" ვერ ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემ თავზე" - ზაალ უდუმაშვილის უარი "რუსთავი2"-ის დროებით მმართველობაზე - კვირის პალიტრა

" ვერ ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემ თავზე" - ზაალ უდუმაშვილის უარი "რუსთავი2"-ის დროებით მმართველობაზე

"როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ისე, რომ მასზე ჩემი ხელმოწერა არ იყო?"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანიის დროებით მმართველობაზე უარს ამბობს. ამასთან, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, საჯარო რეესტრში დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც დავითა დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა, მას გადასცეს ტელეკომპანიის მართვის უფლება, უდუმაშვილის ხელმოწერა არ ყოფილა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა ტელეკომპანიის მართვის უფლება ზაალ უდუმაშვილს გადასცეს

ზაალ უდუმაშვილი:

"როგორც ვხედავთ, სიურპრიზები ხელისუფლების მხრიდან არ მთავრდება და დასასრული არ უჩანს ამ პროცესს. ერთი საათის წინ ჩვენ სრული აბსურდი მოვისმინეთ იმ ე.წ. დროებითი მმართველებისგან, რომლებიც თამაზ ურთმელიძემ დაუნიშნა "რუსთავი 2"-ს. პირველ რიგში, მე მაინტერესებს როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები განხილვის თემა – ვადასტურებ, რომ დავით დვალთან შეხვედრა შედგა მისივე ინიციატივით, რომელზეც მე გავაცანი ჩემი პოზიცია და კარგად ავუხსენი, რომ ეს არის ხელისუფლების წარმოებული ბრძოლა, რომელშიც ის წარმოადგენს ამ ბრძოლის იარაღს. მას ჰქონდა თავისი პოზიცია. ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევჯერდით პოზიციებზე. მისი ბოლო წინადადება ასეთი იყო – ხომ არ დავთანხმდებოდი დროებით მმართველობას, რათა კომპანია გადაგვერჩინა, რაზეც ჩემგან თანხმობა დავით დვალს არ მიუღია.

დღეს მოვისმინე ის, რაც მოვისმინეთ. მე მაინტერესებს როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ისე, რომ მასზე ჩემი ხელმოწერა არ იყო? მე გავიარე იურისტებთან კონსულტაცია და ვიცი, რომ ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის უკანონო.

მე ვარ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მაქვს კონკრეტული ფუნქციები. ვხელმძღვანელობ არხის საინფორმაციო პოლიტიკას. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ვერც ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემ თავზე ვერასოდეს, ვინაიდან ამას შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება სჭირდება".