საქართველოს ცნობილი მწერალი ემი იტერანტა ეწვევა
26 ნოემბერს ცნობილი ფინელი მწერალი, მსოფლიო ბესტსელერის ,,წყლის საიდუმლოს“ ავტორი, ემი იტერანტა საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მწერლის ქართველ მკითხველთან შეხვედრა.
ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი ,,წყლის საიდუმლო“ გამომცემლობა „პალიტრა L“-მა ივნისში წარუდგინა მკითხველს. წიგნს უდიდესი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა. პირველივე კვირაში გაიყიდა ასეულობით ეგზემპლარი და თინეიჯერული პროექტის Liberteens-ის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
ბესტსელერის ავტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იქნება სხვადასხვა თემაზე. მისული სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როდის და რატომ გადაწყვიტა მწერალმა მხატვრულ ლიტერატურაში ძალების მოსინჯვა; ზოგადად, როგორია თანამედროვე ფინური ლიტერატურა; რა იდეალები, პრობლემები, მიზნები თუ მისწრაფებები ამოძრავებს როგორც მწერლობას, ისე იმ საზოგადოებას, რომლის ანარეკლიც ბუნებრივად აისახება ხოლმე ლიტერატურაში; შეიტყობენ მისი ნაწარმოებების შესახებ საინტერესო ისტორიებს.
მსოფლიოში აღიარებული ფინელი მწერალი, ემი იტერანტა დაიბადა 1976 წელს. ამჟამად ცხოვრობს ლონდონში, წერს ერთდროულად ორ, ფინურ და ინგლისურ ენაზე. აქვს მაგისტრის ორი ხარისხი. „წყლის საიდუმლო“ მისი სადებიუტო წიგნია, რომელიც 2012 წელს გამოიცა და უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით თინეიჯერი მკითხველის მხრიდან. წიგნი უკვე 20 ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართულად. მსოფლიო მასშტაბით უკვე გაყიდულია 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
ამ ხნის მანძილზე ემი იტერანტას ,,წყლის საიდუმლოს“ პუბლიკაციებით გამოეხმაურნენ მსოფლიო პრესის წამყვანი გამოცემები.
ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი ,,გარდიანი“ წერს:
”ამ სამწერლო დებიუტის და თავად მწერლის სახელს კიდევ არაერთხელ გავიგონებთ, რადგან მისი კალმის წვერი უაღრესად აქტუალური თემების გარშემო ლამაზად მოძრაობს”.
New York Times - “წყლის საიდუმლო” ემოციების აღმძვრელი მორალური კვლევაა, რომლის მთავარ ინტრიგას სიყვარულის, არჩევანისა და ადამიანთა მიერ დატოვებული კვალის ურთიერთქმედება წარმოადგენს. აქ საუბარია ეთიკური ხასიათის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ადამიანი იღებს მოსალოდნელი შედეგების მიუხედავად”.
Washington Post Book World -,,იტერანტას ლირიკული სტილით მოთხრობილი ეს საინტერესო ამბავი, დაგანახებთ ბუნების სიყვარულისა და ძველი ტრადიციების ძალას.”
Publishers Weekly - ,,ეს წიგნი მტვრიანი სამყაროს გამოცდაა, სადაც შეუპოვარი იმედის სხივი ჯერ კიდევ არსებობს. ეს ნორიას გმირობის ისტორიაა.”
Kirkus Review- ,,წიგნი, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრება შეცვალოს.”
ქრისტინე გამთენაძე