ზრდასრულ ადამიანად გამოწვრთნა, რომელსაც შეეძლო ეზრუნა მისი მცირეწლოვანი და-ძმისთვის, ემუშავა, დაელაგებინა სახლი, ეზო, ამ ყველაფერთან ერთად ევლო სკოლაში... გადამწვარი სახლს და უამრავ პრობლემას ისიც დაემატა, რომ გოგონა დედამ მიატოვება, მალე ძმა გარდაეცვლა და უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრებას ეს ტკივილიც დაემატა…

მინდოდა რაღაცით დავხმარებოდი ამ ოჯახს. მახსოვს, საახალწლოდ ვაპირებდით საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აფხაზეთში მცხოვრები, ქართველი ბავშვების საახალწლო სურვილების ახდენას. შესაბამისად, დავაწერინეთ წერილები იქაურ ბავშვებს. წერილებიდან ერთ-ერთი ჩემთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო: "გამარჯობა თოვლის ბაბუ, მე სალომე ვარ აფხაზეთიდან. აქ ძალიან ცივა და მინდა ლამაზი ქურთუკი მქონდეს. თუ შეგიძლია გამომიგზავნე. მიყვარხარ. სალომე". ამ წერილმა ბევრ საკითხზე დამაფიქრა და მას შემდეგ, როდესაც რაღაცაზე ვწუწუნებ, ყოველთვის დისკომფორტს ვგრძნობ და ეს წერილი მახსენდება.

ახალ წელს ჩავედი აფხაზეთში, ჩავიტანე საჩუქრები და დავიბარე ბავშვები ჩემთან სახლში საჩუქრების გადასაცემად. მალევე ჟრიამულით შემოაღეს ჩვენი ეზოს კარები, თუმცა სალომე არ ჩანდა. ვკითხე ბავშვებს და მითხრეს, რომ მის მცირეწლოვნ დას უვლის და ერიდება მოსვლაო. მოგვიანებით მოვიდა, მცირეწლოვან დასთან ერთად. გადავეცი ორივეს კუთვნილი საჩუქარი. ძალიან მოეწონა ქურთუკი, გადამეხვია და მადლობა დამაბარა თოვლის ბაბუასთან, რომლებშიც ჩემი "ფეისბუკმეგობრებთან" მოიაზრებოდნენ. ასე ბედნიერად დავშორდით იმ დღეს ერთმანეთს.

ერთ დღეს დედაჩემს დაურეკეს აფხაზეთიდან და უთხრეს, რომ სალომე ცუდად იყო და თბილისში მოჰყავდათ სამკურნალოდ, მოგვიანებით კი ამ ზარს მეორე ზარი მოჰყვა, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას ლეიკემია ჰქონდა. რაც იმ დროს შემეძლო მისთვის ეს იყო "ფეისბუკზე" ინფორმაციის დადება, რადგან ვიცოდი, რომ ამ დაავადების დამარცხებას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა. ჩემს პოსტს მალევე მოყვა გამოხმაურება, ინფორმაციამ საზღვრებიც გადალახა და გერმანიამდეც მიაღწია. დიდი მხარდაჭერა გაუწიეს სალომეს, როგორც მორალურად ასევე ფინანსურადაც. ვიფიქრე, რომ ცხოვრებაში ერთხელ მასაც გაუმართლა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ დღესაც მიტხრეს, რომ სალომე ექიმმა შინ გაწერა, რადგან მდგომარეობა უკვე უიმედო იყო…

იმ დღესვე, ისე წაიყავნეს ჩემი პატარა მეგობარი გალში, რომ ნახვაც ვერ მოვასწარი. მალევე მან დატოვა ეს წუთისოფელი. წავიდა, ალბათ განაწყენებული ამ სამყაროზე, იმდენი განსაცდელი და სირთულე რომ არგუნა... მითხრეს, რომ ბოლო წუთამდე იღიმოდა, არ კარგავდა იმედს… სჯეროდა, რომ იცოცხლებდა, მაგრამ...

სალომე სულ რაღაც 14 წლის იყო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)