"გოდრეძი ჩოხელის წინათგრძნობა დღეს მწარე რეალობაა" - დავეხმაროთ დაცლის პირას მყოფი გუდამაყრის ხეობის სკოლას
"ჯერ კიდევ წლების წინ გრძნობდა და სტკიოდა გოდერძი ჩოხელს თავისი გუდამაყარი. განიცდიდა, როგორ ნელ-ნელა იწირავს ქალაქი სოფელსო. მისი წინათგრძნობა დღეს მწარე რეალობაა… ხშირად ვიხსენებ მეზობლებს, თანასოფლელებს. ზოგი გადასახლდა, ზოგიც გარდაიცვალა და ამ მოგონებებით ვცხოვრობ... ჩემი კარის მეზობელი ძია ვანო სამამულო ომის მონაწილე იყო, ბევრ რამეს მიყვებოდა, იმასთან მენატრება საუბარი... კიდევ კარგი, შუქი გვაქვს და ტელეფონიც იჭერს...
ხშირად გავყურებ გზას და ვნატრობ, ნეტა ვინმე გამოჩნდეს-მეთქი, მაგრამ თვეები ისე გადის, ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ვერავის ვხედავ…" - ყვება "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სოფელ ჩოხს შემორჩენილი ერთადერთი ოჯახის უფროსი ნუგაზრ წიკალური.
დღეს კი გვეძლევა საშუალება, რომ გუდამაყარის ხეობას შემორჩენილ თოთო-ოროლა მაცხოვრებელს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოვუჩინოთ. იქნებ, ხეობის გამგარებისთვის ჩვენს მიერ გაღებული მცირე წვლილი ისეთ დიდ სიკეთეთ იქცეს, რომელიც ამ ულამაზეს მხარეს კვლავაც ააჟრიამულებს...
14 ნოემბერს, 15 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში( სამების ტაძარი) გაიმართება საქველმოქმედო გუდამაყრული პოეზიის საღამო.
საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, თავმასი ჩოხელი და სხვა... საღამოზე გოდერძი ჩოხელისა და მამუკა წიკლაურის ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები და ასევე დედაქალაქში სტუმრად მყოფი გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები. საღამოზე მუსიკალურად გაფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები. ასევე შეგროვდება წიგნები სასაკოლო ბიბლიოთეკისათვის. რვეულები, საწერი კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები, რომლებიც გამოადგებათ გუდამაყრის სკოლის ბავშვებს. ეს ყველაფერი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიტანოთ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის(სამების ტაძარში)ოთახში, სადაც ფილმის ჩვენებები იმართება ხოლმე. საღამოს მსვლელობისასა დარბაზში იქნება შესაწირის ყუთი. შეგროვილი თანხით გუდამაყრის სკოლის მოსწავლეებისთვის საღამოს ორგანიზატორები საჭირო ნივთებს შეიძენენ.
ვისაც გიყვართ და გული შეგტკივათ მთაზე და გუდამაყრის ხეობაზე, მიიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში, ცალ-ცალკე ნაკლებად, მაგრამ ერთად ყველას შეგვიძლია დავეხმაროთ დაცლის პირას მყოფ ხეობას შემორჩენილ ბავშვებს, რომლებიც ამ ხეობის ხვალინდელი დღეა.