"ეს თავდასხმები მხოლოდ შტორმის შესავალია" - "ისლამური სახელმწიფო" საფრანგეთს აფრთხილებს
"ასაფეთქებელ ქამრებში გახვეულმა 8 ძმამ მიზანში ამოიღო საფრანგეთის დედაქალაქის გული"
"ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო
ტელეგრაფის ინფორმაციით "ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ფრანგულ და არაბულენოვან განცხადებების მიხედვით, თავდასხმები პასუხი იყო წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფაზე და საფრანგეთის მხრიდან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებზე. განცხადებაში პარიზი პროსტიტუციის, უხამსობისა და ევროპის ჯვაროსნული მოძრაობის დედაქალაქად არის მოხსენიებული. ფრანგულენოვან განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მიზანი იყო "მინიმუმ 200 გვამი."
განცხადებაში თავდასხმები შემდეგნაირად არის აღწერილი: "ასაფეთქებელ ქამრებში გახვეულმა 8 ძმამ მიზანში ამოიღო საფრანგეთის დედაქალაქის გულში სპეციალურად შერჩეული ადგილები, მათ შორის სტადიონი, სადაც იმართებოდა გერმანელი და ფრანგი ჯვაროსნული გუნდების თამაში და ფრანსუა ოლანდიც იმყოფებოდა."
"ისლამური სახელმწიფო" იმუქრება, რომ საფრანგეთი მთავარ სამიზნედ დარჩება, სანამ ის არ შეწყვეტს მუსლიმების წინააღმდეგ ჯვაროსნულ კამპანიას, თავდასხმები კი მხოლოდ შესავალია იმ შტორმისა, რაც გაფრთხილებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მოხდება: "დაე, იცოდეს საფრანგეთმა და მათ ვინც პარიზის ქუჩებში დადის, რომ ისინი დარჩებიან "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ სამიზნედ და სიკვდილის სუნი არ მიატოვებს მათ, სანამ არ შეწყვეტენ ჯვაროსნულ კამპანიას.. ხალიფატის მიწაზე მუსლიმების წინააღმდეგ გამოყენებული თვითმფრინავები, ვერ დაეხმარება მათ პარიზის ქუჩებში."
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნული თავდასხმები საომარ ქმედებად შეაფასა, რომელიც ორგანიზებული და დაგეგმილი იყო ქვეყნის გარედან. ოლანდის თქმით, საფრანგეთი "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილ ამ "ბარბაროსულ" ქმედებებს დაუნდობლად და შეუბრალებლად უპასუხებს როგორც სამშობლოში, ასევე ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე.
საფრანგეთის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები იმართება მთელ მსოფლიოში. ნიუ-იორკში ათასობით ამერიკელი შეიკრიბა ლოზუნგით "ნიუ-იორკი პარიზია". საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად მსოფლიოს უდიდესი ქალაქების მთავარი შენობები ფრანგული დროშის ფერებში განათდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით პარიზზე სისხლიანი თავდასხმების შედეგად 128 ადამიანია დაღუპული, ხოლო 200 ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით გადანაწილებულია პარიზის ჰოსპიტალებში. ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაღუპულთა ზუსტი ვინაობა.
მოამზადა ნატო მუჯირიშვილმა