"ტერორისტები ყვიროდნენ, რაც თქვენ სირიელებს გაუკეთეთ, ახლა სამაგიეროს გიხდითო"
რას ჰყვებიან თვითმხილველები პარიზში მომხდარი სასტიკი ტერაქტების შესახებ
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ყოველ წუთს იცვლება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 150-მდე ადამიანი. ტერაქტის თვითმხილველი ადამიანები მედიასთან მომხდარს იხსენებენ:
"ყველგან გარდაცვლილები"
ჟულიენ პირსი რადიო "ევროპა პირველი"-ს ჟურნალისტი ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სროლა ატყდა.
"საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული კაცი შემოვიდა. 2-3 კაცს ნიღაბი არ ეკეთა, კალაშნიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები ეჭირათ და ბრმად ისროდნენ ხალხში. იმ ადგილიდან, საიდანაც სროლა დაიწყო, მე შორს ვიყავი. ტერორისტები ბალკონიდან ისროდნენ. ყველა იატაკზე დაწვა, მათ შორის მეც, ასეთი მდგომარეობა თითქოს უსასრულოდ გრძელდებოდა. ეს იყო უკიდურესად სასტიკი და ხალხში პანიკა ატყდა. მსროლელებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ იარაღი მინიმუმ სამჯერ გადაეტენათ. ტერორისტები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ყველგან სისხლი იყო, ცოტა ხანში რამდენიმე პოლიციელი შემოვიდა და ყველას გაქცევისკენ მოგვიწოდა".
იხილეთ ფოტოგალერეა: სასტიკი ტერაქტების სერია პარიზში
"მაგიდის ქვეშ დავიმალეთ, რომ გადავრჩენილიყავით"
ბენ გრანტი მეუღლესთან ერთად ბარში იყო, როცა სროლა ატყდა. მისი თქმით, უცებ 6-7 ადამიანი ძირს დაეცა: "მანქანიდან ისროდნენ.
საკმაოდ საზარელი სანახაობა იყო. საშინელება ხდებოდა, მე ბარის უკანა მხარეს ვიყავი. სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი დავინახე. სროლის ხმა გავიგე, ხალხი მიწაზე იწვა, მაგიდის ქვეშ დავიმალეთ, რომ გადავრჩენილიყავით".
"მატჩი გრძელდებოდა, თითქოს არაფერი მომხდარა"
ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტი ტერაქტის დროს პარიზის "სტად დე ფრანსის" სტადიონზე იმყოფებოდა.
"ყველა სტადიონისკენ გარბოდა. არ ვიცოდით რა ხდეებოდა, გარედან ორჯერ გავიგეთ საშინელი აფეთქების ხმა. ნახევარი საათის შემდეგ სტადიონის თავზე ვერტმფრენი დაფრინავდა. მატჩი ისე გრძელდებოდა, თითქოს არაფერი მომხდარა.ყველაფერს "ტვიტერით" ვიგებდით, ისიც კი, რომ თურმე პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სტადიოიდნა უცებ გაიყვანეს, მაგრამ ჩვენ ვერ დავინახეთ როგორ დატოვა მან სტადიონი. გამოაცხადეს, რომ სტადიონი სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთის გასასვლელებიდან უნდა დაგვეტოვებინა".
"თითქოს ვიღაცამ ფეირვერკი გაუშვა"
ჯონათან ჰილი: "ბანკომატიდან თანხა გამომქონდა, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზიდან 50 მეტრით ვიყავი დაშორებული. როდესაც თანხა ავიღე, იარაღიდან გასროლის ხმა გავიგე სამჯერ. გასროლა ფეირვერკის ხმას ჰგავდა. ამ დროს დავინახე კაცი, რომელიც კავკასიელს ჰგავდა და ყველას მოუწოდებდა რესტორინიდან გამოსვლას, რომ გადარჩენილიყვნენ. უცებ ისევ გასროლის ხმა გავიგე და დავინახე ბატაკლანის კიბეებზე როგორც დაეცა ვიღაც".
"ორი შეშლილი ისროდა"
ბატაკლანის ტერაქტს გადარჩენილი:
"დავინახე ორი შეშლილი ადამიანი, რომელიც ყველას ესროდა. ტერორისტები ყვიროდნენ, "რაც თქვენ სირიელებს გაუკეთეთ, ახლა სამაგიეროს გიხდითო". ირგვლივ ყველგან მიცვალებული იყო. ერთ-ერთმა ბიჭმა ტერფში დამჭრა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ამდენი მკვდარი ადამიანი არ მინახავს, საშინელება იყო".
"გოგონა მკვდარი იყო"
პიერ მონტფორტი, რესტორან "კამბოჯაში" მომხდარი ტერაქტის თვითმხილველი:
"გავიგეთ სროლის ხმა, რომელიც 30 წამს გრძელდებოდა, ხმები დაუსრულებლად ისმოდა და გვეგონა ვიღაცამ ფეირვერკი გაისროლა. დავინახე ბიჭი, რომელცას მკვლავებში ეწვინა გოგო და მორბოდა. გოგონა მკვდარი იყო".