"ჩვენი იმპერატორად ქცეული "პლასტელინი" - აქვს კი მთავრობას პრეზიდენტის გამოსახლების უფლება?! - კვირის პალიტრა

"ჩვენი იმპერატორად ქცეული "პლასტელინი" - აქვს კი მთავრობას პრეზიდენტის გამოსახლების უფლება?!

"მარგველაშვილის სასახლიდან გამოყვანა ისეთივე შეცდომა იქნება, როგორც მისი პრეზიდენტად "დანიშნვნა"

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ პრეზიდენტს მოუწევს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება, სურს ეს მას თუ არა, კვლავაც განხილვის თემად რჩება.

იურისტების ნაწილის აზრით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის, ან აღნიშნული შენობის სხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის გადაცემის თაობაზე მთავრობის შესაძლო გადაწყვეტილება და შესაბამისი სამართლებრივი აქტი, სავარაუდოდ, უკანონო იქნება.

"სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ანხორციელებს. ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, მას ინდივიდუალური აქტის გამოცემა მოუწევს.

ამასთანავე, არსებობს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულება, რომლითაც განსაზღვრულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი და მასში პირდაპირ წერია, რომ ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1, საფოსტო ინდექსი – 0103.

"ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებასა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ნორმატიული აქტებთან შედარებით. შესაბამისად, ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოყვანის თაობაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტი, პრეზიდენტის ბრძანებულებასთან წინააღმდეგობაში მოვა და შესაძლოა მისი კანონიერების საკითხი სამართლებრივი დავის საგანი გახდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან სამართლებრივი დავის შესაძლებლობას კანონი სავარაუდოდ მთავრობასაც ანიჭებს. საქმე ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, განსაზღვროს ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი, თუმცა პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციის ადგილმდებარეობის განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არაფერი წერია. შესაბამისად, თუკი მთავრობა გადაწყვეტს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს და ამისთვის იურიდიული საფუძვლების ძებნასაც დაიწყებს, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და პრეზიდენტის №963 ბრძანებულების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის საკითხი არკვიოს.

ივანიშვილის ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას საინტერესოდ გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ექსმინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს:

"კიდევ ერთხელ ვერ გავიგე რა საჭიროა ხან "ნაცების სხვერპლად ქცევა, ახლა კიდევ მარგველაშვილისა.. უკვე ვთქვი და ვიმეორებ, სასახლე ამერიკელების მიერ, ომის შემდეგ ბიუჯეტში გადმორიცხული მილიარდის უდიდესი ნაწილით და გრანდუოზულად (თუ უფრო სწორედ "გიგანტომანიურად"- რაზედაც მიშას უნდა მოეთხოვოს პასუხი ) აშენებულია. გვინდა არ გვინდა, მოგვწონს არ მოგვწონს (მე პირადად უფრო ათონელის შენობა მომწონს) ის სახელმწიფოს სიმბოლოდ იქცა და ამისი უკუქცევა არ იქნება ! მარგველაშვილის სასახლიდან გამოყვანა ისეთივე შეცდომა იქნება, როგორც მისი პრეზიდენტად შერჩევა და "დანიშნვნა".

საკმარისია დაითვალოს მოკრძალებულად (და ქვეყნის ეკონომიურ მდგიმარეობის შესაბამისად) პრეზიდენტის დღევანდელ საქმიანობისთვის საჭირო ფართობი და დანარჩენ გამოუყენებელ ნაწილში შეიყვანონ სხვა სამინისტრო(ები), რომელთაც უფრო სჭირდებათ უცხო სტუმრების გამასპინძლება... მისაღებ დარბაზებს საერთო მოხმარებისთვის გამოიყენებენ, ხარჯები დაიყოფა და უფრო ეფექტურად იქნება სახელმწიფო ქონება გამოყენებული ... ავცდებით სკანდალს და ამ საკითხით უცხოელებს ვერ შეაცოდებს თავს და ვერ "შეაშფოთებს" ჩვენი იმპერატორად ქცეული "პლასტელინი".